“კომისიაზე გამოცხადებული მოწმეების დაკითხვის ოქმები…რამდენიმე ადამიანისთვის საბოლოოდ გახდება… სამუდამო ან ძალიან ხანგრძლივი პატიმრობის უშუალოდ გაფორმების საფუძველი”- ზურაბ გურული

“თეთრი ბაირაღები“ ვისაც წაკითხული აქვს, ეხსომება სცენა, სადაც გამომძიებელი ნაკაშიძეს უხსნის, როგორ შეიძლება ერთმა პატიმარმა მეორე გაწიროს ერთი შეხედვით უწყინარი სიტყვებით, როგორიცაა მაგალითად: – შესაძლოა; არ ვარ დარწმუნებული; არ დამინახავს და ა.შ. -. ძალიან საგულისხმო პასაჟია სუფთა იურიდიული თვალსაზრისით. მართლაც ასეა იურისპრუდენციაში. როგორც პროკურორს, ასევე ადვოკატს შეუძლია სრულიად უწყინარი სიტყვებისაგან და წინადადებებისაგან ააგოს საფუძვლიანი ეჭვის გამომწვევი ჰიპოთეზა და დამაჯერებლად იმანიპულიროს მსმენელებზე.
არანაირი მნიშვნელობა არა აქვს იმას, თუ როგორ გამოვლენ და რას იტყვიან დაკითხვაზე ე.წ. საგამომძიებლო კომისიის მიერ დაბარებული მოწმეები. სიმართლე იქ არავის სჭირდება. განაჩენი წინასწარ არის ცნობილი; დაანონსებულიც. კანონიც კი მიღებულია უკვე, სამშობლოს ღალატის კანონი.
ამ შოუს ერთადერთი მიზანია, რაც შეიძლება ბევრი ალაპარაკონ მოწმეები და შემდეგ, მათ მიერ დახვავებული, ერთი შეხედვით უწყინარი სიტყვებისაგან და წინადადებებისაგან დამაჯერებელი ჰიპოთეზა ჩამოაყალიბონ. ამ მიზნის მისაღწევად კი უკვე საკმარისი ითქვა მოწმეების მიერ. რა და როგორ, შეგნებულად არ გავაანალიზებ დეტალურად, მიხვდებით რატომაც.
კომისიაზე გამოცხადებულ მოწმეებს ცხადია ვერავინ მოსთხოვს გმირობას. გმირობა ინდივიდუალური არჩევანია და პირადი ღირსების საკითხია; ნებაყოფლობითია და არა სავალდებულო. უბრალოდ, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ამ მოწმეების დაკითხვაზე გამოცხადებამ ლეგიტიმაცია შესძინა კომისიას და მათი დაკითხვის ოქმები გახდება საბოლოოდ რამდენიმე ადამიანისათვის სამუდამო და/ან ძალიან ხანგრძლივი პატიმრობის უშუალოდ გაფორმების საფუძველი. მძიმე ტვირთია სატარებლად; მაგრამ არჩევანში ყველა თავისუფალია.
ასევე, კარგად უნდა ახსოვდეს იმ ინდივიდებს, რომლებიც აქტიურად ეწეოდნენ „არჩევნების“ კამპანიას ისე, რომ არც კი მოუთხოვიათ დამოუკიდებელი საარჩევნო კომისია, აღიარეს უზურპირებულ ფსევდო-პოლიტიკურ გარემოში ჩასატარებელი „არჩევნების“ ლეგიტიმურობა და ისე შორს წავიდნენ, მასში გამარჯვების ყალბი იმედებიც კი შეუქმნეს საზოგადოებას, რომ სანამ „საგამომძიებლო კომისიაზე“ მისულ მოწმეებს დაამუნათებენ ბითურობისათვის, ჯერ საკუთარი ცოდვები გაიხსენონ. სწორედ მათი შეგნებული კონფორმიზმის წყალობით შეიქმნა ის პათოლოგიური იურიდიული რეალობა, რომელმაც საშუალება მისცა უზურპატორს კომფორტულად, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე ემოქმედა ამ განზომილებაში.
ესეც უმძიმესი ტვირთია სატარებლად.
შედეგად წააგო საქართველომ. გაბითურდა ქართული სახელმწიფოებრიობა. უკვე ამოგვშალეს ცივილიზაციის რიგებიდან. დასავლური სამყაროდან სრულად და მყარად იზოლირებულები ვართ.
ჩემმა მეგობარმა, კოლუმბიელმა ხულიომ ამიხსნა ერთხელ, რითი განსხვავდებიან წარმატებული ქვეყნები წარუმატებლებისაგან. სულელები ყველგან უმრავლესობაში არიან; ეს საერთო-საკაცობრიო აქსიომაა; უბრალოდ, წარუმატებელ ქვეყნებში ჭკვიანებიც სულელები არიან.

Zurab Guruli

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share