აშშ-ის და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ამერიკულ მხარეს ესმის მათი არგუმენტები და ეთანხმება უკრაინის შეთავაზებებს. მან პრეზიდენტ დონალდ ტრამპს “შეხვედრის კონსტრუქციულობისთვის” მადლობა გადაუხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა თანხმდება აშშ-ის შეთავაზებას, სრულად შეწყდეს ცეცხლი 30 დღით ფრონტის მთელ ხაზზე და ამბობს, რომ “აშშ-მა უნდა დაარწმუნოს რუსეთი, ეს გააკეთოს”.
“ჩვენი შეთავაზება ამერიკელებთან შეხვედრაზე იყო სამი რამ: სიჩუმე ცაში – რაკეტები, ბომბები, დრონები, სიჩუმე ზღვაში და რეალური ზომები ნდობის დასამყარებლად, პირველ რიგში – ტყვეების გათავისუფლება. ამერიკულ მხარეს ესმის ჩვენი არგუმენტები და ეთანხმება შეთავაზებას, მადლობა პრეზიდენტ ტრამპს შეხვედრის კონსტრუქციულობისთვის. დღეს აშშ-მა წარმოადგინა კიდევ უფრო ფართო შეთავაზება, რომ ვცადოთ ცეცხლის სრულად შეწყვეტა 30 დღით, არა მხოლოდ რაკეტების, დრონების და ბომბების, არა მხოლოდ შავ ზღვაში, არამედ ფრონტის მთელ ხაზზე.
უკრაინა იღებს ამ წინადადებას, მას პოზიტიურად მივიჩნევთ, მზად ვართ ამ ნაბიჯისთვის. აშშ-მა უნდა დაარწმუნოს რუსეთი, ეს გააკეთოს. ჩვენ თანახმა ვართ და თუ რუსეთიც დათანხმდება – ამ მომენტში სიჩუმე იმუშავებს. დღევანდელი საუბრის მნიშვნელოვანი ელემენტია აშშ-ის მზაობა, განაგრძოს უკრაინის თავდაცვისთვის დახმარება, სადაზვერვო მონაცემების ჩათვლით. უკრაინა მზად არის მშვიდობისთვის. რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების მზაობა, ან განაგრძოს ომი. სრული სიმართლის დროა. მადლობა ყველას, ვინც უკრაინას ეხმარება”, – ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.