შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ღამეს უნივერსიტეტის შენობაში ათევენ – ისინი ყველა სტუდენტს და ახალგაზრდას მოუწოდებენ, ერთად გააპროტესტონ გაყალბებული არჩევენბი.
როგორც ბსუ-ს სტუდენტი, მათე ცენტერაძე ამბობს, ისინი არ აპირებენ გაჩერებას და უწყვეტ რეჟიმში გააგრძელებენ პროტესტს.
”ყველა სტუნდეტს და ახალგაზრდას მოვუწოდებთ, ჩაერთონ ამ პროცესში, ჩვენ ვაპროტესტებთ გაყალბებულ არჩევნებს, წართმეულ მომავალს, იმ რუსულ კანონთან ერთად, რომელიც არ შეცვლილა. არცერთ არჩევნებს არანაირი მნიშვნელობა არ ექნება “ოცნების“ ხელში, ცესკოს ხელში, ის დემოკრატიული არჩევანი, რომელიც გავაკეთეთ, “ქართულმა ოცნებამ“ წაგვართვა.
დღეს ჩვენ ვრჩებით, უწყვეტ რეჟიმში ვაპირებთ გავაპროტესტოთ ეს ყველაფერი. ჩვენ ღამის განმავლობაში ვიქნებით ჩვენი ქვეყნის, ხმების და ევროპული მომავლის გუშაგები.
მოვუწოდებ ყველას, ხვალ 18:00 საათზე შემოგვიერთდნენ უნივერსიტეტის ეზოში, ჩვენთან ერთად გააპროტესტონ ის უმსგავსობა, რაც “ოცნებამ“ ჩაიდინა“, – განაცხადა მათე ცენტერაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროტესტია. ბსუ-ს სტუდენტები უნივერსიტეტში შეიკრიბნენ და ახალი მოძრაობა – „გუშაგები“ დააფუძნეს.
ისინი აცხადებენ, რომ „ბრძოლა გრძელდება“ და არ აპირებენ შეეგუონ არჩევნების გაყალბებას.
დღის პირველ ნახევარში ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ფოიეში ადგილი ჰქონდა დაპირისპირებასაც – იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ლევან ჯაყელი იმ სტუდენტებს დაუპირისპირდა, რომლებიც სტუდენტებს პროტესტისკენ მოუწოდებდნენ.