უკრაინის სამხედრო დაზვერვის (ГУР) განცხადებით, ოკუპირებული ზაპოროჟიეს ოლქში რუსეთის სამი საჰაერო თავდაცვის სისტემა დრონების გამოყენებით გაანადგურეს.
“უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის აქტიური ოპერაციების დეპარტამენტის დრონების ოპერატორებმა ზაპოროჟიეს რეგიონის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოაჩინეს და გაანადგურეს რუსი ოკუპანტების ძვირადღირებული საჰაერო თავდაცვის სისტემები”. – წერია უკრაინის სამხედრო დაზვერვის Telegram-პოსტში.
დრონებით იერიშის ფარგლებში, ГУР-ის ცნობით, განადგურებულია რუსული Buk-M3 და Pantsyr S1 სისტემები და S-300V სისტემის 9S19 Imbir რადარი.
“ვიდეო აჩვენებს როგორც უკრაინული დრონის მომხიბლავ მანევრს, როდესაც მოსკოვურ ანტი-საჰაერო რაკეტას უსხლტება, ისე წარმატებული დარტყმების ეპიზოდებს”. – ნათქვამია ГУР-ის განცხადებაში.
უკრაინის არმიას რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიებსა და რუსეთის სიღრმეში არსებულ სამხედრო ობიექტებზე რეგულარულად მიაქვს იერიშები, რათა ოკუპანტების საბრძოლო პოტენციალი შეასუსტოს.