ექსპერტთა ჯგუფი გელათის სახურავის რესტავრაციისას დაშვებულ ხარვეზებს შეისწავლიან

კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, გელათის სამონასტრო კომპლექსის სახურავის რესტავრაციის პროცესში დაშვებულ ხარვეზებს ექსპერტთა ჯგუფი შეისწავლის. ახალი მინისტრი, თეა წულუკიანი არქიტექტორ-რესტავრატორებს შეხვდა სადაც რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღეს:

  • კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს დაევალა, რომ იუნესკოსთან სრულფასოვანი კომუნიკაცია აწარმოოს და მოკლე ვადებში მიაღწიოს საქართველოში ისეთი სპეციალიზაციის მქონე ექსპერტების მოწვევას, რომლებიც ქვეყანას სამწუხაროდ არ ჰყავს (სხვებს შორის, მოჭიქული კრამიტით გადახურვის სპეციალისტი).
  • კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს დაევალა, მიმდინარე წლის 5 აპრილამდე სამინისტროსა და ექსპერტებს წარუდგინოს გელათის სამონასტრო კომპლექსის სახურავის სარესტავრაციო სამუშაოების 2008 წელს შემუშავებული პროექტი და ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც დღემდე სახურავზე ჩატარებულ სამუშაოებს ქრონოლოგიურად ასახავს (მათ შორის ფოტო- და ვიდეომასალა, ასეთის არსებობის შემთხვევაში).
  • გარდა ამისა, განისაზღვრა არქიტექტორ-რესტავრატორთა ჯგუფი, რომელიც ძირითადი ტაძრის სახურავის ერთ-ერთ მონაკვეთზე წითელი მოჭიქული კრამიტის ნიმუშებს აიღებს ექსპერტიზაზე გადაგზავნის მიზნით, ვინაიდან, როგორც შეხვედრაზე გაირკვა, წითელი კრამიტის სახურავზე დაგებამდე მას სამხარაულის ექსპერტიზა არ ჩატარებია. წითელ კრამიტზე ექსპერტიზის პასუხი და 2008-2020 წლების დოკუმენტების კვლევა აუცილებელია უცხოელ ექსპერტთა ვიზიტის სათანადოდ მოსამზადებლად.

მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, სამინისტრო გეგმავს მეორე ჯგუფის შექმნასაც, რომელშიც ფერწერის სპეციალისტები გაერთიანდებიან და დაზიანებული ფრესკების გადარჩენის საკითხზე იმუშავებენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share