გურიის მოამბე

„ნუ გადაიწურავთ იმედს“ – სინდისის პატიმრის, გიორგი მინდაძის წერილი ციხიდან

ჟურნალისტი მარიამ ნიკურაძე ფეისბუქზე აქვეყნებს სინდისის პატიმრის, გიორგი მინდაძის წერილს, რომელიც 8 ოქტომბრით თარიღდება. „გურიის მოამბე” სრულად, სტილის დაცვით გთავაზობთ წერილის ტექსტს.

„სალამი, მეგობრებო! 💓

დღეს 8 რიცხვია. ეს დღეებია, ვფიქრობ, რით გაგამხნეოთ. მართალია, 4-ის ამბებით საზოგადოების 70-80% სრულიად იმედგაცრუებულნი დარჩით, თუმცა ესეც გაივლის.

მიუხედავად იმისა, რომ სასურველ შედეგამდე ბევრი დაგვაკლდა, მაინც ნუ გადაიწურავთ იმედს.

არ გეგონოთ ეს წერილი ჩემი ხვეწნა-მუდარა რიგითი საცოდავისგან, არა! ეს არის გამხნევება იმ ადამიანისგან, რომელიც ამაყობს თქვენით.

ახლა აღგიწერთ, რა დავინახე, მე რა ვიგრძენი: კიდევ ერთი ურიცხვი ადამიანის მხარდაჭერა, კიდევ ერთი შეუპოვარი ბრძოლა, ერთი რიგითი უმნიშვნელოვანესი დღე ჩემს ცხოვრებაში. ერთადერთი, რაზეც აუცილებლად ვიწუწუნებ ის არის, რომ ჩემი ფიზიკური და ყოფითი მდგომარეობის გამო ვერ მოვახერხე, მიმეღო მონაწილეობა ამ საოცარ და საამურ მარშში. თუმცა შემიძლია, ბედნიერიც ვიყო, რადგან მე იმ ადამიანების სიაში ვარ, ვის გამოც ეს ამბავი დღემდე მიმდინარეობს.

მადლობა ყველას იმისთვის, რომ ასეთი კარგები ხართ, მადლობა ყველას იმისთვის, რომ ქართველები ხართ! 💓 და მადლობა, რომ ხართ!“ – წერს გიორგი მინდაძე.

გიორგი მინდაძის წერილი ციხიდან

პროევროპულ აქციებზე დაკავებულ 21 წლის გიორგი მინდაძეს, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტს, 5-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მიიღო 3 ივლისს.

სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტს ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. პროკურატურის ვერსიით, გიორგი მინდაძემ 2024 წლის 29 ნოემბერს, პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს, პიროტექნიკა ისროლა, რამაც გდდ-ს [განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი] წევრი, შმაგი ჯაჭვაძე დააზიანა.

სპეცრაზმელი სასამართლოში ჩვენების მისაცემად პირბადით და ქუდით მივიდა და მთელი პროცესის განმავლობაში ცდილობდა, სახე დაემალა. მან თქვა, რომ დაზიანება მიიღო პიროტექნიკით, თუმცა ექიმის დახმარება არ დასჭირვებია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights