Amnesty International-ის რეგიონული დირექტორი საქართველოზე – ბევრი პარლამენტი გვინახავს, რომელიც დრაკონულ კანონებს იღებს, მაგრამ, არ მახსოვს მენახოს პარლამენტი, რომელიც ამას ამ მასშტაბით და ასე მოკლე დროში აკეთებს

ბევრი პარლამენტი გვინახავს, რომელიც დრაკონულ კანონებს იღებს, მაგრამ, არ მახსოვს მენახოს პარლამენტი, რომელიც ამას ამ მასშტაბით და ასე მოკლე დროში აკეთებს, – ამის შესახებ Amnesty International-ის რეგიონულმა დირექტორმა დენის კრივოშეევმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, შემაშფოთებელია იმის ნახვა, როგორ ამკაცრებენ წესებს, რომელიც ისეთ რაღაცას არეგულირებს, როგორც საჯარო სივრცეა და ხალხის უფლება, პროტესტის და სიტყვის თავისუფლებით ისარგებლოს.

„ჩვენ ამ რეგიონის შესახებ ვმუშაობთ და ბევრი პარლამენტი გვინახავს, რომელიც დრაკონულ კანონებს იღებს, მაგრამ, არ მახსოვს მენახოს პარლამენტი, რომელიც ამას ამ მასშტაბით და ასე სწრაფად, მოკლე დროში აკეთებს. საქართველოს ხელისუფლება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ისე უდგება, როგორც რაღაცას, რაც მას შეუძლია გადაწყვიტოს: როდის შეუძლია ხალხს მისი გამოყენება და როდის – არა. ეს ახალი კანონმდებლობაც მსგავსია. ისინი ზღუდავენ მშვიდობიანი პროტესტის უფლებას, გამოხატვის უფლებას. ჩვენ ვიხილეთ თავდასხმები მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე და ყველაფერი, რაც მათ სურვილს ეწინააღმდეგება, რომ საჯარო სივრცის გაკონტროლება შეძლონ, როგორც ჩანს, თავდასხმის სამიზნე ხდება. გვაშფოთებს იმის ნახვა, როგორ ამკაცრებენ წესებს, რომელიც ისეთ რაღაცას არეგულირებს, როგორც საჯარო სივრცეა და ხალხის უფლება და შესაძლებლობა, პროტესტის და სიტყვის თავისუფლებით ისარგებლოს. ახლა კი ვხედავთ გაზრდილ ჯარიმებს, რომელიც აკრძალვებს უკავშირდება, რომლებიც თავადაა შერჩევითი და ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს. ვხედავთ, როგორ ზრდიან და აფართოებენ ამ დრაკონული წესების მასშტაბს და მათ გამოყენებას“,- განაცხადა დენის კრივოშეევმა.

მან ისაუბრა აქციაზე დაკავებულების შესახებ და განაცხადა, რომ დაკავებულებს სამართლიანი სასამართლოს უფლება წართმეული აქვთ, „პოლიციას კი ხელისუფლება ახალისებს“.

„როდესაც ადამიანები ქუჩაში გადიან, მათ აქვთ უფლება, იქ იყვნენ. ისაუბრონ. პოლიცია და ხელისუფლება ამას განსხვავებულად უდგება. ისინი თავისი შეხედულებით ასხვავებენ ავტორიზებულ და არაავტორიზებულ პროტესტს და როცა გადაწყვეტენ, რომ ადამიანები იქ არ უნდა იყვნენ, ამას ისე უდგებიან, როგორც უკანონო შეკრებას. ადამიანების დაკავება ასეთ გარემოებებში შერჩევითია. ეს კანონის და ადამიანის უფლებების არსის საწინააღმდეგოა, მაგრამ პოლიცია ამას მაინც აკეთებს და აკეთებს სისასტიკით. ამას აკეთებენ იმ მიზნით, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოაგროვონ ქუჩებიდან და მათ უხეშად ექცევიან. მათ ვინც ამას აკეთებს და მათ, ვინც ამის ბრძანებებს გასცემს, პასუხი უნდა აგონ. ახლა ეს არ ხდება. ამას ვერ ვხედავთ. ამგვარად, ამ ძალადობის მასშტაბი და სიმძიმე შემაშფოთებელია. ნამდვილად ვხედავთ ტენდენციას, უპირველესად, ეს დაპატიმრებული ხალხი დემონსტრანტებს შორის შერჩევითადაა დაკავებული. არ არსებობს განსხვავება იმ ხალხს შორის, ვინც თუნდაც ძალადობდა ან კანონს გადააბიჯა და ვინც იქ უბრალოდ ადგილზე იყო. მის შემდეგ, რაც პოლიცია აკავებს, მათ უხეშად ექცევიან. მიჰყავთ პოლიციის განყოფილებებში და შემდეგ უარს ეუბნებიან ადვოკატებთან კონტაქტზე. შემდეგ სასამართლო პროცესები ძალიან სწრაფად ტარდება, როდესაც მოსამართლეები ისმენენ პოლიციელების ჩვენებს დაკავებულთა მხრიდან შესაძლო დანაშაულების შესახებ და იღებენ ამას როგორც დადასტურებულ ფაქტს. პარალელურად ვხედავთ ბევრ მტკიცებულებას, დოკუმენტს იმისა, რომ პოლიცია დემონსტრანტებს სცემს, მათ უხეშად ექცევა. ცხოვრებას ურთულებს ბევრი სხვადასხვა გზით, იქნება ეს მათი დაკავება, საკვებზე უარის თქმა, აყვანის ადგილზე შორს გათავისუფლება, ბევრი კი, რაც ყველაზე შემაშფოთებელია, საერთოდაც საავადმყოფოში აღმოჩნდა, და ეს ერთი ან ათეულობით შემთხვევა არაა, საგულისხმო რიცხვებზეა საუბარი. ადამიანს აპატიმრებენ მხოლოდ იმიტომ, რომ მათ განსხვავებული ხმა აქვთ. ეს კი მიუთითებს, რომ ეს არის წინასწარ განზრახული პოლიტიკა იმისა, რომ დემონსტრანტებს გამორჩეულად უხეშად, ძალადობრივად მოექცნენ, მათ კი ვინც ამას აკეთებს, იციან, რომ თავისი ქმედებებისთვის არ დაისჯებიან“,- განაცხადა დენის კრივოშეევმა.

მისივე თქმით, ძალადობის გამოძიებასთან დაკავშირებით ახლა სამართლიანობის იმედი მცირეა.

„ამ ძალადობის გამოძიება ხელისუფლებას აკისრია. ისინი თავად სჩადიან ამ დანაშაულს, ასე რომ, ახლა სამართლიანობის იმედი მცირეა. მაგრამ, ისტორია აქ არ მთავრდება. ხედავთ მათ, ვინც მშვიდობიან დემონსტრანტებს უპირისპირდება და ერთხელაც, მათ მოუწევთ იმაზე პასუხისგება, რასაც აკეთებენ“,- განაცხადა კრივოშეევმა.

რაც შეეხება „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეს, კრივოშეევის თქმით, ეს აჩვენებს, რომ „ხელისუფლებას განზრახული აქვს ყველას აჩვენოს, თუ რა სისასტიკით მოექცევა ნებისმიერ პროტესტს“.

მისივე თქმით, ხელისუფლება და პოლიცია ჟურნალისტებს თავს იმიტომ ესხმის, რომ მას საფრთხედ აღიქვამს.

„უეჭველია, რომ ჟურნალისტები ის ჯგუფია, რომლის საქმიანობასაც პოლიცია და ხელისუფლება საფრთხედ ხედავს იმისთვის, რასაც აკეთებენ, ამიტომ თავს ესხმიან მათ. მიზანში იღებენ უფრო ხშირად, ვიდრე სხვა ხალხს. ჟურნალისტების დაკავება თუ დაჯარიმება შერჩევითია. არავის უნდა მოეპყრონ ასე, მაგრამ ჟურნალისტები ნამდვილად ყველა შემთხვევაში არიან იდენტიფიცირებულნი და მიზანში ამოღებულნი. ისინი მოდიან კამერებით და მიკროფონებით და ამბებით, რომლის გაზიარებასაც მთელი მსოფლიოსთვის ცდილობენ“,- განაცხადა კრივოშეევმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share