მზია ამაღლობელი, ანდრო ჭიჭინაძე, მათე დევიძე, საბა სხვიტარიძე, ზვიად ცეცხლაძე – ეს იმ პატიმართა არასრული ჩამონათვალია, რომლებიც საპროტესტო აქციებიდან ციხის საკანში მოხვდნენ. ერთი ცნობილი გამონათქვამის მიხედვით, “ნებისმიერი საზოგადოების ნამდვილი საზომი ის არის, თუ როგორ ექცევა თავის დაუცველ წევრებს, მათ შორის პატიმრებს”…
რას ფიქრობენ “სინდისის პატიმრებზე” ცნობილი ადამიანები.
“მტყუანი და მართალი კანონმა უნდა გაარჩიოს”
იმედა კახიანი, მსახიობი: – ვწუხვარ, რომ ჩვენს ქვეყანაში შფოთი და დაძაბულობა არ ნელდება, თუმცა დაწყნარებული ახლა არც ერთი ქვეყანაა. ყველგან რაღაც ხდება და ბევრი რამ ძირფესვიანად იცვლება. რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ქუჩაში ქვეყნის სიყვარულმა გამოიყვანა, მე მათზე ცუდს ვერ ვიტყვი. თავისი აზრის გამოთქმის უფლება ყველას აქვს. შეიძლება მე არ მომეწონოს, მაგრამ ხომ არ შეიძლება ამის გამო თანამოძმე შევიძულო? ან როგორ შეიძლება ყველა ერთნაირად ფიქრობდეს? ათასობით ადამიანი ერთ აზრზე როგორ იქნება? შეიძლება ადამიანი მცდარ ნაბიჯებს დგამს, მაგრამ ქართველ კაცზე როგორ ვიტყვი, რომ გამყიდველი და სამშობლოს მოღალატეა? – საამისოდ ენა არ მომიბრუნდება. ქართველს თავისი ქვეყანა მთელი გულით უყვარს, ამიტომ ბევრი დიდი ქვეყნის შვილი ვერ იგებს, რას ნიშნავს სიტყვები “არ გავცვლი სალსა კლდეებსა, უკვდავებისა ხეზედა”. ეს მიწის ყივილია, რომელიც ყველას არ ესმის. ეს ადამიანებიც ქართველები არიან, მაგრამ თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, მაშინ კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს! ამავდროულად, უდანაშაულო ადამიანი ციხეში არ უნდა იჯდეს! როგორ შეიძლება უდანაშაულო კაცი ციხეში ჩასვა და ლაპარაკი აუკრძალო? მე მჯერა, რომ ვინც უდანაშაულოს დაიჭერს, ღვთის წინაშე აგებს პასუხს.
რას ვფიქრობ იმ ხალხზე, აქციებზე ახლაც რომ გამოდის და მიტინგებს მართავს? – ახალგაზრდა კაცი აქციაზე თუ გამოვიდა, ამისთვის არ უნდა დაიჭირო, მაგრამ ვინც “მოლოტოვის კოქტეილი” ისროლა და პოლიციელი დაასახიჩრა, პასუხი უნდა აგოს! თავის მხრივ, დამნაშავე პოლიციელმაც უნდა აგოს პასუხი, მაგრამ ერთი რამ უნდა გაგახსენოთ: ამერიკელები ჩვენ გვასწავლიან, დემოკრატია როგორ ავაშენოთ და მომიტინგეებმა სამთავრობო შენობაში შეჭრა რომ დააპირეს, წყალი კი არ მიასხეს, ავტომატები მიუშვეს და რამდენიმე კაცი დახვრიტეს. საბოლოო ჯამში, მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია: მტყუანი და მართალი კანონმა და სამართალმა უნდა გაარჩიოს.
“ჩვენს სამშობლოს ახლა კეთილგონიერი და სამართლიანი ხალხი სჭირდება”
დათო ტურაშვილი, მწერალი: – რა სამწუხაროა, რომ ძალიან მარტივი ჭეშმარიტების ახსნა მიწევს ახლა, ოცდამეერთე საუკუნის საქართველოში: ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც დანაშაულს ვერ დაუმტკიცებენ, მაგრამ პატიმრობას მაინც მიუსჯიან, არის უდანაშაულო, ის უკანონო და უსამართლო პატიმარია. და თუ რომელიმე ახალგაზრდას დაუმტკიცეს და ასე მკაცრად დასაჯეს, მაშინ ესეც დიდი უსამართლობაა, რადგან ხელისუფლების არც ერთი მომხრე არ დაუსჯიათ, არ დაუსჯიათ არავინ, ვინც ასე სასტიკად უსწორდებოდა არა მარტო მშვიდობიან მომიტინგეებს, არამედ ჟურნალისტებსაც. ყველაზე საშინელი უსამართლობის განცდაა, რადგან რაც რიგით ადამიანს ხელისუფლებისგან სჭირდება, არის მხოლოდ სამართალი, დანარჩენს ქართველები (ისეთი ნიჭიერები არიან), ისედაც მიაღწევენ. ამიტომ, სანამ არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა. სამართალი ვის მოაქვს? – მხოლოდ განათლებულ და კეთილ ადამიანებს. ამიტომაც გვაქვს ქართველებს გენიალური სიტყვა – კეთილგონიერი. ჩვენს სამშობლოს ახლა სწორედ კეთილგონიერი და სამართლიანი ხალხი სჭირდება.
,,ხელისუფლებამ ეს საშინელი ისტერიკა და ტერორი უნდა შეწყვიტოს”
ირმა სოხაძე, მომღერალი: – 70 ახალგაზრდა მარტო შარშან დაიჭირეს და მერე სხვებიც დაუმატეს, ახლაც ზოგს იჭერენ და ისევ გარეთ უშვებენ – ეს ნორმალურია?! ვინმეს შესაძლებლად მიაჩნია, რომ ნორმალურ ქვეყანაში მსგავსი რამ ხდებოდეს და ჩვენ ცხოვრებას ვაგრძელებდეთ, ვითომც არაფერიაო? ამ ხელისუფლებას ჰქონდა უნიკალური შანსი, რომ ისტორიაში შესულიყო, რომ ისტერიკა არ აეტეხა და არ ეთქვა, ევროკავშირთან მოლაპარაკებები უნდა შეჩერდესო. აქციაზე ქვებს ისროდნენო. რა, ამ ბავშვებს ქვების სროლა უნდოდათ? – მათი მაპროვოცირებელი რა გახდა, თავადაც ხომ იციან? ნაცვლად იმისა, ისტორიული შანსი გამოეყენებინათ და ევროკავშირის ბრძანებები და თითის ქნევა კი არა, რეკომენდაციები შეესრულებინათ, ხელისუფლებამ სულ სხვა გზა აირჩია. ევროპელები ცუდს რას გვეუბნებიან? – ველურები ნუ იქნებითო, არადა, ბევრ რამეში ვამჟღავნებთ ველურობას. ამის დასტურია თუნდაც ისეთი კანონების მიღება, რომლებიც ქვეყნის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
ხელისუფლებამ ეს საშინელი ისტერიკა და ტერორი უნდა შეწყვიტოს. გგონიათ, მათ არ იციან, რა ჯობს? – იციან, მაგრამ არ აკეთებენ. ჩვენს ხმას რომ მათთვის არანაირი ფასი არა აქვს, ეს გავიგე, ჩვენ რომ საზოგადოება არა ვართ, ესეც გვითხრეს, მაგრამ მოსახლეობაც აღარ ვართ? როცა ხელისუფალი ხარ, შენი ქვეყნის მოსახლეობას ასე უნდა ექცეოდე?! ჩემმა ერთმა ნაცნობმა დაწერა ამას წინათ სოციალურ ქსელში: ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდისო. სწორედ ეს არის უბედურება, რომ ამდენი ადამიანის თხოვნას, მუდარას და პროტესტს ძაღლის ყეფადაც არ აგდებენ. გამოსავალი რეფორმების გატარება და იმ დრაკონული კანონების უარყოფაა.
შარშან, 28 ნოემბერს თქვეს, ევროკავშირთან მოლაპარაკებებს ვაჩერებთო. 28 ნოემბერი ჩემი დაბადების დღეა, წელს ჩემი იუბილეა – 70 წელი მისრულდება და კონცერტის ნაცვლად, ამაზე უნდა ვიფიქრო და ვინერვიულო? ზეიმის ხასიათზე ნამდვილად არა ვარ და ძალიან მიკვირს ჩემი კოლეგების, რომლებიც კონცერტებსაც მართავენ, იუბილეებსაც იხდიან და ჯილდოებსაც იღებენ. არ შემიძლია 90 პროცენტი თვალცრემლიანი იყოს და მე ნულოვანი თანაგრძნობა გამოვიჩინო! მაინცდამაინც ჩემი შვილი უნდა იყოს ანდრო ჭიჭინაძე, ზვიად ცეცხლაძე ან რომელიმე, რომ ამ გაუგონარმა უსამართლობამ გული გამიგლიჯოს?! დამნაშავეები ეს ბიჭები კი არა, ის პოლიციელები არიან, რომლებიც აქციის მონაწილეებს სახის ძვლებს უმტვრევდნენ და სცემდნენ, თორემ დამნაშავე უნდა დაისაჯოს, ამაზე ვინ კამათობს?!








