მე ვარ კუკა ბარამიძე, 39 წლის, ვცხოვრობ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში. ყველაზე მეტად რაც მახასიათებს, ალბათ, იუმორია. ეს არის ის, რითაც ჩემს წრეში გამომარჩევენ და შეიძლება სხვებისთვისაც საინტერესო ვიყო, ყურადღება მომაქციონ ან დავამახსოვრდე.


ბავშვობა ყველას კარგად ახსენდება, თუ ოჯახში ძალადობრივი გარემო არ არსებობს. მეც ყველაფერი მქონდა, რაც ბავშვს სჭირდება ადამიანური კუთხით: ბევრი და-ძმა მყავს, რომლებთან ერთადაც ვიზრდებოდი; ვცხოვრობდი ადამიანებთან, რომლებსაც ვუყვარდი და მქონდა ჰარმონიული ოჯახი. ჩემი მშობლებიც მაქსიმალურად ცდილობდნენ, რაც იმ დროს ხელმისაწვდომი იყო, გვქონოდა, თუმცა მეორე მხარეა, რა პირობები, რა სიტუაცია იყო ზოგადად. მაშინ ამას ვერ ვგრძნობდი, მაგრამ მერე, როცა იზრდები, ვითარდები და თანდათან რაღაცებს ხედავ, მივხვდი, რომ ურთულესი წლები და გარემო იყო ყველასთვის – შეზღუდული რესურსების პირობებში ბავშვს საკუთარი თავისა და ინტერესების ძიების საშუალება ნაკლებად ჰქონდა. სკოლა მას შემდეგ დიდად არ განვითარებულა, მაგრამ მაშინ მართლა არაფერს გაძლევდა ისეთს, რაც შენ გჭირდებოდა, თუმცა მე ჩემთვის ყოველთვის ვიცოდი, რომ რაღაც უნდა მესწავლა, მომავალი რომ მქონოდა.
სკოლისა და ბავშვობის პერიოდში მაინცდამაინც ღიად შეიძლება არ გამომეხატა და განმეცხადებინა თუ რამეზე პროტესტი მქონდა. რა თქმა უნდა, მეც ვიყავი გარემოს გავლენის ქვეშ, როცა გგონია, რომ რაღაც მოცემულობა ისეა და უპირობოდ იღებ, მაგრამ, საერთო ჯამში, ყველაფერზე მქონდა კითხვები და კითხვის დასმა – ,,რატომ ხდება ასე?’’ – სულ შემეძლო. სულ ვიცოდი, როგორ მინდოდა წარვმდგარიყავი საზოგადოებაში. მაგალითად, ჩემი ვიზუალი პროტესტის ამბავი იყო: გრძელი თმა, დახეული ჯინსი… მინდოდა, განსხვავებული ვყოფილიყავი საერთო მოცემულობისგან. არ მიყვარდა სიგარეტი, დალევა და მსგავსი გართობა, და ამაზე უარის თქმა იმ ჯგუფებში, სადაც ვხვდებოდი და ცხოვრება მიწევდა, მაშინ ნამდვილად იყო გამოწვევა. გამოწვევები ყველას ჰქონდა და პატარ-პატარა კონფლიქტები მეც მქონია.
მთავარი გარდატეხა იყო ჩემი პირველი კავშირი და ხელმისაწვდომობა ინტერნეტთან, ამან ბევრი რამე შეცვალა. როგორც კი გამიჩნდა ინტერნეტთან წვდომა, ამან მომცა მეტი ინფორმაცია, მეტი არჩევანი და რაღაც მომენტში მივხვდი, რომ ის, რაც შინაგანად ჩემში არსებობდა, რაღაც მოცემულობას დაემთხვა.


შეიძლება ჩემი ცხოვრების რაღაც ეტაპზე საკუთარი თავი უსამართლობასთან მებრძოლად ვერ წარმომედგინა, მაგრამ უსამართლობა სხვების მიმართაც ყოველთვის პროტესტს იწვევდა ჩემში. შეიძლება ვერც ვერაფერს ვაკეთებდე, ან რაღაც დროს ვერ გამეკეთებინა ვინმეს დასაცავად, მაგრამ ეს პროტესტი ყოველთვის არსებობდა. სანამ აქტივიზმში ჩავერთვებოდი, მანამდეც არაერთ აქციას შევერთებივარ როგორც საჯარო მოხელე და არასდროს დამიმალავს ჩემი პოზიცია, მათ შორის, არც პოლიტიკური არჩევანი – ,,ქართული ოცნების’’ პირობებში ორჯერ გამომიშვეს სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით.
აქტივიზმში მაშინ ჩავები, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და საქართველოში პრორუსულმა და პროპუტინისტურმა ძალებმა დაიწყეს აქტიურობა. მაშინ უკვე აღარ დარჩა სხვა სივრცე, ამის წინააღმდეგ რომ არ გამოვსულიყავით – მე მთელი ჩემი რესურსით შემოვედი ამ ამბავში და დღემდე ასე ვარ. როცა გურიაში ალტ-ინფოს ოფისების გახსნა დაიგეგმა, უცებ დაორგანიზდა პროტესტი. ამ პროცესში აღმოჩნდა, რომ ჩემ ირგვლივ მხოლოდ რამდენიმე ადამიანს კი არა, ამ ქალაქშიც საკმაოდ ბევრს ჰქონდა სურვილი, წინააღმდეგობა გაეწია ამ ბინძური იმპერიისა და ჩვენი დაუძინებელი მტრის პროპაგანდისთვის. ეს მართლა დიდი აღმოჩენა და სასიამოვნო მომენტი იყო. მანდ ხვდები, რომ თუ შეგიძლია, უნდა დაიცვა შენი იდეები, ინტერესები და ამ დროს გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებსაც მანამდე შეიძლება ვერ ამჩნევდი ან არ იცნობდი, მაგრამ კონკრეტულ მომენტში ეს შენი მცდელობა, რომ რაღაცას შეეწინააღმდეგო, შეიძლება სხვებისთვისაც მოტივატორი იყოს.
და როცა შენ ამას აკეთებ, არ იბრძვი მხოლოდ შენთვის.
ამ პროტესტის მერე საჭირო გახდა სხვა აქციების ორგანიზებაც – ბუნებრივი მოცემულობა იყო ასეთი. გამოიკვეთა ჯგუფი, რომელთანაც დავკავშირდი და დღეს ეს ხალხი ჩემი უახლოესი ადამიანები, ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან. ამ კავშირმა ძალიან დიდი რამ მოგვცა. ისეთ ქალაქში, როგორიც ოზურგეთია და, ზოგადად, სხვა რეგიონულ ცენტრებშიც, ხშირად საკუთარ თავს ვერ ხედავ, არავინ გეგულება, ვინც შენს პროტესტში გამოგყვება. აღმოვაჩინე, რომ აქ არიან ადამიანები, რომელთა იმედიც შეიძლება გქონდეს, ვინც მანამდე შენსავით ფიქრობდა.
ასეთივე აღმოჩენა ხარ შენ იმ ადამიანებისთვის – როგორც მოქალაქე, აქტივისტი და მერე როგორც მეგობარი.

ოზურგეთი მჭიდრო ურთიერთობების ქალაქია. ჩვენ ბევრ ადამიანს ვიცნობთ და პოლიტიკურ თანამდებობაზე მყოფი დეპუტატი ან საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანი რაღაც ხაზით, ასე თუ ისე, გიკავშირდება: ან გიმუშავია მასთან ერთად, შენი ან შენი მეგობრის ახლობელია, ან ნათესავია. თუ პოლიტიკური შეხედულების ან რელიგიური კონტექსტის გამო რამე კრიტიკულს ამბობ, ეს ავტომატურად გულისხმობს ვიღაცის, რაღაც ჯგუფის მიმართ წინააღმდეგობას და ამ ჯგუფში შეიძლება იყოს ბევრი ნაცნობი, რომლებისთვისაც ეს წარმოუდგენელი ამბავია და რომლებსაც არ აწუხებთ ეს გარემო. ან ამ გარემოს უკვე შეთრეული ჰყავს და თავის საქმეში ჰყავს ჩაბმული. ამ დროს, გიწევს, არჩევანი გააკეთო, არის მორიდების ამბავიც. თან, ეს შენ გიწევს, როგორც აქიტივისტს.
მეორე მხრივ, ეს ადამიანები – საჯარო მოხელეები, თანამდებობის პირები და ა.შ. თავიანთ თავს მორალურად ამართლებენ იმით, რომ პოზიციურად, თანამდებობრივად, სხვა გზა არ აქვთ. ამ დროს, შენ იმის გაკეთებული საქმე და გამოთქმული პოზიცია შეიძლება უარესად გაზარალებდეს როგორც ადამიანს, მოქალაქეს და ინდივიდს, თუ გინდა, როგორც აქტივისტს, მაგრამ აქ საზოგადოება თითქოს ისეა შეთანხმებული, რომ იმან უნდა თქვას და ეგ არაფერი, მაგრამ შენ თუ იტყვი, ვიღაცას უნდა აწყენინო.
თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ამ ხალხმა არჩევანი უკვე გააკეთა. ამ ბოლო მოვლენებმა, რაც რუსული კანონების მიღებაში გამოიხატა, ეს კარგად დაგვანახა: ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოება და ადამიანები, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში ვმუშაობთ არაერთი მიმართულებით, ხელს ვუწყობთ დემოკრატიულ პროცესებს, ვიცავთ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, მტრებად გამოგვაცხადეს. მათ უკვე გააკეთეს არჩევანი და თუ ვინმე დღეს ნაწყენია ჩემი პოზიციის გამო, უნდა იცოდეს, რომ ის საკუთარი კეთილდღეობისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს მიქმნის მეც, ჩემს ოჯახსაც და ჩემს მეგობრებსაც. აქ საუბარი ყოფნა-არყოფნაზეა. თუ შენ არ გაინეტერესებ მე, როგორც მეგობარი, თანამშრომელი – ის, ვისაც იცნობ, მაშინ მეც ეს ხაზი მექნება ამ პოზიციურ განსხვავებაში და დაპირისპირებაში.
დაპირისპირებაში ჩვენ აბსოლუტურად მშვიდობიან, არაძალადობრივ პროტესტს ვგულისხმობთ. ჩვენი მთავარი იარაღი სიტყვაა, ჩვენი ჯიუტი პროტესტი, მიმართული იქითკენ, რომ შევცვალოთ. მეორე მხარეს არის ყველაფერი, მათ შორის, ძალადობა, ცემა, დაჭერა, ქვეყნიდან გაქცევა და ათასი უბედურება, რასაც ისინი ამართლებენ.
ამან პირადად ჩემთვის გაადვილდა აქტივიზმი და ამ სიბინძურის წინააღმდეგ ბრძოლაში მთელი ჩემი რესურსით ვარ ჩართული.

ყველაზე დიდი სურვილი, რაც ჩემს აქტივიზმს ამოძრავებს და რაზეც დაფუძნებულია ყველა ჩემი მოქმედება, არის თავისუფლება. ჩემი სურვილია, რომ ამ ქვეყანაში, ამ პატარა მიწის ნაგლეჯზე, ადამიანებს ჰქონდეთ თავისუფლება – თავისუფლება მისი ფილოსოფიური და შინაარსობრივი და, მათ შორის, საყოფაცხოვრებო გაგებითაც.
მინდა, რომ ყველა ადამიანმა იცხოვროს ისე, თავისი ცხოვრება დაგეგმოს, განვითარდეს, გამოხატოს საკუთარი თავი ისე, როგორც მას უნდა; იფიქროს იმაზე, როგორ იყოს ბედნიერი და მიიღოს ცხოვრებისგან სიამოვნება იმგვარად, როგორადაც მას წარმოუდგენია, რაც, ამავდროულად, ამ ტიპის ადამიანში და ამ ტიპის გაცნობიერებაში, აუცილებლად გულისხმობს იმასაც, რომ სხვას რაიმე არ დაუშაოს. რა თქმა უნდა, არ მაქვს იდეალური საზოგადოების ილუზია, უბრალოდ, მე პირადად მჭირდება, რომ ამ ქვეყანაში ხალხმა იგრძნოს ადამიანად ყოფნის, აზროვნების, საკუთარი თავისთვის კრიტიკული კითხვების დასმის და ამ კითხვებზე პასუხის ძიების ბედნიერება, რომელიც არ იქნება ჩამოკიდებული კონკრეტული ოლიგარქის მიერ თანამდებობის მიცემაზე და ამ ხელფასით გამომუშავებულ ორ თეთრზე. აქ უფრო მაღალ რაღაცაზეა ლაპარაკი – იმაზე, რომ ადამიანმა ჩამოიხსნას ყველა ის შემბოჭავი ტაბუ, იქნება ეს პოლიტიკური თუ ადამიანური, ეს ,,ქართულ-ჯიგრული’’ ბორკილები, და იფიქროს იმაზე, როგორ შექმნას უკეთესი გარემო.
პრაქტიკაში ეს ასე გამოიყურება: არ იყოს კრიმინალი, ხელისუფლებამ არ წაგართვას არჩევანის უფლება; არ გყავდეს პოლიტპატიმრები, ადამიანებს არ უნდა ხოცავდნენ და სცემდნენ აზრის გამოხატვის გამო; ერთი ლაჩარი პოლიციელისთვის სილის გარტყმისთვის ადამიანების არ უნდა იჭერდნენ; სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი, უნდა გვყავდეს სინდისთან და კანონთან მართალი მოსამართლეები; უნდა იყოს გარემო, სადაც ვისაც როგორ წარმოუდგენია საკუთარი თავი, ისე გამოხატოს – საყურით, ტატუთი, გრძელი თმით, და ამაზე ხალხს არ ჰქონდეს რეაქცია, რომ ეს ვიღაც დასაჭერია, ასაკრძალია ან მოსაკლავია; ვიღაც ,,ლამბორჯინით’’ და ვეფხვის ბოკვერით არ უნდა დარბოდეს იმიტომ, რომ ტატამზე სხვა წააქცია და რამდენიმე მილიონი მივეცით; არ უნდა გვყავდეს ხელისუფლებასთან ჩახუტებული სპორტსმენები – ანუ ძალა არ უნდა იყოს უპირატესი გონებაზე… და სხვა უამრავი საკითხია, რომელიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე პრობლემას გვიქმნის.
მათ შორის, ღმერთის გაგებაც, რწმენის თავისუფლებაც, იმის გააზრება, ვინ მტერია და ვინ – მოყვარე, მოაქვს ამ თავისუფლებას, საკუთარი თავისთვის კითხვის დასმის და პასუხების ძიების პროცესს. არც მონად დაბადებულა ვინმე და არც დიდ მოაზროვნედ, ადამიანის ინსტინქტია ის, რომ იაზროვნოს და ამის ჩახშობას ცდილობს ყველა, ვისაც უნდა, რომ ის დაიმორჩილოს. მინდა, რომ ადამიანებმა ტვინი და აზროვნება გამოიყენონ იმისთვის, რისთვისაც ის მართლა არსებობს და არა მხოლოდ ელემენტარული ფუნქციური დანიშნულებისთვის.
აზრი, მიზანი, გონება – ეს მინდა ჰქონდეთ ადამიანებს.

დღეს ორი არჩევანი გვაქვს: ვრჩებით ადამიანებად და გვაქვს ჩვენი აზროვნებისა და სურვილების შედეგად შეთანხმებული დემოკრატიული სახელმწიფო, რომლისთვისაც ადამიანი უპირველესი ღირებულებაა, ან კვდება ჩვენში ეს ადამიანური ნაწილი და ვიქცევით მასად, თავდახრილ მონებად, საკუთარ ინტერესებსა და სურვილებს, ადამიანობას ჩამოშორებულ არსებებად, რომლებიც მხოლოდ იმიტომ ცხოვრობენ, რომ ვიღაცებმა საკუთარი ბედნიერება მოიწყონ მათ ხარჯზე – ან ვარსებობთ როგორც სახელმწიფო, როგორც საზოგადოება და ერი, ან ვარსებობთ როგორც დამონებული ტომი, რომელსაც არაფრის პერსპექტივა არ აქვს.
შეიძლება გვეგონოს, რომ ეს რეჟიმი ჩვენამდე ვერ მოვა და არ შეგვეხება, მაგრამ თუ არ იქნებიან ის ბიჭები, რომლებიც ახლა ციხეში სხედან, თუ არ იქნება მზია ამაღლობელი, თუ არ იქნებიან აქტივისტები, რომლებიც ქუჩაში აპროტესტებენ, თუ არ იქნებიან ადამიანები, რომლებიც კრიტიკულ და თავისუფალ სიტყვას იტყვიან, მაშინ აღარაფერი იქნება და ყველასთან მოვლენ… და რისი შენარჩუნების შიშითაც ამ კომფორტიდან გამოსვლა თქვენთვის პრობლემაა, ხვალ ისიც არ გექნებათ. ეს არის გარდაუვალი რეალობა.
როცა ვხედავთ, რომ ადამიანები დგანან ქუჩაში და იბრძვიან არა საკუთარი კეთილდღეობისთვის და პირადი ინტერესებისთვის, არამედ ქვეყნის არსებობისთვის და ჯანსაღი სივრცისთვის, შენ, ერთმა ადამიანმა, უნდა გადაწყვიტო და რაღაც დონეზე დატოვო შენი კომფორტის ზონა, სანამ ამის შანსი არსებობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რეჟიმი აუცილებლად იზრუნებს იმაზე, რომ შენი ცხოვრება ჯოჯოხეთი გახდეს. ხალხს, რომელსაც არ აქვს რეფლექსია, არ იცავს საკუთარ უფლებებს, განვითარებას არ ცდილობს და მუდამ ვიღაცის ხელის შემყურეა, არასდროს, არცერთ ეპოქაში არ ჰქონია პერსპექტივა. ვერც ექნება და ვერ გადარჩება.
თუ ქართველობაზეა საუბარი, მთელი ჩვენი ისტორია სწორედ ადამიანად ყოფნის შენარჩუნებას და ამ აზრს ემსახურება, იმიტომ, რომ ადამიანად ყოფნას სწორედ ასეთი გადაწყვეტილებები განაპირობებს.
ახლა ჩემი და ჩემი მეგობრების ცხოვრება და ფიქრი მიმართულია იქითკენ, როგორ შევინარჩუნოთ ეს ქვეყანა და როგორ შევინარჩუნოთ ჩვენი თავი ამ სივრცეში, საიდანაც ჩვენს გადევნას ძალადობით, იძულებით და რეპრესიებით ცდილობენ. თუმცა, ისტორიულადაც, ქართული საზოგადოების მოზროვნე ნაწილს უკან არ დაუხევია და არც ახლა დაიხევს. გარდა ამისა, შვილები მყავს და ჩემს შვილებს რომ ვუყურებ, მინდა, ამ ქვეყანაში ცხოვრების და განვითარების შესაძლებლობა ჰქონდეთ. იმათ შვილებსაც, ვინც დღეს კარგად არიან, ჰგონიათ, რომ კარ საქმეს აკეთებენ, ამ ხელისუფლებას ყველაფერი შეტენეს და თავიანთი უფლებები და აზროვნება ოლიგარქს გადააბარეს.
მთავარია, საკუთარი თავი უფრო მეტმა ადამიანმა დაინახოს ამ ბრძოლაში და შედეგს აუცილებლად მივაწევთ – ჩვენ აუცილებლად ვიქნებით უკეთესი საზოგადოება, ვიქნებით უკეთესი ადამიანები, უკეთესი მოქალაქეები და ეს ყველაფერი შემდეგ მოიტანს უკეთეს ხელისუფლებას, უკეთეს სახელმწიფოს და უკეთეს პირობებს ყველასთვის.
ეს არის ის, რაც მე მამოძრავებს. ამისთვის ვიბრძვი და სანამ ვხედავ ხალხს, ვინც ამ განცდით, ამ განწყობით გამოდის ქუჩაში და აპროტესტებს, ეს ჩემი პირადი ბრძოლაცაა.

საკუთარ თავში ჩაკეტილ ამბავს თუ ჩაუკვირდები, მგონია, რომ ადამიანად ყოფნის ბედნიერება სწორედ ამ მოძრაობაშია, უსამართლობასთან დაპირისპირებაში. კმაყოფილებას და ბედნიერებას მანიჭებს ის, რომ რასაც ახლა ვშვები, დარწმუნებული ვარ და მგონია, რომ სწორი ბრძოლაა, სწორი პოზიცია, ადამიანის სწორი საკეთებელი. მაბედნიერებს ისიც, რომ ბევრი სხვადასხვა ჯგუფი, რომლებთანაც მე შეიძლება სხვა საკითხებზე განსხვავებული პოზიცია მქონდეს, ერთიანია და მათაც ზუსტად ეს აწუხებთ. აქტივიზმში მოსვლის დღიდან უამრავი ადამიანი გავიცანი, მათთან ვმეგობრობ და ერთმანეთი რომ ვიცით და გვეგულება, ესეც დიდი ამბავია.
როდესაც საპროტესტო აქციებზე ვარ, იქ არის სწორედ ის აურა, დამოკიდებულებები ადამიანს შორის, ის სოლიდარობა, პასუხისმგებლობა, ფუნქციების და როლების განაწილება, სიყვარული, ერთმანეთზე ზრუნვის და გადარჩენის რაღაც ინსტიქტები და მოქმედებები, ისეთი მსუბუქი და თავისუფალი გარემო, რომ გგონია, სხვაგან ხარ. მე მინდა, რომ მთელ ქვეყანაში ისეთი განცდა იყოს, რასაც იქ ვგრძნობ. ამ ხალხს რომ ვუყურებ, ვიცი, რომ ეს რეალურია და ხვალ შეიძლება ასეთი რამე მართლა მივიღოთ და გავაკეთოთ – ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ისეთი საზოგადოება, როგორიც რუსთაველზე აკუმულირებულ ენერგიაში იგრძნობა.
ჩემთვის ძალიან ძვირფასია ჩვენი ორგანიზაცია, ჩვენი მოძრაობა, რომელიც ამ პროცესის პირმშოა, ამ პროცესში დაიბადა და ამ პროცესის შექნილია, და ის ადამიანები, რომლებიც ამ ორგანიზაციაში არიან და ვისთან ერთადაც რაღაცებს ვფიქრობთ და ვგეგმავთ – ათას ხერხს ვეძებთ, რომ ჩვენი პოზიცია გამოვხატოთ და სხვა ადამიანებისთვისაც ვიყოთ იმედი. მინიმუმ, ამ ქალაქში არსებობს ჯგუფი, რომელსაც შეუძლია უსამართლობის წინააღმდეგ დადგეს, თქვას ან შეეწინააღმდეგოს.
გარდა აქტივიზმისა, მე ვარ მამა, ქმარი და ჩემი ოჯახი მყავს. სინამდვილეში კიდევ ერთი ამბავი, რის გამოც შეიძლება ღირდეს ბრძოლა, არიან შენი შვილები და ოჯახი, ის ბედნიერება, რასაც ოჯახი განიჭებს, შვილების დაბადება, მათთან ურთიერთობა. ამ რეალობაში ესეც დიდი გამოწვევაა – ჩემი დროის დიდი ნაწილი ამ პროცესებში მიდის და ესეც ითხოვს ჩემგან რაღაც კომპრომისს, მაგრამ საერთო ჯამში, ის ენერგია, რაც ოჯახისგან მოდის, დიდი ძალაა. ყველას აქვს ნიჰილიზმის, იმედგაცრუების, რესურსების ამოწურვის განცდის მომენტები, მაგრამ თუ გვერდით გყავს ადამიანები, ვისთანაც მიდიხარ და ამ ენერგიას იღებ, შენი თანამოაზრეები არიან და მხარს გიჭერენ, ეს დიდი კომფორტია და ამისთვის ღირს ბრძოლა.
რატომ მიყვარს ეს ქვეყანა? ჩვენ ხომ არ ვირჩევთ სად ვიბადებით – ერთ დღესაც შეიძლება აღმოაჩინო სხვა კულუტრა, სხვა ქვეყანა, სხვა გარემო, რომელიც შენთვის უფრო ახლობელია, შენი თავი იქ უფრო დაინახო, ეს ბუნებრივი ამბავია.
მე ქვეყნის სიყვარული ასე წარმომიდგენია – ის ადამიანები, ის გარემო, სადაც იბადები, პიროვნებად ყალიბდები, ის სივრცე, შენი მეუღლე, შვილები, მეგობრები ქმნიან იმ სიყვარულს, რომელიც შემდეგ ქვეყნის სიყვარულად ტრანსფორმიდება. მე ვერ ვიქნები და არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც ჯერ მიწა და გეოგრაფიული საზღვრები, არქიტექტურის ნიმუშები და შედევრები უყვარს. პირიქით ვუყურებ: მე მიყვარს ის ხალხი, ვინც ეს ყველაფერი შექმნა. თუ ვთვლი, რომ ქვეყნის გულისთვის რამეს ვაკეთებ, სწორედ აქედან გამომდინარეა.
მიყვარს ეს ქვეყანა და მჭირდება, რომ ჩემი ცხოვრება და ბედნიერება ამ ქვეყანაში ვნახო.
——————————————————————
ტექსტი მომზადებულია სამოქალაქო მოძრაობა ,,თავისუფლებისთვის” მიერ, პროექტის ,,იმოქმედე საქართველოსთვის: მტკიცე და აქტიური საზოგადოება ცვლილებებისთვის” ფარგლებში, ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით.