ზოლოფტი, რომლის მოქმედი ნივთიერება სერტრალინია, განეკუთვნება სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიურ ინჰიბიტორებს (SSRI) და მიიჩნევა ეფექტიან საშუალებად დეპრესიის, პანიკური აშლილობის, ობსესურ-კომპულსიური სინდრომისა (OCD) და სოციალური შფოთვითი აშლილობების სამკურნალოდ.
სერტრალინი ზრდის სეროტონინის დონეს თავის ტვინში, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს განწყობასა და ემოციურ სტაბილურობაზე.
როგორ მოქმედებს ზოლოფტი?
ზოლოფტი ამაღლებს სეროტონინის დონეს ნერვულ ქსოვილებში, რაც ხელს უწყობს მენტალური სიმშვიდისა და სტაბილური განწყობის შენარჩუნებას. პრეპარატი არ ახდენს გავლენას ნორადრენალინისა და დოფამინის სისტემებზე, რითაც განსხვავდება სხვა ანტიდეპრესანტებისგან და ამცირებს გულისრევასა და სედაციურ ეფექტებს.
მკურნალობის ეფექტი ხილულია გამოყენებიდან 2-4 კვირის შემდეგ, რაც უზრუნველყოფს დეპრესიისა და შფოთვის სიმპტომების მკვეთრ შემცირებას.
როდის და როგორ ინიშნება ზოლოფტი?
პრეპარატი ინიშნება სხვადასხვა ფსიქიკური აშლილობების, მათ შორის დეპრესიის, პანიკური აშლილობის, OCD-ისა და სოციალური ფობიის დროს.
პრეპარატი მიიღება რეცეპტით. ექიმის შესაბამისი დანიშნულების არსებობის შემთხვევაში კი მისი შეძენა პსპ-ს სააფთიაქო ქსელში შეგიძლიათ.
ზოლოფტის საწყისი დოზა მოზრდილებში ჩვეულებრივ 50მგ-ია, რომელიც შესაძლოა თანდათან გაიზარდოს 200მგ-მდე, თუ პაციენტის მდგომარეობა მოითხოვს. ბავშვებისთვის, განსაკუთრებულ შემთხვევაში, დასაწყისში რეკომენდებულია 25მგ დოზა, რომელიც სიმპტომების მიხედვით შეიძლება გაიზარდოს.
რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატის გვერდითი მოვლენებისა და უკუჩვენებების შესახებ?
ზოლოფტი უმეტეს პაციენტში კარგად გადაიტანება, თუმცა შესაძლებელია ახლდეს მსუბუქი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა გულისრევა, დიარეა, თავბრუსხვევა და ტრემორი. იშვიათად აღინიშნება ჰიპონატრიემია, განსაკუთრებით ხანდაზმულებში ან იმ პაციენტებში, ვინც დიურეზულ პრეპარატებს იყენებს. ზოგიერთ შემთხვევაში, პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ოფლიანობა ან მამაკაცებში პოტენციის დაქვეითება.
ზოლოფტის გამოყენება არ შეიძლება მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთად, რადგან შესაძლოა გამოიწვიოს სეროტონინული სინდრომი – სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა, რომლის სიმპტომებია ჰიპერთერმია, რიგიდობა და ცნობიერების ცვალებადობა. აღნიშნულია ფატალური შემთხვევებიც. ამიტომ მაო-ს ინჰიბიტორების მიღების შეწყვეტიდან 14 დღე მაინც უნდა გავიდეს, სანამ ზოლოფტის მიღებას დაიწყებთ.
სიფრთხილის სხვა ზომები
ზოლოფტით მკურნალობის შეწყვეტა უნდა მოხდეს თანდათან, რათა თავიდან ავიცილოთ გვერდითი ეფექტები, როგორიცაა გაღიზიანება და უძილობა. პრეპარატის ალკოჰოლთან კომბინაცია რეკომენდებული არ არის, რადგან ის ზრდის სერტრალინის ფსიქომოტორულ ეფექტებს და ამცირებს კონცენტრაციის უნარს.
ზოლოფტი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ღვიძლისა და თირკმელების პრობლემების მქონე პაციენტებში და მოითხოვს ექიმის მუდმივ მონიტორინგს მკურნალობის პროცესში. ასევე, თუკი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ატარებთ, ან სამუშაო მექანიკურ დანადგარებთან გაქვთ, შესაძლოა, ზოლოფტმა კონცენტრაციის დაქვეითება გამოიწვიოს და მეტი სიფრთხილით მოგიწიოთ ყოფნა, ან მედიკამენტის მიღების გრაფიკის შეცვლა.
შეიძლება თუ არა მიღება ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის?
ორსულობის პერიოდში ზოლოფტის მიღება დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში, რადგან ამ პრეპარატმა შეიძლება ახალშობილებში გამოიწვიოს მთელი რიგი პრობლემები და ჰოსპიტალიზაციის საჭიროება.
მის გამოწვეულ გართულებებს შორისაა რესპირატორული პრობლემები, ტრემორი და კვების გაძნელება. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი რძეში მინიმალურად გადადის, ამიტომაც აუცილებელია ექიმის კონსულტაცია, რათა შეფასდეს რისკები ბავშვისთვის და, ამავდროულად, სარგებელი დედისთვის.