უკან დასახევი არ გვაქვს, ამ ყველაფერს გადავტეხთ და ისევ ვიქნებით თავისუფალი და წარმატებული ქვეყანა – სააკაშვილი

ყველა ერთად ამ ყველაფერს გადავტეხთ და ისევ ვიქნებით თავისუფალი და წარმატებული ქვეყანა, როგორც ვიყავით 9-წლიანი საამაყო “ოქროს ხანის” დროს  – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, “ივანიშვილი არის დიქტატორი, ვინც ყველაფერზე წამსვლელი და ყველაფრის მკადრებელია.“

ათასობით ადამიანი, ათასობით ქართველი ჩააგდეს უბედურებაში. მრავალი ათასი ადამიანი დადიოდა ერთი ადგილიდან მეორეში და თქვენს ხმას იპარავდა. ის კაცი, დიქტატორი, ვინც არჩევნები “გადაგახიათ”, ყველაფერზე წამსვლელია და ყველაფრის მკადრებელია. ყველა წითელი ხაზი გადალახულია. რა ევროპაზე ვსაუბრობთ?! ჩვენთან არის შუა აზიური რუსული ტიპის დიქტატურა. თავი ავწიოთ მაღლა, ერთიანობა და ერთიანობა. არანაირი უკან დახევა. ჩვენ უკან დასახევი არ გვაქვს, პრაქტიკულად სამშობლო დავკარგეთ. ყველა ერთად ამ ყველაფერს გადავტეხთ და ისევ ვიქნებით თავისუფალი და წარმატებული ქვეყანა, როგორც ვიყავით 9-წლიანი საამაყო “ოქროს ხანის” დროს, რომელიც საქართველოში იყო“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ამასთან, მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში მას არ ჩამოუყვანია და მისი პრეზიდენტად მოსვლის დროს ის უკვე საქართველოში, საკუთარ სასახლეში ცხოვრობდა.

“მე არ ჩამომიყვანია ივანიშვილი, ამას მაინც ნუ შემომტენით, შევარდნაძის დროს ჩამოვიდა, მე რომ მოვედი პრეზიდენტად, უკვე ის სასახლე დამთავრებული ჰქონდა და იქ იყო მომჯდარი“, –თქვა სააკაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share