საქსტატის ინფორმაციით საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირებულია. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებთ ინვესტიციების კლება დაფიქსირდა 2025 წლის როგორც პირველ, ასევე მეორე კვარტალშიც. ეკონომისტის შეფასებით, ქვეყანაში ახალი ინვესტიციები რეალურად არ შემოდის და შემცირებულ მონაცემებშიც ახალი ინვესტიცია არ არის. ანუ, უცხოური ინვესტიციები ფაქტობრივად შეჩერებულია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის [საქსტატი] წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 წლის მეორე კვარტალში 580.1 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის მეორე კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 12 პროცენტით ნაკლებია.
ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე „ბათუმელებთან“ განმარტავს, რომ ამ შედარებების ანალიზისას საინტერესოა ისიც, რამდენად რეალურია, რომ ინვესტიცია რომელიც ზემოთ მითითებულ მონაცემებშია, უცხოურია.
„რაც შემოდის, ისიც ფორმალურად უცხოური ინვესტიციაა, უმეტესი ნაწილი, რეალურად ქართველების ფულია, მათ დაფუძნებული აქვთ კომპანიები სხვადასხვა ქვეყნებში. ძირითადად, იყენებენ ბრიტანეთს, ნიდერლანდებს და შემდეგ, იქიდან შემოდის ეს ინვესტიცია და თითქოს უცხოურია.
მაგალითად, წელს, მეორე კვარტალში, ყველაზე მეტი ინვესტიცია შემოსულია საფინანსო სექტორში, 200 მილიონზე მეტი არის ბრიტანეთიდან. ბრიტანული არაფერი არ გახსნილა ახალი საქართველოში, „თიბისი ბანკი“ და „საქართველოს ბანკი“ ოფიციალურად არიან ბრიტანული კომპანიები, ლონდონის ბირჟაზე არიან დარეგისტრირებული და ისინი საქართველოში ფულს ხარჯავენ – ეს იწერება ქვეყნის უცხოურ ინვესტიციებში.
ასევე, არის ადრე შემოსული კომპანიები, ისინი ხარჯავენ ფულს თავისი კომპანიებისთვის და ასე შემდეგ. ახალი ინვესტიციები არ შემოდის. შემცირებულ მონაცემებშიც კი ახალი ინვესტიცია არ არის. ის, რომ ახალი კომპანია შემოვიდა, რაღაც ახალი ააშენა – ასე არ არის და ეს ცუდია“ – ამბობს ბესო ნამჩავაძე.
საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის მეორე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა:
პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო – 242.7 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 41.8 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზეა თურქეთი – 54.0 მლნ. აშშ დოლარით [9.3 პროცენტი], ხოლო მესამეზე ჩეხეთი – 38.3 მლნ. აშშ დოლარით [6.6 პროცენტი]. ამ ქვეყნების წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 57.7 პროცენტს შეადგენს.
დიაგრამაზე წარმოდგენილია 2025 წლის II კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების მიხედვით
რაც შეეხება სფეროებს, საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის მეორე კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 327.2 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 56.4 პროცენტია.
მეორე ადგილს იკავებს უძრავი ქონების სექტორი – 66.4 მილიონი დოლარით [11.4 პროცენტი], ხოლო მესამეზე ადგილზეა ენერგეტიკის სექტორი – 54.4 მილიონი დოლარით [9.4 პროცენტი].
სამი უმსხვილესი სექტორის წილმა, განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, 77.2 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის განმარტებით, კლება განპირობებულია რეინვესტიციისა და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის შემცირებით:
„2025 წლის ორ კვარტალში სააქციო კაპიტალმა 123.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 21.3 პროცენტია. რეინვესტიციამ 466.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა და მისი წილი 80.4 პროცენტით განისაზღვრა“.
ეკონომისტ ბესო ნამჩავაძის განმარტებით, ინვესტიციის კლებას ეკონომიკაზე სწრაფი ეფექტი შესაძლოა არ ჰქონდეს, მაგრამ ეს მომავალში საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება:
„ბოლო წლებში ინვესტიციებში კლების ტენდენციაა, რაც, ბუნებრივია, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ცუდია, იმიტომ, რომ საქართველო არის განვითარებადი, ღარიბი ქვეყანა და სჭირდება ინვესტიციის მოზიდვა, რომ განვითარდეს.
ასევე, ძირითადად ახდენენ მოგების რეინვესტირებას და ესეც ინვესტიციებში იწერება. აქედან გამომდინარე, ფაქტობრივად, უცხოური ინვესტიციები საქართველოში შეჩერებულია, ახალი ინვესტორი არ არსებობს, ვინც უცხოურ თანხას დებს, ისევ ქართველები დებენ ფულს, ან შესაძლოა ადრე, 10-20 წლის წინ შემოსული კომპანიები ამატებენ რაღაც ინვესტიციებს, თავისი კომპანიების საჭიროებებიდან გამომდინარე.
შესაბამისად, შეიძლება გაჩნდეს კითხვა – თუ ინვესტიციები შემცირდა და ეკონომიკა იზრდება, ეს რაღაც შეუთავსებელი ხომ არ არის ერთმანეთთან? – ეს იმიტომ ხდება, რომ ინვესტიციები არ არის ერთადერთი მიზეზი ეკონომიკური ზრდის. ტურიზმი თუ იზრდება, ან რაღაც სხვა, სხვა მიზეზები შეიძლება იყოს, ექსპორტის ზრდა და ასე შემდეგ და მეორე არის ის, რომ ამას სწრაფი ეფექტი არ აქვს, უფრო მომავალზე მოქმედებს, ვიდრე, ვთქვათ, დღეს.
ახლა ჩვენ რომ ვამბობთ, წელს ექვს თვეში შემცირდა ინვესტიცია, ეს უფრო ურტყამს 2026-2027 წელს და ასე შემდეგ. მომავალში, თუ ასეთი კლება გაგრძელდება, მერე უკვე ეკონომიკური ზრდის ტემპზეც აისახება და უფრო გაართულებს სიტუაციას“.
სტატისტიკის სამსახური განმარტავს, რომ მეორე კვარტლის ინვესტიციების შემოსვლაზე წინასწარი მონაცემები ეყრდნობა რამდენიმე უწყების ინფორმაციას.
ეს უწყებებია: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური [სტატისტიკური გამოკვლევა „საგარეო ეკონომიკური საქმიანობის შესახებ“], საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.