საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში გადაყვანას საერთაშორისო მედია ეხმაურება.
გამოცემა Le Figaro-ს სტატიაში ნათქვამია, რომ მთავრობამ მესამე პრეზიდენტი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისი და მისი ადვოკატების წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც გადაიყვანა.
მედიასაშუალება მიხეილ სააკაშვილის ადვოკატ ნიკა გვარამიაზე დაყრდნობით მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე წერს და აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, თუმცა ის თავს ამ დრომდე სუსტად გრძნობს.
მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხეში გადაყვანას ეხმაურება იტალიური გამოცემა Agenzianova.com-იც. მედიასაშუალება ინფორმაციას ნიკა გვარამიაზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ ადვოკატი მასთან შეხვედრას მთელი ღამის განმავლობაში ელოდებოდა. გამოცემა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაზეც წერს და აღნიშნავს იმასაც, რომ მესამე პრეზიდენტი სწორედ ქვეყანაში ჩამოსვლის შემდეგ, 1 ოქტომბერს დააკავეს.
პაკისტანური გამოცემა Pakistanpoint მიხეილ სააკაშვილის Facebook-გვერდზე დაყრდნობით წერს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენრი გორიდან რუსთავში გაიყვანეს და მისი ადვოკატი ნიკა გვარამია მასთან შეხვედრას ელოდებოდა. გამოცემა აღნიშნავს იმასაც, რომ მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს მას შემდეგ, რაც საქართველოში დაბრუნდა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით წერს აზერბაიჯანული გამოცემა Report.az-იც. მათი ინფორმაციითაც, მიხეილ სააკაშვილთან პალატაში შავებში ჩაცმული პირები რამდენიმე დღის წინაც შევიდნენ და ციხეში გადაყვანას უპირებდნენ, თუმცა მედიასაშუალების ცნობით, მესამე პრეზიდენტი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გუშინ გვიან ღამით გადაიყვანეს.
ტვ მთავარი