მე ვარ ლაშა ჯანჯღავა, 30 წლის, ფილოსოფიის მაგისტრი.
მგონია, რომ პროტესტი ბავშვობიდან იწყება, თუნდაც პირველი უარის თქმა რაღაცაზე, პროტესტი მშობლის მიმართ, სკოლაში… ისეთი ბავშვი ვიყავი, ჩემებური ხასიათი მქონდა – მერჩია, არ მესაუბრა, თუმცა პროტესტს ყოველთვის გამოვხატავდი რაღაც ფორმით და ვერ ვიტანდი უსამართლობას.
წლების განმავლობაში სულ გამოვდიოდი აქციებზე: ,,სირცხვილიას’’ აქციები, გავრილოვის ღამე, ,,ბასიანის’’ ამბავი… მერე უკვე, როდესაც უკრიანის ომი დაიწყო, დაახლოებით ერთ-ორ თვეში, დაიწყო ჩვენი პროტესტი – ,,ჯიუტი’’ – ყოველ საღამოს, 9 საათზე გამოვდიოდით რუსთაველზე, რაც წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა. ეს იყო რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული პროტესტი და უკვე მაშინ დავიწყეთ საუბარი იმაზე, რომ ,,ქართული ოცნების’’ მმართველობას რეჟიმის სახე ჰქონდა.სანამ ,,ჯიუტის’’ პროტესტი დაიწყებოდა, სოფელში ჩემთვის, განმარტოებით ვცხოვრობდი, თუმცა იქაც ვგრძნობდი, რომ რაღაც უნდა გამეკეთებინა. ჩამოვედი და დავიწყე თანამოაზრეების ძებნა. დავუკავშირდი ჩემს მეგობარ ბადრი ოკუჯავას, ,,საბჭოთა კვლევის ლაბორატორიის’’ მკვლევარს, და გავიცანით გიორგი მელაძე, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს სოციალურ პროტესტების დაგეგმვისა და მსგავსი ტიპის პროტესტებში მონაწილეობის. მერე ძალიან დავახლოვდით, აღმოჩნდა, რომ ბევრი საერთო გვქონდა, მსგავსი ხედვები… ვფიქრობდით, რომ პროტესტი უნდა ყოფილიყო უწყვეტი. ჩვენ უმეტესად გვინდა, რაღაცები უცებ მოხდეს – ფეთქებადი პროტესტი გვაქვს ხოლმე, რაღაც მოხდება და მერე იმაზე ვრეაგირებთ. ამის პასუხად, ჩვენ ვამბობდით, რომ ეს სპრინტი კი არაა, მარათონია, სადაც დაგეგმვითი აქტივობები ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, გვინდოდა იმის ჩვენება, რომ შეგვეძლო ჯიუტად დაგვეფიქსირებინა ჩვენი პოზიცია.
ყოველდღე ცხრაზე ვიკრიბებოდით პარლამენტის წინ. თავიდან თითო-თითო ადამიანი ვიყავით, ერთიც მდგარა, ორიც, მაგრამ თანდათან უფრო გავმრავლდით, ბევრმა გაიგო ჩვენ შესახებ. ეს არ იყო მხოლოდ დგომა, ადამიანებს ვიწვევდით და ლექციებს ვაწყობდით – რა პროცესიც არ მიმდინარეობდა პარლამენტში, შევქმენით პარლამენტს გარეთ. ბევრ საჭირბოროტო საკითხს განვიხილავდით, იქ განსხვავებული იდეოლოგიის ხალხი მოდიოდა და თავიანთ პოზიციებზე საუბრობდნენ. იოგაზეც კი გვქონია ლექცია, პოლიციელები რომ მოვიდნენ და ნახეს, რომ ვიღაც რუპორით იოგაზე ლაპარაკობდა, გაგიჟდნენ, უფროსს გადაურეკეს, ესენი იოგაზე ლაპარაკობენო.
ახლა რასაც ვხედავთ რუსთაველზე, დაახლოებით ,,ჯიუტის’’ გაგრძელებაა. მე არ ვამბობ, რომ ერთი-ერთში ეგაა, მაგრამ იდეა არის ის, რომ ჩვენ უწყვეტად ვაპროტესტებთ. შეიძლება იქ ყოველდღე ათასობით ადამიანი არ დგას, თუმცა ეს მაინც ამბობს თავის სათქმელს, აჩვენებს იმას, რომ ხალხი გაბრაზებულია და სანამ არ გაიმარჯვებს, მანამდე არ შეწყვეტს ბრძოლას.
ახლა კრიტიკულ ფაზაში ვართ. სიმართლე გითხრათ, მე დარწმუნებული ვარ, რომ გავიმარჯვებთ. ამ რწმენას მაძლევს ის, რომ ვიცი, არასდროს დავნებდები და ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც არასდროს დანებდებიან. თუ ამ ფორმით ვერ გავაგრძელებთ პროტესტს, ჩვენ აუცილებლად ვიპოვით სხვა გზას და სხვა ფორმას. ქოცებს რომ დასჭირდეთ, ერთმანეთს გაყიდიან, ისე გასწირავენ ერთმანეთს, თვალს არ დაახამხამებენ. ჩვენთან პირიქითაა – ჩვენ გვაძლიერებს ის, რომ ერთმანეთი გვყავს, ვიცით, რომ გასაჭირში ერთმანეთს არ მივატოვებთ. ამასთან, სიმართლე ჩვენს მხარესაა და რაც არ უნდა პროპაგანდა ავრცელონ, ჩვენ ხომ ვიცით, რომ სწორ მხარეს ვიბრძვით?! სიმართლე უნდა დავიცვათ. ქართველმა ხალხმა მიაღწია იმას, რომ ევროპის კარი გაგვიღეს, ესენი კი ცდილობენ, ეს დიდი მონაპოვარი თვალსა და ხელს შუა გააქრონ და ალტენატივად რუსეთს გვისახავენ. რეალურადაც ვხედავთ ამას – ახლა რუსეთთან უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ევროპასთან.
პროტესტში გატარებული ერთი წელი იმდენად დიდი სტრესია, ჩვეულებრივი ცხოვრების რამდენიმე წელს ნიშნავს ადამიანისთვის. იმდენად დიდი სტრესია ეს დაკავებები… მეც დამაკავეს ჯერ კიდევ 2023 წლის ივნისში ,,სუფთა ფურცლების’’ აქციაზე. ეს წნეხი ყოველთვის არის – ანგარიშები დამიყადაღეს და უნივერსიტეტში, სადაც ვმუშაობ, ხელფასს ვერ ვიღებ; ამ პროცესების მერე დიაბეტი დამემართა. პირადი ცხოვრება საერთოდ აღარ გვაქვს. დოქტურანტურას ვერ ვაგრძელებ იმიტომ, რომ თავს ვერ ვაბამ, ნორმალურად დავჯდე ბიბლიოთეკაში და ვიმეცადინო. როცა დავაპირე, ჩემი მეგობარი დააკავეს… სულ რაღაც ხდება. რომ გადავხედო, რას ვკითხულობ ბოლო დროს, ფილოსოფიური ტექსტებისა და ლიტერატურის გარდა, ვეძებ ინფორმაციას იმაზე, პროპაგანდას როგორ ამუშავებს რუსეთი, მერე კონტრ-ნარატივები რომ შევქმნათ.
ზედმეტი სიტყვების გარეშე რომ ვთქვა, ეს არის ჩვენი ბრძოლა იმისთვის, რომ ეს ქვეყანა გადავარჩინოთ. ამისთვის, პირველ რიგში, რუსული რეჟიმი უნდა შევცვალოთ. ჩვენი ბრძოლა მერეც უნდა გაგრძელდეს, ძალიან ბევრი გვექნება სამუშაო. აღარ უნდა დავიჭიროთ იმ ამორალურ ადამიანებთან რაიმე სახის კონტაქტი, არ უნდა დავნიშნოთ თანამდებობებზე, რომლებიც ყველა მთავრობაში იყვნენ; უნდა დავანგრიოთ პოლიციური სისტემა, რომელიც მხოლოდ სისტემასა და ძალის დემონსტრირებას ემსახურება; აუცილებლად უნდა წამოვწიოთ წინ და საზოგადოებას ვაჩვენოთ, რა ხდებოდა საბჭოთა კავშირში რეალურად, დღეს ეს სურათი არ გვაქვს, ზოგი ისევ იმ პროპაგანდის გავლენის ქვეშაა და ეს ძალიან მოქმედებს ჩვენს მენტალობაზე; ძირეული ცვლილებებია საჭირო საპატრიარქოში – უნდა მოხდეს მათი პოლიტიკიდან ჩამოშორება, ყველამ უნდა აკეთოს თავისი საქმე, მაფიოზებად არიან ქცეულები; ეს სისტემები ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული – მთავრობა და დღევანდელი სამღვდელოება, რომელიც იარაღს ტენის.
ზოგადად, პროტესტით შენს სინდისის ხმას გამოხატავ, ეს არის ყველაზე ძვირფასი, რაც ადამიანს შეიძლება ჰქონდეს. ეს ხმა პირდაპირ არის დაკავშირებული აზროვნებასთან – როდესაც შენ სინდისი გაწუხებს, ეს იმას ნიშნავს, რომ იაზროვნე, იფიქრე. რატომ არ ვწყვეტთ ბრძოლას? იმიტომ, რომ ჩვენს სინდისთან მართლები ვიყოთ. შეიძლება ვთქვათ, რომ სახლში ჩავიკეტებით და არ გამოვალთ, ფეხებზე დავიკიდებთ, მაგრამ მაინც ვერ მოვისვენებთ. მე მგონია, რომ გულის სიღრმეში ყველას აქვს ეს ნაწილაკი, მაგრამ ზოგი იმდენად მალავს და ფარავს ამას, შეიძლება, მთელი ცხოვრების განმავლობაში ვერ მიაგნოს და ვერ იპოვოს. ჩემი აქტიურობის მიზანიც ისაა, რომ მეტმა ადამიანმა ჩაიხედოს გულში. ვიდეოებს რომ ვწერ და ვლაპარაკობ, ზოგი მეუბნება, ქოცებს რატომ მიმართავ, რა აზრი აქვს მათთან ლაპარაკსო, მაგრამ მგონია, რომ ეს ადამიანები იმდენად არიან პროპაგანდის მსხვერპლი, რომ საკუთარ თავთანაც ვერ რჩებიან მარტო. ვცდილობ, პასიურ მოწინააღმდეგეებს და ნეიტრალურ ადამიანებსაც ვესაუბრო, მაინც მგონია, რომ შეიძლება ვიღაც შემოტრიალდეს, მაინც მჯერა, რომ ადამიანები იცვლებიან.
——————————————————————– სამოქალაქო მოძრაობა ,,თავისუფლებისთვის” – მოამზადა ნინო ურუშაძემ