“ქართველი ინფლუენსერების ძალიან დიდი ნაწილი (მადლობა მცირე გამონაკლისს). შეხედავ მათ კონტენტს და სხვა საქართველოა, სადაც მხოლოდ ჭამენ, სვამენ, მოგზაურობენ, უდარდელად ცხოვრობენ უძვირეს სასტუმროებში, გეგონება, მართლა სხვა ქვეყანაა. კულინარი ინფლუენსერების ვიდეოებში ვერაფერს გაიგებთ გაძვირებულ, ან უხარისხო საკვებ პროდუქტებზე, რომ მაგალითად, ხარისხიანი ყველის, ან ქათმის ყიდვა პრობლემაა. მოგზაურებისგან ვერაფერს გაიგებ უვიზო მიმოსვლის გაუქმების მოსალოდნელ საფრთხეზე, საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურისა და ნორმალური შიდასაქალაქო ტრანსპორტის არარსებობაზე. დადიან რაღაც გაუგებარ, პრიალა კაფე-რესტორნებში, სასტუმროებში, ეშვებიან ზიპლაინებით, გამოსცემენ ხბოს აღტკინების ხმებს, თუმცა ეგ არის მხოლოდ მათი რეალობა – გამოგონილი, დასპონსორებული ზღაპარი”
ამერიკაში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი, თაზო კუპრეიშვილი, ქართველ ინფლუენსერებზე საუბრობს
“აბირ ელ საღირ (Abir El Saghir) ძალიან ცნობილი ლიბანელი კულინარი ინფლუენსერია — ათეულ მილიონობით გამომწერი ჰყავს სხვადასხვა პლატფორმაზე, აქლემის შეწვიდან
დაწყებული, ქართული ხინკლით დამთავრებული, ყველაფერს აკეთებს. მოკლედ, ინტერნეტის სუპერვარსკვლავია. ყოველთვის კარგად გამოიყურება, მისი სამზარეულოც მდიდრულია, ინგრედიენტები – შეუზღუდავი. ამბობენ, რომ ის არის ლიბანის სახე და ა.შ. თუმცა არის ერთი „მაგრამ”.

მის ვიდეოებში ლიბანის შესახებ ვერაფერს გაიგებთ – მხოლოდ გაპრიალებული სამზარეულო, მაკიაჟი, ძვირფასი ტანსაცმელი, უზომო რაოდენობის საკვები და პერიოდულად ლამაზი პეიზაჟები. სულ ეგაა.
ლიბანის ეკონომიკა 2019 წელს ჩამოიშალა და მას შემდეგ ფეხზე წამოდგომას ცდილობენ. ბოლო წლებში წარმოუდგენელი ენერგოკრიზისი აქვთ, რაღაც პერიოდი საავადმყოფოებიც კი უშუქოდ მუშაობდა, ზოგი დაიხურა. 2025 წლის დასაწყისის მონაცემებით, მოსახლეობის მესამედი შიმშილის ზღვარზე იყო, დანარჩენი ორი მესამედიც რომ არ იქნებოდა დალხენილად, ისედაც ცხადია. საკვებზე ხელმისაწვდომობა უკიდურესად შეზღუდულია. თუმცა ეს ოდნავადაც არ აისახება ამ ბლოგერის ვიდეოებში. მანდ არ ჩანს არანაირი ლიბანი. არ ჩანს, როგორ ამუშავებს იმ ძვირფას ელექტროტექნიკას, როგორ ყიდულობს 10-კილოიან თევზს შესაწვავად, ან სად შოულობს ნახევარ აქლემს გრილზე შესაგდებად. მოკლედ, სრული სიყალბე, ტყუილი. რა ფასი აქვს ეგეთ ინფლუენსერობას, სადაც არ აისახება ის რეალობა, სადაც ცხოვრობ?

მე არ ვამბობ, რომ მაინცდამაინც ყველა ვიდეოს ბოლოს აქციებზე, დაკავებულებზე და ა.შ. ისაუბრონ, არა. უბრალოდ, თავიანთ სფეროში რა რეალობაა, ის მაინც ასახონ რეალურად, ეგაა და ეგ.
თუმცა, მერე ალბათ სპონსორებიც არ ეყოლებათ. ჭამა ხომ უნდათ?!”
წერს კუპრეიშვილი, საკუთარ ფეისბუკ გევრდზე.