“პოლიტიკური შეკვეთა გაფორმდა… “ოცნების” მესიჯია, რომ ვიდრე ხელისუფლებაში არიან, სააკაშვილმა დღის სინათლე არ უნდა ნახოს” | ბასილაია

მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ბექა ბასილაია ოლიგარქის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ “პოლიტიკური შეკვეთა გაფორმდა”.

ბასილაიას თქმით, “ქართულ ოცნების” მესიჯია, რომ ვიდრე ხელისუფლებაში არიან, მიხეილ სააკაშვილმა დღის სინათლე არ უნდა ნახოს”.

“სასამართლოს როცა ვუსმენთ და მოჰყავს არგუმენტები, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, სასამართლო საუბრობს საქმის მაქსიმუმ 10%-ზე და საქმის 90%-თან დაკავშირებით განმარტება არ მოგვისმენია, თუნდაც ბრონირებული ავტომობილების ხარჯზე. როცა ამბობს, რომ 9 მილიონი გაიფლანგა, პრეზიდენტის უსაფრთხოების მიზნებისთვის როცა ხდება ბრონირებული ავტომობილის ქირაობა, ეს არ არის უსაფრთხოების ღონისძიება? როცა ის საუბრობს, თითქოს პირად ხარჯებს ჰქონდა ადგილი, დონალდ ტრამპის, ჰილარი კლინტონის, ჯო ბაიდენისა და სხვათა გამასპინძლება პირადი ხარჯია? ასე უსასრულოდ, ძალიან ბევრი შეგვიძლია გავაგრძელოთ. მათ შორისაა მრავალრიცხოვანი ოფიციალური ღონისძიების საკითხი, როცა, მაგალითად, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, სხვადასხვა მეზობელი ქვეყნიდან სტუმრობდა დელეგაცია საქართველოს და ამ დელეგაციებისთვის იყო გაწეული ხარჯი. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილება არის ივანიშვილის მიერ გაცემული დაკვეთის შესრულება“, – აღნიშნა ბასილაიამ.

შეგახსენებთ, რომ ოლიგარქის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს ე.წ. პიჯაკების საქმეზე 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share