რა ქმნის თქვენს ოპტიმიზმს, რომ საქართველოში მოვლენები ვერ გაყვება ბელარუსის სცენარს? – ეს კითხვა დაუსვა შტატებში მყოფ წამყვანმა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, რომელმაც American Enterprise Institute-ში დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.
კითხვა: როცა მე გასული წლის სექტემბერში თბილისში ვიყავი, ჩვენ გვქონდა საუბარი არსებულ მდგომარეობაზე და თქვენ იყავით ოპტიმისტურად განწყობილი. ამბობდით, რომ საქართველო არასდროს გახდება ბელარუსი. გასულ კვირას ყოფილ პრემიერ-მინისტრს თავს დაესხნენ ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული პირები. ვინც პროტესტს გამოხატავდა, ისინი დააკავეს. ფრიდონ ბუბუტეიშვილი, რომელიც აგენტების კანონს აპროტესტებდა 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. რა ქმნის თქვენს ოპტიმიზმს, რომ მოვლენები ვერ გაყვება ბელაურისს სცენარს?
სალომე ზურაბიშვილმა წამყვანს უთხრა, რომ საქართველოს საზოგადოება ბელარუსის საზოგადოებისგან განსხვავებულია, თუმცა მანვე აღნიშნა, რომ რეაქცია და პასუხი ხალხსი პროტესტზე არის ისეთი, როგორიც აქვს პუტინს რუსეთში და ბელარუსის ლიდერს.
პასუხი: ჩვენი საზოგადოება ბელარუსის საზოგადოებისგან განსხვავებულია. ჩვენ 2 თვეა ვხედავთ, რომ საზოგადოება პასუხისმგებლიანი და ორგანიზებულია ამ წინააღმდეგობრივ მოძრაობაში, რომლის გაჩერებას არ აპირებს. მეორე მხრივ, რეაქცია და პასუხი ამ პროტესტზე არის ისეთი, როგორიც აქვს პუტინს რუსეთში და ბელარუსის ლიდერს. მეთოდები ერთნაირია ყველგან, სადაც პუტინი რუსული რეჟიმის დამყარებას ცდილობს. თუმცა მე არ ვფიქრობ, რომ შედეგი იგივე იქნება. დღეს მთავრობა არის იზოლაციაში, მათ არ აქვთ პოლიტიკა რეპრესიის გარდა, რაც არ არის რეალურად ეფექტური და შედეგის მომცემი. მათ არ აქვს არანაირი პოლიტიკა გარდა დაკავებისა, რეპრესიისა და ყველა აქტივისტის გასამართლებისა. რეალურად მთავრობა პარალიზებულია. და ჩვენნაირ პატარა ქვეყანაში როცა არ ხარ აღიარებული, არ გაქვს ლეგიტიმაცია, ხარ იზოლაციაში, არ იღებ არანაირ მხარდაჭერას, რეალურად არაფერი დაგრჩენია. ჩვენ გვემუქრება ეკონომიკური, ფინანსური კრიზისები, რაც ტურიზმს უკვე დაეტყო. ამიტომ რესურსი არ არსებობს”, – განაცხადა პრეზიდენტმა.