ეკა ბესელია: ნებისმიერ ბრძოლაში სალომე ზურაბიშვილის გვერდით ვიქნები!

ნებისმიერ ბრძოლაში სალომე ზურაბიშვილის გვერდით ვიქნები! – ამის შესახებ პარტია ,,სამართლიანობისთვის ” ლიდერმა, ეკა ბესელიამ “ტვ პირველს” განუცხადა, რითაც ოპოზიციის შეთავაზებას გამოეხმაურა, რომლებიც თვლიან, რომ პრეზიდენტმა ათონელის რეზიდენცია 29 დეკემბრის შემდეგაც არ უნდა დატოვოს.

ბესელია, რომელიც სალომე ზურაბიშვილის აქტიური მხარდამჭერი და თანამებრძოლია, ამბობს, რომ პრეზიდენტი ყველას აზრს ისმენს და გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში გამოაცხადებს.

მისი თქმით, აქცენტების გაკეთება შენობასთან დაკავშირებით ლეგიტიმაცია-არალეგიტიმაციის საკითხს , აბსოლუტურად არ ნიშნავს:

თანამებრძოლეები ვართ, თანამოაზრეები და სადაც არ იყოს ის, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და მე ვიქნები, რა თქმა უნდა, მის გვერდით ნებისმიერ ბრძოლაში იმიტომ, რომ ეს ძალიან საჭირო და ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესია საქართველოსთვის. მე უფრო მგონია, რომ პრეზიდენტი გასცდა რაღაც პარტიულ ფორმატს და ის არის დღეს სახალხო პრეზიდენტი, ამიტომ მთლიანად ამ პროცესის ლიდერი უნდა იყოს.

მგონია, რომ ახლა აქცენტების გაკეთება შენობასთან დაკავშირებით, სასახლესთან დაკავშირებით, აბსოლუტურად არ ნიშნავს ლეგიტიმაცია არალეგიტიმაციის საკითხს იმიტომ, რომ ამავე ლოგიკით უნდა წარმოვიდგინოთ, რომ აქ რომ შემოვიდეს მიხეილ ყაველაშვილი უცებ ლეგიტიმური გახდება, არა. ამიტომ პრეზიდენტი დარწმუნებული ვარ, რომ  მაინც ბოლო მომენტში მიიღებს ამ გადაწყეტილებას და ყველას უსმენს, მაგრამ თავად იფიქრებს და იტყვის შემდეგ სად სჯობს, რომ გაარძელოს მან ეს პროცესი, მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით, მაინც მისი ლეგიტიმურობა იმდენად მაღალია ხალხში,სანდოობა, რომ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ მისი სასახლე იქნება ახლა ხალხთან ერთად”- თქვა ეკა ბესელიამ.

გუშინ, 25 დეკემბერს საქართველოს პრეზიდნეტი, სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრიდან გამოსულმა ოპოზიციონერმა, პარტია “ხალხისთვის” ლიდერმა, ანა დოლიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ოპოზიციამ ფიზიკური მხარდაჭერა გამოუცხადა სალომე ზურაბიშვილს და მზადყოფნა აღუთქვა, რომ ისინი 29 დეკემბრის შემდეგ მასთან, სასახლეში დარჩებიან.

23 დეკემბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ 29 დეკემბრის შემდეგ იქნება “პრეზიდენტი თავისი სიმბოლიკით, თავისი დატვირთვით, თავისი დამოუკიდებლობით”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share