კადიროვის სახოტბო კომენტარებს ინტერნეტში ბოტები შეამოწმებენ

ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის პოსტების ქვეშ გამოქვეყნებულ სახოტბო კომენტარებს ბოტები შეამოწმებენ. ამის შესახებ Kavkaz.Realii-ს რეგიონის ერთ-ერთი სკოლის ხელმძღვანელობამ განუცხადა და განათლების მართვის რეგიონული დეპარტამენტის წყარომ დაუდასტურა.

უფრო კონკრეტულად კი, აღნიშნული ღონისძიება საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა „მუშაობის“ ეფექტურობის მონიტორინგის მიზნით ხორციელდება.

ანონიმური წყაროების ცნობით, ამისთვის ელექტრონული ფორმების სახით შეაგროვეს საჯარო მოხელეების სახელები და გვარები, ტელეფონის ნომრები, ფსევდონიმები და ასევე, ტელეგრამის არხებსა და ინსტაგრამში მათი საიდენტიფიკაციო მონაცემები.

„ბოტი დაითვლის, თუ ვინ და რა სახის კომენტარი დატოვა, ამასთან, უბრალო „სმაილები“ სათვალავში არ მიიღება. ხოლო თავად კომენტარი უნდა შედგებოდეს სულ მცირე სამი და მეტი სიტყვისაგან. ასევე, არ მიიღება კომენტარები, თუ  პუბლიკაციის შემდეგ 24 საათი იქნება გასული“, – აღნიშნა თანამოსაუბრემ და დასძინა, რომ  ბოტების მიერ შეგროვებული კომენტარები რესპუბლიკის ხელმძღვანელობას გადაეგზავნება.

მანამდე რამზან კადიროვის პოსტების ქვეშ ჩეჩნეთის პედაგოგებს სახოტბო კომენტარების დაწერა დაავალეს. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ჩეჩნეთის ლიდერმა განაცხადა, რომ „სოციალურ ქსელებში იკლო აქტიურობამ“. მანამდე  თანამშრომლები ჩატარებული სამუშაოს შესახებ ანგარიშს ე.წ. სკრინშოტებით აბარებდნენ.

pia.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share