გურიის მოამბე

“ოცნება” უვიზოს დაკარგვის რისკის ქვეშ მთელ მოსახლეობას აყენებს” – იოზვიაკი

ევროკავშირი საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის ნაწილობრივი შეჩერების პროცესზე გადადის – ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა  განაცხადა. მისი თქმით, ევროკომისიის ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველომ არ შეასრულა არცერთი მოთხოვნა, რომელიც ბრიუსელმა ჯერ კიდევ შარშან დააყენა, რის გამოც პროცესი უკვე პრაქტიკულად დაწყებულია და მხოლოდ დროის საკითხია, როდის ამოქმედდება გადაწყვეტილება.

,,ეს არის ანგარიში, რომელიც ყოველ წლიურად ქვეყნდება. როგორც გახსოვთ, უკვე შარშან ანგარიშში ეწერა, რომ საქართველოს უნდა შეესრულებინა ბევრი მოთხოვნა, განსაკუთრებით ადამიანის უფლებების მიმართ, ლგბტ საკითხებზე და უცხოური აგენტების კანონთან დაკავშირებით. დღევანდელ ანგარიშში ნათქვამია, რომ ამ მოთხოვნებიდან საქართველომ არცერთი შეასრულა. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირი ახლა გადადის ვიზალიბერალიზაციის ნაწილობრივი შეჩერების პროცესზე. ვიცით, რომ ბევრი წევრი სახელმწიფო მხარს უჭერს. ასე რომ, ფაქტობრივად, ეს უკვე გადაწყვეტილია. ეს ნიშნავს, რომ დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებს მოუწევთ ვიზის აღება და შეიძლება, ეს ვიზაც აღარ გაიცეს. ასე რომ, ევროკვაშირი ამბობს, რომ ეს მოხდება და ამას გააკეთებს კიდეც. ერთადერთი გაურკვეველი საკითხია – როდის? სავარაუდოა, რომ იანვარში მოხდეს. ზუსტად არ ვიცით, ეს გადაწყვეტილება შევა თუ არა ძალაში 30 დეკემბერს, როცა ახალი წესების ამოქმედდება თუ ცოტა მოგვიანებით, თუმცა მნიშნელოვანია, რომ ევროკომისიას შეუძლია მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება წევრი სახელმწიფოების დამატებითი თანხმობის გარეშე”-ამბობს იოზვიაკი. 

იოზვიაკის თქმით, ევროკავშირის მხრიდან ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია. მისი განმარტებით, თუ ვითარება არ შეიცვლება და საქართველოს ხელისუფლება კვლავ არ შეასრულებს იმ პირობებს, რომლებიც ჯერ კიდევ შარშან იყო დაყენებული, ბრიუსელში არ გამორიცხავენ უფრო მკაცრი ზომების ამოქმედებას. ასეთ შემთხვევაში, საუბარი უკვე აღარ იქნება მხოლოდ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებზე – რისკის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყნის მთელი მოსახლეობა.

,, თუ არაფერი შეიცვლება და თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეასრულებს იმ პირობებს, რომელიც შარშან იო დაყენებული, და არცერთი მათგანი არ არის შესრულებული, ევროკავშირმა შესაძლოა მომავალში განიხილოს მეორე, უფრო მაკცრი ვარიანტიც, რომელიც შეეხება მთლიან მოსახლეობას. ამ ეტაპზე ამის კონკრეტული ვადები არ არსებობს, თუმცა ეს არის გაფრთხილება საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ ისინი, რეალურად, რისკის ქვეშ აყენებენ მთელ მოსახლეობას. გარკვეულწილად, საბოლოო გადაწყვეტილება დიპპასპორტების მქონეებზე უკვე მიღებულია, ეს მოხდება. ერთადერთი კითხვაა – დრო. რაც შეეება მთელ მოსახლეობაზე გავრცელებას, ამ მიმართულებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. ევროკავშირი კვლავ აძლევს დროს საქართველოს ხელისუფლებას, რათა გადახედოს საკუთარ პოზიციას და შეცვალოს მისი კურსი, თუმცა ნაწილობრივი შეჩერება აუცილებლად განხორციელდება, მხოლოდ დროის საკითხია”- ამბობს იოზვიაკი. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights