ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრთან ამ წუთებში სანდრო კაკულიაც იმყოფება – მსახიობი დავით დოიაშვილს სოლიდარობას უცხადებს და მის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს.
სანდრო კაკულია ამბობს, რომ ივანიშვილის რეჟიმი კულტურის სფეროდან საწინააღმდეგო აზრის ამოძირკვაზეა გადასული.
”რეჟიმისთვის რთულად გასაბედი საქციელი არ იყო, თუმცა თიკასთვის იყო. ის უფრო მიკვირდა, რომ ამდენი ხანი შეძლო და შეაჩერა სავარაუდო დავალება და არ აკეთებდა ამას დიდი ხნის განმავლობაში. როგორც ჩანს მოუწია, მაგრამ გასაკვირი არ არის. თიკას ადგილას სხვა რომ ყოფილიყო, მაინც იმავეს იზამდა. ეს სისტემა ახლა ესე მუშაობს. საწინააღმდეგო აზრი უნდა ამოიძირკვოს სისტემიდან, კულტურიდან, ყველა სახელოვნებო სივრციდან, ტელევიზიებიდან უნდა გაქრეს.
მე ვარ ძალიან იმედიანად განწყობილი იმიტომ, რომ როგორც ჩანს, რაც უფრო კრიზისში შედის პოლიტიკური მართვის პროცესი, რეჟიმს უწევს, რომ მიიღოს რადიკალური გადაწყვეტილებები, ამიტომ ჩემთვის ეს არის ნიშანი იმის, რომ რაღაც მიდის ბოლოსკენ. ამ ბოლოსკენ მისასვლელი გზა იქნება მწარე, მაგრამ ეს ბრძოლა არავის მოუგია ხალხის გარდა არასად”, – ამბობს სანდრო კაკულია.
ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა.