გურიის მოამბე

უბნებზე ხმის ჩაწერა იკრძალება – იქნება კადრი, ვერ მოგასმენინებთ ხმას

მომავალში ამბებს საარჩევნო უბნებიდან უხმო კადრებით მოგიყვებით. დარღვევებს გადავიღებთ, მაყურებელი კი მხოლოდ უხმო კადრებს ნახავს, ხმაურის შემთხვევაში მას გაჩვენებთ, მაგრამ ხმის გარეშე; პირდაპირ ეთერში უბნიდან ვერ ვიმუშავებთ; “ქართული ოცნება” საარჩევნო უბანზე ხმის ჩაწერას სრულად კრძალავს.

“ოცნება” ამბობს, რომ სრულფასოვანი გადაღებით, ანუ კადრით და ხმით პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნების რისკი დგება, თუმცა ჩნდება კითხვა: ზრუნავს უფლებების დაცვაზე თუ ზრუნავს გაყალბების დამალვაზე. ახალი კანონპროექტი 2024 წლის არჩევნებზე  რომ ძალაში ყოფილიყო, დამკვირვებლები ასეთ მტკიცებულებებს ვერ მოაგროვებდნენ.

დამკვირვებლები ვერც ე.წ. კარუსელის გამოვლენას შეძლებენ, რადგან ერთი და იგივე პასპორტის აღმოსაჩენად, პირისთვის პასპორტის მოთხოვნა სჭირდებათ. ეს კი იკრძალება. იზღუდება გადასაღები სივრცეც და საბოლოოდ, სრულფასოვანი მონიტორინგი შეუძლებელი ხდება.

ეს მხოლოდ რეგულაციების ერთი ნაწილია. მონიტორინგის და გაშუქების შეზღუდვასთან ერთად, იცვლება საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესით. ახალი რეგულაციით, თუ პირი სისხლის სამართლით დაჯარიმებულია, ის კომისიის წევრი ვერ იქნება. მათ შორის კი შესაძლოა იყვნენ პროტესტში ჩართული ადამიანები, ვისაც ხელისუფლებამ გზის ხელმეორედ გადაკეტვა ან პირბადის ხელმეორედ გამოყენება სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაუთვალა.

ამ ახალ კანონპროექტში ყველაზე რეპრესიულად ემიგრანტებთან დაკავშირებულ ცვლილებებს განიხილავენ. ემიგრანტებისთვის ქვეყნის გარეთ ხმის მიცემა იკრძალება. “ქართულ ოცნების” მტკიცებით, საქართველოს მოქალაქეები საზღვრებს მიღმა მოვლენებს სწორად ვერ აფასებენ და არჩევანის გაკეთებაც არ შეუძლიათ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights