“ამათ ქვეყანა საროსკიპო ჰგონიათ” – ასეთია მსახიობ ნანა ბუთხუზის რეაქცია “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებაზე, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლების თაობაზე.
მსახიობი პროტესტის აუცილებლობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ თიკა რუხაძის სახელით გამოცხადებულ გადაწყვეტილებას არ იღებენ.
”განგაშის სიგნალია ჩემთვის. ეს არ არის მარტო ჩვენი თეატრის ამბავი. ეს არის ქვეყანა, ეს თეატრი არის საქართველო. საქართველო ვარ მე, დოი და თითოეული თქვენგანი. ყველას დედა გვეტირება, თუ ფეხზე არ დადგება ყველა. ასე მგონია მე. არც შემოქმედება არ აინტერესებთ ამათ, არც თეატრი არ აინტერესებთ. ამათ ჰგონიათ, რომ საქართველო, ჩვენი ქვეყანა არის საროსკიპო და ვისაც როგორ უნდა ისე გა***ავს. ეგრე არ არის, ჩემი აზრით. მე მითქვამს შექსპირის სიტყვები, საფლავის ქვაზე ცუდი წარწერა გერჩივნოთ მსახიობების გადაკიდებას და ამ შემთხვევაში მსახიობები არიან ადამიანები”, – ამბობს ნანა ბუთხუზი.
ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა.