ოთხ თვიანი დავის შემდეგ, დღეს გაირკვა რას ითხოვს, “ქართული ოცნების” სტაჟიანი წევრი ტელე -წამყვანისგან.
თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ერთი სიტყვის გამო ედავება. ცილისწამებაზე სარჩელში წერია, რომ ჟურნალისტმა წულუკიანის მამა ხალხის დახვრეტაში დაადანაშაულა, როცა მოსამართლე ავთანდილ წულუკიანი მხოლოდ დახვრეტის გადაწყვეტილებებს იღებდა.
ნანუკა ჟორჟოლიანი ერთადერთი არ არის, ვისი სოციალური ქსელიც საგამოძიებო მოქმედებების ადგილად იქცა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ათვალიერებს და მტკიცებულებებად საქმეში დებს ყველა იმ პოსტს და კომენტარს, სადაც “ოცნების” მხარდამჭერები ან წევრები უარყოფით კონტექსტში არიან მოხსენიებული. ასეთია სამოქალაქო აქტივისტის რუსკა მჭედლიძის საქმეც.
რუსკა მჭედლიძეს დიდუბე ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოდან დღეს დაურეკეს. სამოქალაქო აქტივისტმა გამომძიებლის ზარით გაიგო, რომ მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალწარმოებაა დაწყებული. ნინო ჯღარკავას საჩივრის გამო, მჭედლიძეს 15 დღიანი პატიმრობა ან ჯარიმა ემუქრება.
გამომძიებელმა ირაკლი კალანდიამ, თბილისის პოლიციის მეხუთე სამმართველოს უფროსს პატაკით შეატყობინა რომ საკუთარი ფეისბუქ სტატუსით, სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ “ოცნების” დეპუტატი ნინო წილოსანი შეურაცხყო. წარმოება ნატა ფერაძის წინააღმდეგ ისე დაიწყეს, რომ მომჩივანს ეს არ უთხოვია.








