“იმედი ძალიან დიდი მამოძრავებელი ძალაა, როგორც – სიბრაზე”
“ადამიანურად ძალიან გულდასაწყვეტი და უსიამოვნო ფაქტია, თუმცა მეორე მხარეს იმდენად დიდი რამ დგას, შეუძლებელია, მიმდინარე მოვლენებს უდარდელად უყურო”, – ამბობს მსახიობი ანა ტყებუჩავა, რომელიც სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო (9 იანვარს გზის გადაკეტვის გამო) და 5 000 ლარით დააჯარიმა.
”გამეცინა, რომელი პოლიტიკური ინტერესის მქონე ადამიანი მე მნახეს, არასდროს არც ერთ პოლიტიკოსთან გადაკვეთა არ მქონია. ეს იყო რიგითი მოქალაქის პროტესტი. მე იმ ადამიანების გვერდით ვდგავარ, ვისაც საკუთარი ქვეყნის ბედი ადარდებთ. იქ შეიძლება ბევრი ადამიანი ერთმანეთს სულაც არ ეთანხმებოდეს რიგ საკითხებში, ყველაფერში ერთ აზრზე არ იყოს, მაგრამ ესეც ჯანსაღი და ნორმალური პროცესია. სამაგიეროდ, მთავარზე თანხმდებიან, რომ ამ ქვეყანას ევროპული მომავალი არავინ უნდა წაართვას. უნდა გავიზიაროთ ის სტანდარტები და გამოცდილება, რომელიც ევროპულ ქვეყნებს უკვე გავლილი აქვთ იმისთვის, რომ საკუთარი მოქალაქეებისთვის უკეთესი პირობები შეექმნათ.
ადამიანის უფლებების დაცვა მხოლოდ ლამაზი სიტყვები ხომ არ არის? ამაში უმნიშვნელოვანესი აზრია, როგორც ბავშვს ოჯახში მშობლის იმედი აქვს, ისე უნდა ჰქონდეს მოქალაქეს საკუთარი სახელმწიფოს და კანონის იმედი და ამით უნდა იყოს დაცული. კანონი თუ არ იკანონებს, მაშინ შევიდეთ მღვიმეებში და ცხოვრება იქ გავაგრძელოთ, ხელში კომბლებით, ეს ხომ ჯოჯოხეთია.
ვინც გედავება, მან უნდა დაამტკიცოს, რომ შენ დამნაშავე ხარ. მეორე მხრიდან არაფერი იყო დამამტკიცებელი, რომ რუსთაველი მე გადავკეტე.
ისე მოხდა, რომ სამუშაო დროზე ადრე დავასრულე, 8 საათი იქნებოდა, რუსთაველზე რომ მივედი, არწივის ქანდაკების ქვემოთ ვიდექი და ნაცნობებთან ერთად ვსაუბრობდი. ტროტუარზე ბევრი ხალხი იყო, მაგრამ არა – იმდენი, რომ სავალი გზა გადაკეტილიყო. ციოდა, ახლობლებთან ერთად კაფეში, ყავის დასალევად შევედი. იქ ვისაუბრეთ, ბევრნი ვიყავით, ყველა სხვადასხვა დროს გამოვიდა, დაახლოებით ერთი საათი იყო გასული, მე რომ გამოვედი. გამზირისკენ რომ გავიხედე, გადაკეტილი იყო. იმ დღეებში, საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქციები ტარდებოდა, მოქალაქეები იქიდან მოდიოდნენ რუსთაველზე და ხშირად მათი რაოდენობა იმდენად დიდი იყო, გზა იკეტებოდა. აღმოჩნდა, რომ ამ დღეს სხვა მარში იყო, რომელმაც შეავსო რუსთაველის გამზირი, მერე ტროტუარზე მყოფი ადამიანებიც მათ შეუერთდნენ. როდესაც პოლიციელები მანქანებში ჩასხდნენ და გავიდნენ, მეც გამზირზე გადავედი და დავდექი. მანამდე ტროტუარზე მეგობრებთან ერთად საკმაოდ დიდხანს ვიდექი, პოლიციაც იდგა, მართალია, ჩვენგან რამე სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია, მაგრამ მათ კარგად დაგვიმახსოვრეს, დროის გამოთვლით იფიქრეს, რომ ჩვენ გადაკეტვის დროსაც იქ ვიქნებოდით და პროცესზეც თქვეს – სავარაუდოდ, იქ იქნებოდითო. არც სიტყვის “სავარაუდოდ” გამოყენებას მორიდებიან. მტკიცებულება, გადაკეტვიდან დაახლოებით 15 წუთის შემდეგ გადაღებული ვიდეო იყო, რომელშიც ჩანს, რომ რუსთაველზე მშვიდად ვდგავარ, ჩემს მეგობრებთან ერთად.
– მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებთ?
– როგორც ვიცი, ჯერ თანხა უნდა გადაიხადო და შემდეგ ხდება გასაჩივრება. ეს პირველი გამოცდილებაა, თეო ზაქარაშვილია ჩემი ადვოკატი და მინდა მას მადლობა გადავუხადო. რაღაც ეტაპებია გასავლელი.
– თავად ეს ფაქტი თქვენთვის რას ნიშნავს?
– ახალი არაფერია, ფიქრობენ, რომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანი დააშინონ, დაადარდიანონ, ანერვიულონ… ხომ იციან, რომ ქვეყანაში ფინანსური კრიზისია უმეტესობისთვის. გარკვეული რაოდენობა კი კარგად ცხოვრობს, კარგად უნდა იყვნენ, მაგრამ სამართლიანად, როგორც ეკუთვნით. ყველამ იცის, დღეს რა არის მსახიობის ხელფასი სახელმწიფო თეატრში, ან როგორი ჰონორარებია სხვა პროექტებში. მსახიობმა რამდენი თვე უნდა იშრომოს და რამდენი ღამე უნდა ათიოს, ეს თანხა რომ გამოიმუშაოს. იციან ეს სადაც ურტყამს, ამ გაჭირვებაში ხომ ეს ქვეყანა მათ მიიყვანეს.
– აქციებზე ისევ დადიხართ?
– რა თქმა უნდა, შესაძლებლობა თუ მაქვს, მივდივარ.
– ამ აქციებიდან რა შედეგს ელოდებით?
– აუცილებლად გვჭირდება ძლიერი და გაერთიანებული ოპოზიცია, ძალიან კარგი გუნდი უნდა შეიკრას, ახალი პოლიტიკური სახეებით დაკომპლექტებული, რომლებიც მხოლოდ ქვეყნის სიყვარულით იმოქმედებენ, ადამიანების კეთილდღეობაზე იზრუნებენ.
– ჩვენს რეალობაში ამის რესურსს ხედავთ?
– ალბათ ამას დროს სჭირდება, იმაზე მეტი ვიდრე 2-3 თვეა. ეს რთული პროცესი იქნება, ახლა მსოფლიოშიც დიდი გადაწყობა ხდება.
ჩვენ ჩვენი “ომი” გვაქვს მოსაგები. ნამდვილი ომისგან ღმერთმა დაგვიფაროს.
არ მომწონს, ადამიანებს უსამართლოდ რომ ექცევიან, იჭერენ, ურტყამენ…
ეს ვისი სახელითაც არ უნდა იყოს, ყოველთვის დასაგმობი უსამართლობა იქნება. იმედი ძალიან დიდი მამოძრავებელი ძალაა, როგორც – სიბრაზე. თურმე ჩვენს ქვეყანას ძალიან ბევრი სიბრაზის მოთმენა შეუძლია. პოლიტიკა მე არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ გაჭირვებულ და დაჩაგრულ ადამიანს მხარში უნდა ამოუდგე, დანარჩენი ვინც იცის, იმან უნდა აკეთოს.”- აცხადებს ტყებუჩავა.