გურიის მოამბე

მძღოლებისთვის ჯარიმები იზრდება-შსს მ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მოამზადა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მოამზადა, რომლის თანახმადაც საგზაო წესების დარღვევისათვის ჯარიმები იზრდება.

კერძოდ, შსს-ს თანახმად:

100 ლარამდე იზრდება ჯარიმა სატრანსპორტო საშუალების გზაზე მანევრირების წესების დარღვევისთვის. ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 20 ქულით;

50-დან 100 ლარამდე იზრდება სანქცია 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ის სიჩქარის გადაჭარბებისთვის;

50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის, ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 10 ქულით;

50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილის მართვის დროს მძღოლის მიერ მობილურით სარგებლობისთვის;

დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის თბილისის მსგავსად, 50 ლარამდე იზრდება ჯარიმის ოდენობა ქუთაისის, ბათუმის, მცხეთის, რუსთავის, გორის, თელავის, ფოთის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში და საქართველოს კურორტებზე.

დამატებით პასუხისმგებლობა დგინდება BUS LANE-ზე სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა სხვა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობისთვის, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

ასევე, ახალ სამართალდარღვევად განისაზღვრება სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა-გაჩერება, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

ამავდროულად, ამ სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, კანონით განსაზღვრული პირობების არსებობისას, სატრანსპორტო საშუალება დაექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას.

შს სამინისტრო წერს, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტს უკვე წარუდგინა.

უწყების ცნობით, ჯარიმების გამკაცრების მიზანი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციაა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights