გურიის მოამბე

„ვიდრე შენ არ გეხება, ამჯობინებ დუმილს. ასე დამყარდა საბჭოთა ტერორიც“ – ნინო ხარატიშვილი

„როგორც ჩანს, ანესთეზია ძალიან საფუძვლიანად გაკეთდა,“ – საკუთარ მოსაზრებას  მწერალი ნინო ხარატიშვილი ,,ბათუმელებს” უზიარებს.

„მესმის ტოტალური დაღლა. როდესაც მთელ ცხოვრებას ამ პროცესში ატარებ: სულ რევოლუციაა და გადატრიალება, მუდმივად ცვლილების მოლოდინია. გასაგებია, რომ ადამიანი იღლება. ყველას ერთი ცხოვრება გვაქვს და გვინდა, ეს ცხოვრება ღირსეულად გავატაროთ, მაგრამ დგება ისეთი მომენტი და ახლა ცალსახად ეს მომენტია, სადაც შენ უბრალოდ არა გაქვს უფლება, დანებდე, მიჰყვე დინებას. ხვალ შეიძლება გაიღვიძო და ისეთ დინებაში აღმოჩნდე, რომ მერე უკვე მართლა დაიხრჩო…

სხვა დიქტატორული რეჟიმებისგან, ბელარუსისგან ან რუსეთისგან, განგვასხვავებს ის, რომ შიში ჯერ არ არის ტოტალურად გამეფებული. ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ადამიანია საქართველოში, ვინც სიცილით, იმედით, თავისუფალი აზრის გამოხატვის სურვილით გამოდის ქუჩაში, სოციალურ ქსელებში აფიქსირებს თავის პოზიციას. მე მგონი, აი, ზუსტად ამაზეა ახლა დამოკიდებული ჩვენი ბედი. ასეთი განცდა მაქვს, რომ ამაზეა დამოკიდებული ჩვენი მომავალი. ეს თუ დავთმეთ და ეს თუ გაქრა, მაშინ გასაგებია, რომ უკვე იქ ვართ, სადაც არ გვინდა ყოფნა.

ყველანაირი სახის პროტესტი, მგონია, რომ ამ ეტაპზე არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.

დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი მანიშნებელია აზრის თავისუფლად გამოხატვა. ამაში შედის დემონსტრაციის გამართვის უფლება. ჩვენ თუ ეს უფლება წაგვერთვა და დავკარგეთ – ამის მაგალითია ჩრდილოეთით ჩვენი მეზობელი – უკვე ოფიციალურად ვცხადდებით დიქტატურად.

მესმის, რომ ყველას შეიძლება არ ჰქონდეს საპროტესტო აქციაზე გასვლის საშუალება, მილიონი მიზეზი არსებობს, რის გამოც იგი ქუჩაში ვერ გამოდის, მაგრამ გაჩუმება და ამ ყველაფრის არ შემჩნევა ან არ დანახვა არის საშიში.

ყველამ, რა სახითაც შეუძლია და რაზეც მიუწვდება ხელი, ისე უნდა გამოხატოს პროტესტი: თუნდაც გამოელაპარაკოს ქუჩაში ვინმეს, ელაპარაკოს მეზობელს ან თანამშრომელს, შევიდეს, ვთქვათ, დისკუსიაში. ყველაფერს აქვს აზრი.

შეიძლება, რაღაცნაირად უსუსურად ვგრძნობდეთ თავს და განცდა გვქონდეს, რომ ასე მაინც ვერაფერს შევცვლით, მაგრამ ესეც საბჭოთა გადმონაშთია. საბჭოთა კავშირში ნამდვილად ასე იყო: ყოველთვის ზედა ინსტანცია არსებობდა, ვთქვათ, კრემლი და ინდივიდის, მოქალაქის აზრს არ ითვალისწინებდნენ. ყველა ცხოვრობდა რაღაცნაირ, კოლექტიურ ანესთეზიაში, როგორც მე მას ვეძახი.

დღეს, საბედნიეროდ, ჯერჯერობით ასეთი სიტუაცია არ არის. ყოველთვის ამას ვიმეორებ, სადაც ხმა მიმიწვდება, პრესა იქნება თუ მკითხველთან შეხვედრისას, რომ ჩვენ სხვა დიქტატორული რეჟიმებისგან, ბელარუსისგან ან რუსეთისგან, განგვასხვავებს ის, რომ შიში ჯერ არ არის ტოტალურად გამეფებული. ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ადამიანია საქართველოში, ვინც სიცილით, იმედით, თავისუფალი აზრის გამოხატვის სურვილით გამოდის ქუჩაში, სოციალურ ქსელებში აფიქსირებს თავის პოზიციას. მე მგონი, აი, ზუსტად ამაზეა ახლა დამოკიდებული ჩვენი ბედი, ჩვენი მომავალი.

ეს თუ დავთმეთ და ეს თუ გაქრა, მაშინ გასაგებია, რომ უკვე იქ ვართ, სადაც არ გვინდა ყოფნა”-ამბობს ხარატიშვილი.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights