ცნობილი წყვილების 7 წერილი, რომელიც გრძნობების ფურცელზე გადმოტანას მოგანდომებთ

ადამიანები საკუთარი გრძნობების გამოხატვას საუკუნეების განმავლობაში ხელნაწერ სასიყვარულო წერილებს ანდობდნენ. ასეთი წერილი შეყვარებულების დამაკავშირებელი ხიდის ფუნქციას ასრულებდა. თანამედროვე ტექნოლოგიების დამსახურებით, დღეს საყვარელი ადამიანებისგან სულ რაღაც ერთი შეტყობინება თუ ზარი გვაშორებს, ამიტომ გრძნობების გამოსახატად ბევრი ფიქრი, მელნის ყიდვა, კონვერტის ცვილით დალუქვა და პასუხის ლოდინში თეთრად გათენებული ღამეები საჭირო აღარაა.

მიუხედავად ამისა, ციფრული ეპოქის მიერ თითქმის მთლიანად შთანთქმულ ხელნაწერ სასიყვარულო წერილებში განსაკუთრებული ხიბლის პოვნა დღესაც შესაძლებელია. ხშირად გულწრფელ ემოციებს ყველაზე კარგად ბუმბულითა და მელნით შესრულებული სიტყვები გადმოსცემს, რომელიც გულიდან ადრესატის ცრემლმორეულ თვალებამდე უზარმაზარ გზას გადის. შეიძლება, ხელნაწერი წერილის მთავარი ჯადოსნობა ის დრო და რესურსია, რომელსაც მის შესაქმნელად ვხარჯავთ.

თუ სასიყვარულო წერილის ხელით დაწერის აუცილებლობაში ჯერ კიდევ ვერ დაგარწმუნეთ, გთავაზობთ ამონარიდებს ცნობილი ადამიანების გამორჩეული წერილებიდან, რომლებიც საქმეს ჩემ მაგივრად გააკეთებენ:

1. ფრანც კაფკას წერილი ფელის ბაუერს

ფოტო: Biblioklept

“შენს წერილს ვპასუხობ, შემდეგ ლოგინში ვწვები. ვცდილობ, სიმშვიდე შევინარჩუნო, მაგრამ გული ისე მიცემს, მისი ხმა ჩემს მთლიან სხეულს ესმის და ის მხოლოდ შენ აღგიქვამს. მე შენ გეკუთვნი — სათქმელს ამაზე უკეთესად ვერ გამოვხატავ, თუმცა არც ესაა საკმარისად ძლიერი”.

2. ფრიდა კალოს წერილი დიეგო რივერას

ფოტო: Gamma Keystone/Getty Images

“შენ აქ ხარ, ხელშეუხებელი, მთელი სამყარო, რომელსაც ჩემი ოთახის სივრცის ფორმა მივეცი. შენი არყოფნა საათის წიკწიკისა და სინათლის პულსაციის თრთოლის წყაროა… შენს სხეულს ვეალერსები. წუთით შენთან ვარ, წამით — საკუთარ თავთან. ჩემი სისხლი ის სასწაულია, რომელიც ჩემი გულიდან შენს გულამდე ჰაერის სისხლძარღვებში ჩქეფს”.

3. ილია ჭავჭავაძის წერილი ოლღა გურამიშვილს

ფოტო: ნატო ფირცხალავა/საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

“დაილოცა ის საათი, როცა მე შენ შეგხვდი. ღმერთმა უშენოდ ერთი საათიც ნუ მაცოცხლოს. ან რატომ უნდა ვიცოცხლო უშენოდ. მე ხომ ცხოვრება და მისი აზრი მას შემდეგ გავიგე, რაც შენ შეგიყვარე… უშენოდ ვერ ვიცოცხლებ, თუნდაც მინდოდეს. ცხოვრება ხომ ჩემთვის არსებითად შენა ხარ, ხოლო ცხოვრების გარეშე შეიძლება სიცოცხლე? ტყუილად კი არ გიწოდებ ჯადოქარს: თვით ჯადოქრობას მთელი თავისი ძალით არ შეეძლო ის გაეკეთებინა, რაც შენ ჰქმენ, ჩემო მშვენიერო და კეთილო გენიავ!”

4. გალაკტიონის წერილი ოლია ოკუჯავას

ფოტო: დავით შუღლიაშვილის ფოტოკოლექცია/საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

“ოლკინ, მითხარი, გიყვარვარ ძველებურად? მე მგონია, არა! ჩემგვარი კაცი განა შეიძლება ვისმეს უყვარდეს? დადებითად ძლიერი ჩემში არაფერი არ არის. რომ ვიყო ბაირონი, ლერმონტოვი, გიოტე… მაშინ შემიყვარებდნენ. მე კი ისეთი პატარა და დაწვრილმანებული კაცი ვარ.. მაგრამ არაფერია! შენ ის მითხარი, გიყვარვარ ძველებურად? მე კი ისევ ძველებურად, გაგიჟებით და დიდი სიყვარულით მიყვარხარ!”

5. ჯონ კიტსის წერილი ფანი ბრაუნს

“ჩემმა სიყვარულმა ეგოისტად მაქცია. შენ გარეშე არსებობა არსებობა არ შემიძლია – ყველაფერი დამვიწყებია, შენი ხელახლა ხილვის გარდა. ჩემი სიცოცხლე თითქოს აქ შეწყდა – მომავალს ვეღარ ვხედავ. აწმყოში თავს ისე ვგრძნობ, თითქოს ვიშლები. შენი ხელახლა ხილვის იმედის გარეშე ყოფნა მამწუხრებს. შენგან განშორება მაშინებს. შენგან შთანთქმული ვარ. წამებული ვიქნებოდი ჩემი რელიგიისთვის. სიყვარულია ჩემი რელიგია. მისთვის მოვკვდებოდი — შენთვის მოვკვდებოდი”.

6. ვიტა სეკვილ-უესტის წერილი ვირჯინია ვულფს

ფოტო: Getty Images

“იმაზე მეტად მენატრები, ვიდრე მეგონა, არადა შენს მოსანატრებლად მზად ვიყავი… წარმოუდგენელია, რამდენად აუცილებელი გახდი ჩემთვის. ვიცი, მიჩვეული ხარ ადამიანებისგან მსგავს სიტყვებს. წყეულიმც იყავ, გათამამებულო არსებავ! გრძნობების ამგვარად გამხელით ჩემს თავს უფრო მეტად ვერ შეგაყვარებ, მაგრამ, ძვირფასო, არ შემიძლია, შენს ირგვლივ ჭკვიანურად და გულცივად მოვიქცე: მაგისთვის ზედმეტად მიყვარხარ. ზედმეტად გულწრფელად”.

7. ჯონი კეშის წერილი ჯუნ კარტერს

ფოტო: Bettmann/Getty Images

“ჩვენ ვბერდებით და ერთმანეთს ვეჩვევით. ერთნაირად ვფიქრობთ. ერთმანეთის აზრებს ვკითხულობთ. ორივე ჩვენგანმა კითხვის გარეშე ვიცით, მეორეს რაც უნდა. ხანდახან ერთმანეთს ვაღიზიანებთ კიდეც. შესაძლოა, ხანდახან ერთიმეორეს არც ვაფასებთ. დროგამოშვებით, მაგალითად, დღევანდელ დღეს, ღრმად ჩავფიქრდები და ვაანალიზებ, რამდენად იღბლიანი ვარ, რომ ჩემს ცხოვრებას ყველაზე საუცხოო ქალთან ერთად ვატარებ. შენით დღემდე მონუსხული ვარ, შთამაგონებ. შენ უკეთესს მხდი. მინდიხარ. ჩემი არსებობის უმთავრესი მიზეზი ხარ. ძალიან მიყვარხარ”.

on.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: