რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელიასგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.
გავრილოვი ფორმულასთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ის მელიას არ იცნობს, ხოლო მისი საკითხი თავად “ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს”.
“ცხოვრებაში არ მინახავს ნიკა მელია. მას საერთოდ არ ვიცნობ. მის მიმართ რაიმე ზომის მიღება ჩემი გადასაწყვეტი არაა. ნიკა მელიას მიმართ წყენა საერთოდ არ მაქვს. მაგრამ მიმაჩნია, რომ საქართველოს წინაშე თუ რამე ჩაიდინა, საქართველომ უნდა გადაწყვიტოს მისი საკითხი. ნიკა მელიამ ბოდიში უნდა მომიხადოს პირადად მე. ბოდიში უნდა მოუხადოს ასამბლეას, რადგან ეს იქნება ფორმა თქვენი ქვეყნის იმიჯის აღსადგენად”, – განაცხადა სერგეი გავრილოვმა.
გავრილოვის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია უკვე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელმა ქართულ ოცნებას პოლიტიკური რეპრესიების გასაგრძელებლად დირექტივა მისცა.
2019 წლის 20 ივნისს რუსი კომუნისტი დეპუტატი სერგეი გავრილოვი საქართველოს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში ეწვია და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა. ამას მასშტაბური პროტესტი მოჰყვა, მრავალათასიანი საპროტესტო აქცია ხელისუფლებამ ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით დაარბია.