შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, “გურიის მოამბეს” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ, ოზურგეთში, ამ დღეებში მომხდარ, “ქუჩურ გარჩევაში”, სუსის ოფიცერი მონაწილეობდა.
თუმცა შსს განცხადებაში ამბობს, რომ მიყენებული დაზიანებების გამო – ინციდენტის დროს ერთ-ერთის ბიძას, სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომელს, თავის არეში მიყენებული აქვს ნახეთქი დაზიანება. დაზიანებები აქვს მის არასრულწლოვან დისშვილსაც. ორივე მათგანი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული,
იქვე შსს აგრძელებს – დაზარალებულმა პირმა მისთვის სახის არეში მიყენებული დარტყმის შემდგომ, ფიზიკური დაპირისპირებისას, თავდაცვის მიზნით ამოიღო თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღი, თუმცა არ გამოიყენა მიუხედავად იმისა, რომ მასზე რამდენიმე ადამიანის მხრიდან თავდასხმა გრძელდებოდა. მას აღნიშნული იარაღი წაართვა ინციდენტში მონაწილე მეორე მხარის წარმომადგენელმა
ანუ უწყებამ უკვე დაზარალებულად მონათლა სუსის ოფიცერი – რომელსაც თურმე მეორე მხარემ არ მისცა ცეცხლსასროლი იარაღის და შესაძლო მკვლელობის უფლება და ის განაიარაღა.
კვლავ შსს -ს განცხადებას რომ დავუბრუნდეთ: ინციდენტიდან რამდენიმე საათში, მეორე არასრულწლოვანის ბაბუა, რომელიც ასევე მონაწილეობდა მომხდარ დაპირისპირებაში, მის საცხოვრებელ სახლში გახდა ცუდად და საავადმყოფოში მიყვანამდე, გულის შეტევით გარდაიცვალა.
შსს არაფერს ამბობს რა უნდოდა სუსის ოფიცერს, თანაც შეიარაღებულს, “ქუჩურ გარჩევაში” რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. “კრიმინალური ავტორიტეტების” მიერ იყო ორგანიზებული და ასევე გავრცელებული ინფორმაციით, სუსის ოფიცერიც მათთან სატელეფონო კავშირზე იმყოფებოდა.
შსს ასევე არაფერს ამბობს, იმ ცეცხლსასროლი იარაღის წარმომავლობაზე, იყო თუ არა სამსახურეობრივი-რომლითაც სუსის ოფიცერი, მოზარდების ინცინდენტისას, მეორე მხარეს ემუქრებოდა.
გთავაზობთ შსს განცხადებას სრულად:
ოზურგეთში ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა ორ არასრულწლოვანს შორის, წინა დღეს მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ერთ-ერთის ბიძას, სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომელს, თავის არეში მიყენებული აქვს ნახეთქი დაზიანება. დაზიანებები აქვს მის არასრულწლოვან დისშვილსაც. ორივე მათგანი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.
საქმეზე გამოკითხული მოწმეების ჩვენებების მიხედვით, რასაც დეტალური სიზუსტით ადასტურებს ვიდეოკამერების სხვადასხვა რაკურსის ჩანაწერები, დაზარალებულმა პირმა მისთვის სახის არეში მიყენებული დარტყმის შემდგომ, ფიზიკური დაპირისპირებისას, თავდაცვის მიზნით ამოიღო თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღი, თუმცა არ გამოიყენა მიუხედავად იმისა, რომ მასზე რამდენიმე ადამიანის მხრიდან თავდასხმა გრძელდებოდა. მას აღნიშნული იარაღი წაართვა ინციდენტში მონაწილე მეორე მხარის წარმომადგენელმა – მეორე არასრულწლოვანის ბიძამ, რომელმაც მოგვიანებით, ცეცხლსასროლი იარაღი თავად წარმოუდგინა გამოძიებას.
ინციდენტიდან რამდენიმე საათში, მეორე არასრულწლოვანის ბაბუა, რომელიც ასევე მონაწილეობდა მომხდარ დაპირისპირებაში, მის საცხოვრებელ სახლში გახდა ცუდად და საავადმყოფოში მიყვანამდე, გულის შეტევით გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები, გამოიკითხა ინციდენტში მონაწილე პირები, ამოღებულია ვიდეოკამერების ჩანაწერები, დანიშნულია ექსპერტიზები.
ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გვაცნობეს, რომ გამოძიების დასრულებამდე სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომელი გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილია კადრების განკარგულებაში.
გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ მოხდება საზოგადოების შემდგომი ინფორმირება.
ნათქვამია შსს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.








