“ვინც “ოცნებას” ამ სახედრულ სიჯიუტეში ხელს უწყობს, რეალურად მათი მტერიცაა და საქართველოსიც”-ზურაბ გურული

მოკლედ რომ გავაანალიზოთ ყველაფერი ის, რაც ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში მოხდა, აღმოვაჩენთ რომ ყველაფერი მწყობრი ლოგიკის მიხედვით განვითარდა და ვითარდება, გარდა ოვალურ ოფისში უკრაინის პრეზიდენტის გაუთვლელი და მოულოდნელი ემოციურობისა. დანარჩენი ყველა ისე მოიქცა, როგორც უნდა მოქცეულიყო თავიანთი ფსიქოტიპების შესაბამისად და სიტუაციაც ზუსტად ისე ვითარდება, როგორც მოსალოდნელი იყო.
კერძოდ:
ამერიკა – პრეზიდენტს ესმის, რომ ომიდან უკრაინის წაგებით გამოსვლა მისი პირადი ფიასკო იქნება; ამიტომ ემოციები პრიორიტეტების მიხედვით დაალაგა და უკრაინის პრეზიდენტს ახალი შანსი მისცა. დაუფასა უკრაინელებს სწრაფი მონანიება.
რუსეთი – რა თქმა უნდა, ნებისმიერი სახის ზავი ამჟამინდელი სტატუს კვოთი პუტინისთვის წაგებას ნიშნავს, ამიტომ, როგორც მოსალოდნელი იყო, გააგრძელებს ომს მანამ, სანამ ძალიან მწარედ არ მოხვდება ცხვირში. მოხვედრით კი აუცილებლად მოხვდება. პუტინმა უკვე შეურაცხყო ტრამპი.
უკრაინა – სწრაფად დააცხრეს აღელვებული პრეზიდენტის ვნებები და სათანადოდ ჩაცმულ-დახურულები, ევროპელი მეგობრების რჩევის გათვალისწინებით, მშვიდად დაელაპარაკნენ ამერიკელებს. მათ წინასწარ და ლოგიკურად იციან, რომ პუტინს მშვიდობა არ აწყობს და შესაბამისად, მშვიდად დაეთანხმნენ ამერიკელების ყველა წინადადებას. ჯილდოდ მიიღეს დახმარების აღდგენა და სრული ლოიალობა.
ევროკავშირი – ჯერჯერობით ისევ თათბირობს. ეს იმხელა და ისეთი მოუხეშავი ბიუროკრატიული აპარატია, წლები დასჭირდება რაიმეს არსებითად შესაცვლელად. გერმანია და საფრანგეთი იოლად ვერ მიიღებენ თავიანთი მოსახლეობისათვის ცხოვრების გასაძვირებელ გადაწყვეტილებებს; არადა საჭიროა.
დიდი ბრიტანეთი – ერთ ადგილას უნდა ჰკოცნიდეს ბორის ჯონსონს, რომელმაც ბრექსიტით იხსნა ევრო-ბიუროკრატიისაგან და ახლა შეუძლიათ დამოუკიდებლად და სწრაფად მიიღონ საჭირო მილიტარისტული გადაწყვეტილებები.
საქართველო – ისევ პრიორიტეტების სიის გარეშე.
“ოცნება” უინტელექტოდ, სახედარივით აწვება ბოლომდე. არ ესმის რომ დასავლეთთან კონსენსუსის გარეშე განწირულები არიან და რომ ეს კონსენსუსი ვერ შედგება ოპოზიციასთან პარიტეტული მოლაპარაკების გარეშე, რაც ორმხრივ დათმობებს უნდა გულისხმობდეს.
ვინც “ოცნებას” ამ სახედრულ სიჯიუტეში ხელს უწყობს, რეალურად მათი მტერიცაა და საქართველოსიც.
ოპოზიცია – უნდა ხვდებოდეს რომ საჭიროა დასავლეთელი ავტორიტეტული მედიატორის მოძებნა, რადგან საქართველოში არ არსებობს პიროვნება, რომელიც ივანიშვილს თანაბარი პოზიციიდან დაელაპარაკება. დრო არ ითმენს. ეს აუცილებლად გასაკეთებელია.
ეს მედიატორი აუცილებლად ამერიკელი უნდა იყოს!!!

Zurab Guruli

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share