ვინ მოჭრა მთა ყვარელში? – ჟურნალისტური გამოძიება

ვინ მოჭრა მთა ყვარელში კუდიგორის მთის ნაწილი – “შაბათის ეთერის” ჟურნალისტური გამოძიებიდან დგინდება, რომ ზედაიურული ქვიშაქვებითა და კირქვებით ნაშენი მთის ნაწილი, საიდანაც  ალაზნის ველი და ილიას ტბა ხელისგულივით ჩანს,  გადაჭრეს  და სამშენებლო მოედნად აქციეს.   

29962 კვადრატულ მეტრ მიწაზე, რომელიც სახელმწიფოს საკუთრება იყო, სასტუმროს და ღვინის საწარმოს შენდება. 

საქართველოს მთავრობის მიერ 2018 წლის 10 აპრილს გამოცემული განკარგულების მიხედვით, კუდიგორის მთის ნაწილი და მიმდებარე ტერიტორია “ქართული ოცნების” მთავრობამ აუქციონზე გაყიდა. მფლობელი, ნინო წილოსანის სიძის სახელზე გაფორმებული  კომპანია,  “ღვინის გზა 2017” გახდა.

  • 30000 კვადრატულ მეტრამდე მიწა და მთა, რომელსაც გარს მუხის, რცხილისა და წიფლის ტყე აკრავს, ნინო წილოსანის სიძის სახელზე გაფორმებულმა კომპანიამ 152 ათასი ლარი გადაიხადა – ანუ კვადრატული მეტრი მიწა დურუჯის ხეობის შესასვლელში, სასტუმროს და ღვინის საწარმოს ასაშენებლად კვარტული 5 ლარად და 7 თეთრად მისცეს.

კომპანია “ღვინის გზა 2017”, რომელმაც  ილიას ტბის მიმდებარედ ტერიტორია იყიდა, მიწის ყიდვამდე 6 თვით ადრე,  2017 წლის 15 სექტემბერს დაფუძნდა.  ოფიციალური მონაცემებით, კომპანიის 100 პროცენტიანი წილის მფლობელიც და დირექტორიც ომარ ხატიაშვილი იყო. გარიგებაც  სახელმწიფოსთან ხატიაშვილმა დადო.   მიწის ყიდვიდან 5 წელიწადში, ხატიაშვილმა კუდიგორის მთაც, მიწაც და მშენებარე სასტუმროც, გვანცა წილოსანის სახელზე გადააფორმა. გვანცა წილოსანი “ოცნების” დეპუტატის, ნინო წილოსანის მამის, ბადრი წილოსანის  ძმის შვილი და მისი ბიზნესების მმართველია. 

ინფორმირებული ადამიანი დეპუტატის გარემოცვიდან  ყვებიან, რომ ომარ ხატიაშვილიც და გვანცა წილოსანიც, ფიქტიური პირები არიან და ქონებას დეპუტატი მათ სახელზე მალავს.

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ყვარელში  მიწის ყიდვამდე ხატიაშვილი არანაირ ბიზნესს არ ფლობდა. “ღვინის გზა 2017”,  მისი პირველი ბიზნეს კომპანიაა.  მის სახელზე  არც უძრავი ქონება ირიცხება, რომლის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლითაც ამ თანხის მობილიზებას შეძლებდა.  მიწა, სადაც ახლა სასტუმრო შენდება, იპოთეკით არ არის დატვირთული.

  • ამასთან, დოკუმენტების შესწავლის შედეგად ვადგენთ, რომ პირობები, რის გამოც სახელმწიფო ქონება საბაზროზე ბევრად იაფად გაყიდეს დარღვეულია. წილოსანის სიძესთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით, კვადრატული მეტრი მიწა 5 ლარად იმ დათქმით გასხვისდა, რომ სასტუმროს და ღვინის საწარმოს მშენებლობა ხატიაშვილს 48 თვეში, ანუ 2022 წელს დაესრულებინა, აემუშავებინა და ყველაზე ცოტა  40 ადამიანი,  მინიმუმ 2 წლით დაესაქმებინა. ახლა 2025 წელია, არც სასტუმროს მშენებლობა დასრულებულა და  არც ალკოჰოლური სასმელების საწარმო აშენებულა.
  • დეპუტატის სიძის სახელზე გაფორმებულ კომპანიას საინვესტიციო პირობების შეუსრულებლობა აპატიეს. “შაბათის ეთერის” მიერ მოპოვებული დოკუმენტებით დგინდება, რომ 2023 წლის 21 აპრილს 2018 წელს დადებულ ხელშეკრულებაში კომპანიის საქმიანობის ხელშეწყობის მოტივით, ცვლილებები შევიდა და  ინვესტიციის “გზა 2017-ს”  ინვესტიციის განხორციელების ვადა 2025 წლის 9 ივნისამდე გაიზარდა.  ამ დოკუმენტის მიხედვით, წილოსანის ოჯახმა ყვარელში 7 მილიონი უნდა დახარჯოს.

ტერიტორია წილოსანის სიძის სახელზე, სახელმწიფომ 2018 წელს გადააფორმა, ამ დროს ნინო წილოსანი უკვე “ქართულ ოცნების” დეპუტატი იყო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share