პოლიტიკური არასტაბილურობა ბიზნესის მთავარი გამოწვევაა – ამას ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) მიერ გამოქვეყნებული კვლევაში ვკითულობთ.
200-მდე ევროპული კავშირების მქონე კომპანიასთან ჩატარებული კვლევის თანახმად, ბიზნესის წინაშე დგას პრობლემები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს გრძელვადიან ეკონომიკურ სტაბილურობას.
ანგარიშში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება საქართველოს პოლიტიკურ არასტაბილურობაზე, რაც პირდაპირ აისახება ბიზნეს გარემოზე. კომპანიები გამოთქვამენ უკმაყოფილებას ხელისუფლების არათანმიმდევრული პოლიტიკისა და ინსტიტუციური სისუსტეების გამო, რაც საინვესტიციო კლიმატს ასუსტებს.
კვლევის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიგნება არის კვალიფიციური სამუშაო ძალის მწვავე დეფიციტი, რამაც გამოიწვია ბიზნესების წლიური შემოსავლის 55.6 მილიარდი ლარის დანაკარგი. მაღალი ემიგრაცია და შეუსაბამო საგანმანათლებლო პროგრამები კიდევ უფრო ამძიმებს ამ საკითხს. მიუხედავად მაღალი ხარჯებისა, პერსონალის შიდა ტრენინგებში ინვესტირება ბიზნესისათვის დადებით შედეგებს იძლევა, რაც ადასტურებს, რომ შრომითი რესურსების განვითარება მდგრადობის მთავარი მამოძრავებელი ძალაა.
ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული სასამართლო და საგანმანათლებლო რეფორმების დაჩქარების აუცილებლობა ბიზნესის ნდობის გასაზრდელად. საგანმანათლებლო დაწესებულებებმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ კერძო სექტორთან, რათა უნარების განვითარების პროგრამები ბაზრის მოთხოვნებზე იყოს მორგებული. ამავდროულად, ეკონომიკური პოლიტიკისა და სავაჭრო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება გადამწყვეტ როლს ითამაშებს საქართველოს ევროკავშირის ბაზარზე ინტეგრაციაში.
ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ ბოლო პერიოდში ბიზნესისთვის მთავარი გამოწვევა პოლიტიკური არასტაბილურობაა. კარგი ამბავი ისაა, რომ შექმნილი ვითარების გამო, ევროპულ კომპანიებს საქართველო ჯერჯერობით არ დაუტოვებიათ და ისინი აგრძელებენ ოპერირებას. თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ პოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე, არაერთმა ევროპულმა კომპანიამ საქართველოში ახალი ინვესტიციები დააპაუზა; ისინი მოლოდინის რეჟიმში არიან და არ ფიქრობენ ბიზნეს აქტივობის გაზრდას. რაც უფრო დიდხანს ნარჩუნდება არასტაბილურობა, სულ უფრო რთული ხდება ევროპული კომპანიების დარწმუნება, რომ არ დატოვონ საქართველო.
ერთ-ერთი ევროპული ლოგისტიკური კომპანიის მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, სადაც ამჟამად 300 ადამიანია დასაქმებული. იყო შესაძლებლობა, რომ ამ კომპანიას თანამშრომლების რაოდენობა 600-მდე გაეზარდა, თუმცა ეს არ მომხდარა, რადგან არსებულ არასტაბილურ ვითარებაში კომპანია გარკვეულ რისკებს ხედავს”, – აცხადებს კვლევის ერთ-ერთი ავტორი ბი ემ ჯისთან.