გურიის მოამბე

“რამდენი წელი გავიდა და მადლობებს ვიხდით, რომ არ გვაუპატიურებენ და არ გვკლავენ”

“მსოფლიო მოვიარე და ყველგან ვჭირდები კოლეგებს, კულტურას, აქ კი – არავის. ის კი არ მინდა, რომ მინისტრმა შემაქოს, ეს არ მაინტერესებს და არც მხიბლავს, მაგრამ არ არის არანაირი ხელშეწყობა, რამე გავაკეთო”
 
როცა ინტერვიუს ჩასაწერად დირიჟორ გოგი ჭიჭინაძეს დავუკავშირდი, თავდაპირველად ინტერვიუზე არ მთანხმდებოდა, მითხრა, დღევანდელი რეალობიდან ბევრ რამეზე მტკივა გული, ბოლო წლების განმავლობაში ერთსა და იმავეზე მიხდება საუბარი, რადგან რეალობა არ იცვლებაო. ფილოლოგების ოჯახში აღზრდილს, არ მოსწონს ისიც, როგორც ლაპარაკობენ დღეს – არაქართულად. რატომ აღარ აქვს ხვალინდელი დღის იმედი და ვისთვის ზრდის სტუდენტებს, რას ფიქრობს ვაქცინაციის შესახებ – ამაზე ვრცლად იგი kvirispalitra.ge-სთან საუბრობს:

 

– სიმართლე გითხრათ, აღარ მინდა პოლიტიკაზე ლაპარაკი. ჯერ ერთი, არ არის ეს ჩემი საქმე და მეორეც, რამდენჯერაც გამოვხატე ჩემი აზრი, იმდენჯერ ვინანე. ვერაფერს

საიმედოს ვერ ვხედავ ვერც ერთი მხრიდან და ვერც – მეორედან. ისინი სადისტები იყვნენ და ეს უკვე არაერთხელ ითქვა, მაგრამ ვერც ამ ხელისუფლების პირობებში ვხედავ რამე სასიკეთოს. რამდენი წელი გავიდა და ვიხდით მადლობებს, რომ არ გვაუპატიურებენ და არ გვკლავენ. რაც შეეხება ჩემს საქმეს, კულტურას, არავის სჭირდება და არანაირი ინტერესი არ აქვთ, რომ ეს იქცეს სახელმწიფოსთვის პრიორიტეტად. ერის გადარჩენაზე კი არა, რაზე უნდა ვილაპარაკოთ, როცა ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც საზღვრებიც კი არ გვაქვს, აიღეთ დავით გარეჯას თემა. არადა, იმედი გვქონდა, რომ რაღაც შეიცვლებოდა, მაგრამ პოლიტიკოსები აბსოლუტურად ერთნაირები არიან, ყველანი, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ესენი სადისტები და ავადმყოფები არ არიან.

– ამბობთ, რომ ასეთი დამოკიდებულება ვერ გადაარჩენს საქართველოს, თქვენთვის რა არის ყველაზე მტკივნეული ან, როგორ ფიქრობთ, რამ შეიძლება გადაარჩინოს ქვეყანა?

– კულტურის “ვარდნა” – ეს არის ჩემთვის მტკივნეული თემა და სამწუხაროდ, კულტურა ქვეყნისთვის პრიორიტეტი არ არის. ხშირად გაიგონებთ, რა დროს ცხოველებია, როცა ადამიანებს უჭირთ და შიათო, ეს არ არის სწორი მიდგომა. რაც შეეხება გარემოს დაცვას, ბუნებას, არქიტექტურას, გაიხედ-გამოიხედეთ, რა ხდება თბილისში, რას აშენებენ და რას დაამსგავსეს ქალაქი, გინდა ძველებმა და გინდაც, ახლებმა. კიდევ რა მაწუხებს, იცით? რუსთაველზე რომ გახვალ, ვერ მიხვდები, რა ენაზე ლაპარაკობს ხალხი, მშობლიურ ენას ვერ ცნობ, ვერაფერს იგებ… პირველკურსელები რომ მოდიან ჩემთან, მათი საერთო განათლებისა და კულტურის დონე არის დაბალი, გამონაკლისებს არ ვგულისხმობ. ერთი გენიოსი ბავშვი რომ გვყავს და მსოფლიო ოლიმპიადაზე მათემატიკაში გაიმარჯვებს, ეს საერთო ფონს ვერ ცვლის, ეს არ არის განათლების სისტემის დამსახურება. ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რაც სახეს გვაკარგვინებს, გაუნათლებლობას ვგულისხმობ… გარდა ამისა, კულტურული ცხოვრება აბსოლუტურად მორღვეულია და ეს არ ხდება პანდემიის გამო, ისედაც ასე იყო. მე უკვე ზუსტად ვიცი, რომ ჩემი ქვეყნისთვის აღარ ვზრდი ჩემს სტუდენტებს, ისინი წავლენ უცხოეთში და დავრჩებით უარაფროდ. მე ჩამოვდივარ საქართველოში, რადგან სხვანაირად არ შემიძლია; არ შემიძლია მივატოვო ჩემი საქმე და ამიტომ თვეში ორჯერ დავფრინავ აქეთ-იქით, თანაც ღამით. ჩვენთან ხომ მხოლოდ ღამის რეისებია, ნორმალური დრო არ გვაქვს მგზავრობისთვის და როდესაც აქ შემოვდივართ, საქართველოს მოქალაქეებისთვის არის მხოლოდ 2 ფანჯარა, დანარჩენი 13 – უცხოელებისთვის. ჩვენი აეროპორტი ჩვენ არ გვეკუთვნის. ისინი მალე გადიან რიგს და ჩვენ დაღლილები და დაქანცულები რიგში კარგა ხანს ვდგავართ. საზღვარგარეთ ასეთი რამ არ ხდება. ეს არის ზუსტად პროვინციალიზმი, საკუთარ ხალხს რომ არ უვლი, ყველაფერზე გაქვს აქცენტი, გარდა შენი ხალხისა.

– გამოდის, ხვალინდელი დღის იმედი აღარ გაქვთ?

– არა, არაფრის იმედი აღარ მაქვს, სამწუხაროდ. მაქვს მხოლოდ რამდენიმე ჩემთვის პატივსაცემი ადამიანის და საკუთარი თავის იმედი, რადგან თავს ვაკლავ ჩემს საქმეს და ვცდილობ, შვილი რომ გაიზრდება, ის მაინც იყოს ბედნიერი. რასაც ვწვდები, იმას ვაკეთებ. მე აქ არავის ვჭირდები, რეალობა ასეთია. მსოფლიო მოვიარე და ყველგან ვჭირდები კოლეგებს, კულტურას, აქ კი – არავის. ის კი არ მინდა, რომ მინისტრმა შემაქოს, ეს არ მაინტერესებს და არც მხიბლავს, მაგრამ არ არის არანაირი ხელშეწყობა, რამე გავაკეთო. აინტერესებთ მათი აზრი, ვინც მუდმივად ყვირის, იგინება და ვისიც ეშინიათ. ვისაც საქმის კეთება შეუძლია რეალურად, ისინი ხომ ჩუმად არიან, სკანდალს არ მოაწყობენ, ფეისბუკზე რამე სიბინძურეს არ დაწერენ, არ დაიწყებენ გინებას და ა. შ. ამას წინათ, აეროპორტში ვიყავი წასასვლელი, გასტროლზე. საშვის დასაშვებად 3 საათის განმავლობაში ვრეკავდი 144-ზე და არავინ მიპასუხა. პოლიციაშიც დავრეკე, მხოლოდ მომიბოდიშეს, ძალიან ვწუხვართო. ბოლოს ვიღაცამ მითხრა, აეროპორტის ტაქსი გამოიძახეო. თავისუფალი ტაქსი არ აღმოჩნდა. აღარ ვიცოდი, რა მექნა და ამასობაში ისევ მათ დამირეკეს, ერთი თავისუფალი ტაქსი გამოჩნდა და ცოტა ადრე რომ მოვიდეს თქვენთანო, ხომ შეიძლებაო. ფასი არ გაინტერესებთ? – 65 ლარი. რა გინდა თქვა ამ ყველაფრის შემდეგ? არადა, მართლაც ბევრი რამის შეცვლა შეიძლებოდა. ის ლაპარაკი, რომ ამერიკის რომელიღაც სენატორი უშლით ხელს სამართლიანობის აღდგენაში 9 წლის განმავლობაში, უკვე მოსაბეზრებელია. ამ წლების მანძილზე ჯვარს რომ აცვი ქვეყანა და ხალხი და უფრო მეტად რომ ჩააგდე იმათ ხელში, ვისზეც თავის დროზე უარი ვთქვით, ეს ნიშნავს, რომ ხარ უპრინციპოც, უნამუსოც, უღირსიც და უნიათოც.

– საზოგადოება ისედაც დაყოფილი იყო პოლიტიკური ნიშნით, ახლა უკვე ვაქცინაციის შესახებაც გაიყო აზრი. თქვენ რას ფიქრობთ, აპირებთ აცრას?
– ესეც კულტურისა და განათლების შედეგია. როდესაც ადამიანი ამბობს, რომ ვაქცინას არ იკეთებს, რადგან კოდს შეუყვანენ და დაჩიპავენ, ეს სიბნელის ნიშანია. სახელმწიფოს ამაზეც უნდა ეზრუნა და უნდა მოემზადებინა საზოგადოება. რა თქმა უნდა, ვაქცინა დაუტესტავია, მაგრამ მირჩევნია აცრით გავრისკო და საფრთხის ქვეშ დავაყენო საკუთარი თავი, ვიდრე დავაინფიცირო, ვთქვათ, დედა და საფრთხე შევუქმნა მის სიცოცხლეს. არც ველაპარაკები იმ ხალხს, ვინც იწყებს ფილოსოფოსობას და საუბარს კონსპიროლოგიაზე, შეთქმულების თეორიაზე, ისევე როგორც იმ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ აუცილებლად უნდა დავლიოთ წამალი “მადლი ღვთისა”. თუმცა ჩვენ ყველა თანასწორები ვართ და არჩევნის უფლება ყველას გვაქვს. მთავარია, განვსაზღვროთ რომელი უფრო საფრთხის შემცველია – ვირუსი თუ ვაქცინაცია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: