გაერთიანება პრეზიდენტ ზურაბიშვილის ირგვლივ – სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები დიდ ერთობას ელოდებიან. მათი თქმით, სწორედ ერთობის არარსებობა ქმნის პრობლემებს.
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები დარწმუნებულები არიან, რომ ყველაფერი ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე გადაწყდება.
“31 მარტი ძალიან მნიშვნელოვან თარიღად შეიძლება, ჩაიწეროს“, – ამბობენ ისინი.
ამ ქვეყანაში ყოველთვის არსებობდა ერთობის პრობლემა. ერთობის არარსებობა ქმნის ყველა პრობლემას. თუ ეს შესაძლებლი გახდა და დარწმუნებული ვარ, უნდა გახდეს, 31 მარტი ძალიან მნიშვნელოვან თარიღად შეიძლება, ჩაიწეროს კიდევ ერთხელ კონკრეტულ მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით. ისე, ვიცით, რომ ძალიან დიდი დღეა, რეფერენდუმის დღეა, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღი იქნება ამავდროულად, ერთობა შეიკვრება, რუსთაველი გაივსება ამ ერთობით და აუცილებლად გავა ჩვენი ქვეყანა სამშვიდობოს და ჩვენი მიზნები შესრულდება ისე, როგორც ხალხის დაკვეთაა და ჩვენი დაკვეთაა სწრაფი ცვლილებები. ასე გაგრძელება არ შეიძლება, ასე ვკარგავთ ქვეყანასაც და ვკარგავთ ევროპულ და ყველანაირ მომავალს ამ ქვეყნისას, – ამბობს ზურა ცეცხლაძე.
აუცილებლად, მე პირადად ჩემს სამ შვილთან ერთად ვიდგები აქციაზე და აქციაზე დგომა არის სავალდებულო. ჩვენი ე.წ. მთავრობა დაყრუვდა, დაბრმავდა, ისე იქცევიან, რომ ვერ ხედავენ, მაგრამ ჩვენ უნდა დავანახოთ მთელ მსოფლიოს, ეს ბევრჯერ გაგვიკეთებია და კიდევ ერთხელ უნდა დავანახოთ და კიდევ გაათასმაგებული ძალით უნდა გავაკეთოთ ეს ყველაფერი. თუ საჭირო იქნება და იტყვიან, რომ მოდით, დავრჩეთ მთელი ღამე, მთელი დღე, მე მზად ვარ, ჩემი სამი შვილით ქუჩაში ვიდგე-ამბობს ვეფხია კასრაძის მეუღლე.
რა გეგმა აქვს საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს? კითხვას პასუხი 31 მარტს საპროტესტო აქციაზე გაეცემა. “პირველების” ინფორმაციით, ამ დღეს სალომე ზურაბიშვილის გვერდზე პროდასავლური ოპოზიციის ის ლიდერები იდგებიან, ვინც ერთიანი ფრონტის ფარგლებში აპირებენ, ქვეყანა ახალ საპარლამენტო არჩევნებამდე მიიყვანონ. ცნობილია, რომ პროდასავლური ძალები ზურაბიშვილთან ერთად დასავლელ და ევროპელ პარტნიორებს შეხვდებიან და ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით იმსჯელებენ.