“ბოლოს ყველას მოგვადგებიან?!” – ასე გამოეხმაურა “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი “ქართული ოცნების” ახალ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც პოლიტიკური საქმიანობა ეკრძალებათ პირებს, ვისაც ივანიშვილის გუნდი “ნაციონალური მოძრაობასთან” დაკავშირებულად მოიაზრებს.
ირმა ინაშვილის განცხადებით, განვლილი 13 წლის მანძილზე “ოცნება” ირწმუნება, რომ დამნაშავეები უნდა დასაჯოს, თუმცა “5 კაცის გარდა არავინ დაუსჯიათ”. მისივე თქმით, “ქართულ ოცნებას” 100 ტომი საგამოძიებო მასალები აქვს დაარქივებული, მაგრამ არავის დასჯას არ აპირებს.
განვლილი 13 წლის მანძილზე „ქართული ოცნება“ მუდმივად გვარწმუნებს, რომ დამნაშავეები უნდა დასაჯოს, მაგრამ 5 კაცის გარდა, არავინ დაუსჯია. მეტიც – ზურაბ ადეიშვილი თავად გააპარეს ქვეყნიდან. დღეს “ქართულ ოცნებას” 100 ტომი საგამოძიებო მასალებისა დაარქივებული აქვს და თუ ვინმეს დასჯა სურს, შეუძლია დასაჯოს, მაგრამ არავის დასჯას არ აპირებს. ესაა დიდი სპექტაკლი. დამნაშავეთა დასჯის საბაბით, ბატონი კობახიძე იღებს კანონს, რომელიც მას ნებისმიერი თქვენგანის პოლიტიკიდან ჩამოშორებისა და დასჯის საშუალებას მისცემს. დავიჯერო, ამას ვერ ხვდებით?! ასე როგორ მოაჯადოვეს ზოგიერთის გონება?! ისედაც მოკლეს პოლიტიკური პროცესი და ზოგადად, რეალური პოლიტიკა. ყველაფერი აფერისტობად და ფარსად გადააქციეს. ასეთი ქვეყანა მოგწონთ?! ეს იყო თქვენი ოცნება?!” – განაცხადა მან.
“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის თქმით, თუ კობახიძე და “ქართული ოცნება” უკვე აღარარსებულ ნაცმოძრაობას ებრძვის, საკუთარი თავით უნდა დაიწყონ ეს ბრძოლა.
ირმა ინაშვილი აღნიშნავს, რომ კობახიძე თავად მუშაობდა სოროსის ფონდში და ამჟამად საკრებულოებსა და მერებად დანიშნული ადამიანების უმრავლესობაც “ნაციონალურ მოძრაობასთანაა” დაკავშირებული.
თუ ბატონი კობახიძე და „ქართული ოცნება“ უკვე აღარარსებულ ნაცმოძრაობას ებრძვის, საკუთარი თავით დაიწყონ ეს ბრძოლა. შეგახსენებთ, რომ ბატონი კობახიძე თავად მუშაობდა სოროსის ფონდში და ამჟამად საკრებულოებსა და მერებად დანიშნული ადამიანების უმრავლესობაც სწორედ ნაცმოძრაობასთანაა დაკავშირებული, პირდაპირ ან ირიბად! მოვუწოდებ საზოგადოებას: გამოვფხიზლდეთ! თავს ნუ დავამონებინებთ ხალხს, რომელიც მართლა ნაცებთან იყო, როცა ჩვენ სააკაშვილის ბოროტ რეჟიმს შიშველი ხელებით ვუპირისპირდებოდით. ნუთუ ვერ ხვდებით, რომ უკვე დაშლილ და გამქრალ ნაცებთან თითქოსდა ბრძოლის მოტივით, ბოლოს ყველას მოგვადგებიან?!” – განაცხადა ირმა ინაშვილმა.