ლექსო ლაშქარავას წინააღმდეგ ჩადელ ძალადობაში მხილებული მსჯავრდებულების ნაადრევ გათავისუფლებას, საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე ეხმაურება და წერს, რომ იმ მუხლზე, რომლითაც მოძალადეები სასჯელს იხდიდნენ, ამნისტია წესით არ უნდა გავრცელებულიყო.
“დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლექსო ლაშქარავას წინააღმდეგ ჩადენილ ძალადობაში მხილებულმა მსჯავრდებულებმა ციხე დატოვეს.
სასამართლო მათ მიმართ გამოყენებულ სანქციაში ისედაც ლმობიერი იყო და საქმის განხილვისას მოუხსნა ერთი მუხლი, რომელიც უფრო მძიმე სანქციას ითვალისწინებდა. ამის გამო მათ ციხე 2025 წლის ზაფხულში უნდა დაეტოვებინათ.
იმ მუხლზე, რომელზეც სასჯელს იხდიდნენ, ამნისტია წესით არ უნდა გავრცელებულიყო. საინტერესოა, სხვა რა საფუძვლით მიიღეს მათ შეღავათები. ამ კითხვით საჯაროდაც მივმართავთ სასჯელაღსრულების დეპარტამენტს და დამატებით წერილობითაც მივწერთ.
ევროკავშირში გაწევრიანების ერთ-ერთი პირობა 5 ივლისის მოვლენების სრული გამოძიება იყო და არა უკვე დასჯილი პირების შეღავათები. ძალადობის ორგანიზატორები ისევ დაუსჯელები არიან.” – წერს ნონა ქურდოვანიძე.
შეგახსენებთ, დღეს გახდა ცნობილი, რომ ჟურნალისტებზე მოძალადე, რადიკალური პრორუსული დაჯგუფების წევრი დავით კუტალაძე სხვა მოძალადეებთან ერთად ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.