კლარა გურგენიძე უსაზღვრო გულისტკივილი. . .ქართულ პედაგოგიურ საზოგადოებას კიდევ ერთი ღირსეული, სხვათაგან გამორჩეული პედაგოგი გამოაკლდა. გარდაიცვალა პროფესიაზე უსაზღვროდ შეყვარებული, უანგარო პედაგოგიური ნაღვაწით დამშვენებული უდიდესი პასუხისმგებლობისა და მაღალი ინტელექტის მქონე, ქართული სიტყვიერების მადლის გამზიარებელი, უნიჭიერესი და უსაყვარლესი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი კლარა გურგენიძე. იგი ათეული წლების მანძილზე შინაარსიანი, მაღალპროფესიული ღვწით, ულევი ცოდნით ატარებდა საქართველოს სიყვარულის გაკვეთილებს, უზრდიდა მამულს “გულანთებულ, გონებაგახსნილ თაობას”, შთააგონებდა ღვთივკურთხეული მამულის ერთგულებას, ზრუნვას. ხელიხელსაგოგმანებლად წარმოაჩენდა ნანინანატრ ქართულ კლასიკურ მწერლობას, ნიადაგ უქადაგებდა “მამულისა ჩვეულებრივ სლვას”. მისეული ცოდნით აკვალიანებდა ახალგაზრდა კოლეგებს. მის მიერ მომზადებული ღონისძიებები გამოირჩეოდა აკადემიურობითა და ორიგინალობით. საოცრად უყვარდა ახალგაზრდა კოლეგებთან მუშაობა, მათთვის სიახლეების წარმოჩენა, რის გამოც დააფუძნა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა კლუბი “მთიები”, რითაც მასწავლებლები ერთ გუნდად ჩამოაყალიბა, გამოცდილება და ურთიერთსიყვარული ჩაუნერგა მათ. უკვალოდ არ ჩაუვლია თქვენს ნაღვაწს, ნაშრომი ბევრჯერ დაგიფასდათ ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის სახალხო განათლების წარჩინებულის წოდება მოგანიჭეს, მიღებული გაქვთ მადლობის ბარათები, ქების სიგელები,. რაც მთავარია აღზრდილები სულიერ მეგობრად მიგიჩნევენ. ჩვენში გაზაფხული შემოვიდა-და თქვენ მარადისობაში შეაბიჯეთ-დასანანია, რომ ვერ მოგილოცეთ 3 მარტი- დედისა და შენი დაბადების დღე. გვენანებით, გემშვიდობებით ქართული ენის უბადლო მასწავლებელს, საუკეთესო მეგობარს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს თქვენი სული.
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაცია.