გურიის მოამბე

ზურაბ ფარჯიანი-ნუ იჩქარებთ უკრაინის დამარხვას

უკრაინაზე. კაი ხანია არაფერი დამიწერია და ამ დღეებში რაც ხდებოდა ყოველნაირად დავაიგნორე.
ამ 28 პუნქტიანი გაუგებრობის ჩავარდნის მერე კი შეგვიძლია დროებით ამოვისუნთქოთ და რაღაცეები ჩამოვაყალიბოთ.
ამ ეტაპზე უკრაინაშიც და რუსეთშიც რთული ვითარებაა, არც ერთს არ ულხინს ნაღდად. რუსული “გამარჯვებები” იმდენად დიდი მსხვერპლის ფასადაა მოპოვებული და იმდენად მიზერულია, რომ მხოლოდ ჩაუხედავი ადამიანი თუ დაიჯერებს რომ რუსები ომს იგებენ.
თავად რუსი პროპაგანდისტები წუწუნებენ და ამ დროს ვიღაც რომ თბილისში იგებს ომს – სასაცილოა. თუმცა თბილისში რომ მოსკოვის გამარჯვებას გულშემატკივრობენ ეგ სულაც არაა სასაცილო – სატირალია.
რაც შეეხება ომს – ალბათ მაინც სჯობს გავიხსენოთ, რა იყო ამ ომის მიზანი 2022 წლის 24 თებერვალს:
●კიევი 3 დღეში, დენაციფიკაცია, დემილიტარიზაცია.
აქედან არც ერთი არაა მიღწეული.
დენაციფიკაცია საერთოდ ბოდვა იყო, მაგრამ გულისხმობდა უკრაინაში რუსული ენისა და “სულის” გაძლიერებას და სრულიად საპირისპირო მოხდა. რუსეთი აწი ვერასოდეს გახდება უკრაინის “ძმა” და ამას რუსი პროპაგანდისტები თავად აღიარებენ. ყველაზე მეტად კი ამ ომში სწორედ რუსულენოვანი უკრაინელები გაანადგურა რუსეთმა.
დემილიტარიზაცია – საკმაოდ რაციონალური მიზანი იყო პუტინის მხრიდან, მაგრამ დღეს უკრაინა ევროპის ყველაზე მილიტარიზირებული სახელმწიფოა.
და “კიევი 3 დღეში” – გადაიქცა “პოკროვსკი 1 წელში”-დ.
დღეს რუსებს და მათ “ქართველ” გულშემატკივრებს უხარიათ პოკროვსკის აღება.
მასშტაბები რომ შევადაროთ, თბილისის 3 დღეში აღებით რომ იმუქრებოდე და 4 წლიანი ომის თავზე ოზურგეთთან იდგე.
ოზურგეთს მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა, უბრალოდ მაგალითისთვის შესაბამისი მასშტაბის ქალაქი უნდა მომეყვანა.
პოკროვსკ-მირნოგრადიდან, ალბათ კუპიანსკიდანაც უკრაინელებს გასვლა საბოლოოდ მოუწევთ.
დგას მხოლოდ ერთი საკითხი – რომელი მხარე გადაიხდის უფრო მაღალ ფასს.
უკრაინული არმია და ეკონომიკა ჩამოიშლება პირველი თუ რუსული.
უკრაინას შეტევის ნულოვანი პოტენციალი აქვს 2023 წლის წარუმატებელი კონტრშეტევის შემდეგ, და ვერანაირ ტერიტორიებს ძალით ვერ დაიბრუნებენ, თუმცა თავდაცვაში საკმაოდ მყარად დგანან და დონეცკის ოლქში პოკროვსკზე გაცილებით დიდი და გამაგრებული ორი ქალაქია – კრამატორსკი და სლავიანსკი.
რუსებს აქვთ შესაძლებლობა წინ წაიწიონ ხარკოვის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის რაიონებში, მაგრამ მათი პრობლემა იმაშია, რომ თითოეული ასეთი “წინსვლა” დიდი მსხვერპლი უჯდებათ და არ ხდება დიდი უკრაინული შენაერთების ალყაში მოქცევა და განადგურება.
ის, რასაც რუსები აკეთებენ არაა მტრის ფრონტის გარღვევა, ეს უფრო შეჟონვაა და შესაბამისად არანაირი სტრატეგიული ეფექტი არ აქვს.
ამ ტემპით რუსებს მილიონობით ჯარისკაცი, მილიარდობით ფული და ათობით წელი დაჭირდებათ უკრაინის ოკუპაციისთვის.
ესაა სტრატეგიული დონე და ამას უნდა ხვდებოდეს უკრაინის გულშემატკივარი თუ მტერი.
თუ შენი მიზანია კიევის აღება 3 დღეში და 4 წლის მერე პოკროვსკი ვერ აგიღია – შენ უკვე დამარცხდი.
ბერლინის ნაცვლად რომ სადღაც კენიგსბერგთან მდგარიყო 4 წელი საბჭოთა ჯარი, ჟუკოვი წითელ მოედანზე პარადის მიღების ნაცვლად ტყვიას მიიღებდა შუბლში.
აი ასეა საქმე. რაც შეეხება უკრაინას – გასახარად საქმე არც უკრაინის გულშემატკივარს გვაქვს.
არც უკრაინის ეკონომიკის და ჯარის რესურსია ულევი. უბრალოდ უძლებენ და სამწუხაროდ, მათ რამე სხვა არჩევანი არ დაუტოვა თავად რუსეთმა.
რამდენი ხანი გაუძლებენ? არ ვიცი – თბილისიდან ძნელია ამის შეტყობა.
პრობლემები რომ აქვთ – ჩანს. რომ უძლებენ – ეგეც ჩანს.
ამერიკის გეგმებს რაც შეეხება – აშკარაა რომ თავად ტრამპის ადმინისტრაციაში და რესპუბლიკელებში არის უთანხმოება რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით,
ამიტომაცაა რომ უკვე მერამდენე გეგმა გამოაგორეს და უშედეგოდ. ამიტომაც არ აქვს ასეთ გეგმებზე წინასწარ ნერვიულობას აზრი.
ეს გეგმები უშედეგოა პირველ რიგში იმიტომ, რომ უკრაინა ვერ მოაწერს ხელს კაპიტულაციას, სანამ ჯერ კიდევ უძლებს და პუტინს კი კაპიტულაციის გარდა სხვა არაფერი უნდა. ამასთან ჯერჯერობით რუსეთის ჯარი და ეკონომიკაც ძლებს.
ევროპაც ვერ მიიღებს გეგმას, რომელიც ფაქტიურად უკრაინის კაპიტულაციაა.
ევროპა არაა მზად რუსეთთან არანაირი შეიარაღებული დაპირისპირებისთვის. ევროპისთვის უკრაინა იქცა ფარად, რომელიც რუსეთს აკავებს და თუ რუსეთი ამ ფარს ხელში ჩაიგდებს ალთუ ფეხქვეშ გაიგდებს, მერე უკვე ბალტიის ქვეყნების და პოლონეთის დაბრუნებაც არაა შორს.
Возвращение в родную гавань. ბოლო-ბოლო, დიდი ხნის განმავლობაში ვარშავა რუსეთის იმპერიის ერთი ჩვეულებრივი ქალაქი იყო, მისი ოკუპაციის გამართლებებიც მოიძებნება რუსქართველ პროპაგანდისტებში.
ნატო-ს მე-5 მუხლიც არ გამოიყურება დამაჯერებლად. ყოველ შემთხვევაში ფარად უკრაინულ არმიასა და ნატო-ს მე-5 მუხლს შორის რომ მქონდეს არჩევანი, მე უკრაინის არმიას ავირჩევდი იგივე პოლონეთის ადგილას.
უკრაინის მარცხი ევროპაში მინიმუმ რამდენიმე ქვეყნის მარცხიცაა და სრულიად ევროპისაც, თუმცა აქვე უნდა ვთქვათ, რომ საერთო “ევროპული ინტერესები” ისეთივე მითია, როგორც “დიფ სტეიტი”.
ორბანი, ფიცო თუ პედრო სანჩესი საერთოდ შეიძლება არ შეწუხდნენ ვარშავის ოკუპაციით. და ორმაგად უფრო სასიხარულოა, რომ ახლა გერმანიაში მერცია კანცლერი. იმედია მასზე წარმოდგენა არ შემელახება, მაგრამ მერკელს ყველა ვარიანტში აჯობებს. ამაში დარწმუნებული ვარ.
დასკვნის სახით – ეს სისხლიანი “აიწონა-დაიწონა” შეიძლება მთელი 2026 და 2027 გაგრძელდეს – რომელიმე მხარის სრულ გამოფიტვამდე.
იმედი ვიქონიოთ, რომ რუსეთს პირველი მსოფლიო ომის დროინდელი გერმანიის ბედი ეწევა.
მაშინ გერმანიამ ომი ისე წააგო, რომ მტრის ერთ ჯარისკაცს არ დაუდგამს ფეხი მის მიწაზე. უბრალოდ გამოიფიტა ქვეყანა.
რეალისტური სცენარი იქნებოდა ომის ფრონტის ხაზზე გაყინვა, მაგრამ პუტინის ამბიციები უშლის ამას ხელს. მას ყოველთვის მეტი უნდა. ბოლო-ბოლო, რომ არა პუტინის ამბიციები არანაირი ომი უკრაინაში არ იქნებოდა.
ქართველ ვაი ექსპერტებს კი ერთს ვეტყოდი – ნუ იჩქარებთ უკრაინის დამარხვას
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights