გურიის მოამბე

საშინელი წელი და იმედის სხივი

ერების ისტორიაში არის კარგი წლები, ცუდი წლები, არაფრით გამორჩეული წლები, და კიდევ საშინელი წლები, annus horribilis.

2025 როგორი იყო: უბრალოდ ცუდი თუ საშინელი? ან იქნებ, მან იმედის საფუძველი მოგვცა?

გზა ბელარუსისკენ?

ამ წლის ძირითად შინაარსს ორი რამ შეადგენდა. პირველი იყო ღია, სისტემური, ფრონტალური შეტევა სამოქალაქო თავისუფლებებზე, რომელთა დამკვიდრება ჩვენი ქვეყნის ბოლო რამდენიმე ათწლეულის (ეროვნული მოძრაობის აღმოცენებიდან თუ ავითვლით). მეორეა საზოგადოების წინააღმდეგობა ამ შეტევის მიმართ.

არც შეტევა და არც წინააღმდეგობა ჯერ არ დამთავრებულა, ამიტომ დღეს ცალსახად ვერ ვიტყვით, საბოლოოდ რით უფრო შევა ეს წელი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

თუ ხელისუფლება თავისას ბოლომდე გაიტანს, 2025-ს გავიხსენებთ როგორც წელს, როდესაც საქართველოს მეტად ნაკლული დემოკრატია (ე.წ. “ჰიბრიდული რეჟიმი“) სრულ ავტორიტარიზმად იქცა.

რა თქმა უნდა, ეს გეზი ივანიშვილმა გაცილებით ადრე აიღო, მაგრამ ნამდვილ შემობრუნების წერტილად იქცა 2024 წლის 28 ნოემბერი, როცა პრემიერმინისტრმა ევროკავშირთან მოლაპარაკების შეჩერება გვაუწყა.

ოღონდ, როგორც დავინახეთ, ამ შემობრუნების ძირითადი შინაარსი საგარეო-პოლიტიკური არ ყოფილა. მანამდეც ვიცოდით, რომ ივანიშვილმა რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის მხარე დაიჭირა, ხოლო დასავლეთი მტრად გამოაცხადა. ამ მხრივ წელს არსებითად ახალი არაფერი მომხდარა.

კობახიძის განცხადება სხვა მხრივ იყო ნიშანსვეტური. მან გვითხრა: აქამდე სამოქალაქო თავისუფლებას რაღაც დონეზე ვუშვებდით, ოღონდ იმიტომ კი არა, რომ ეს სამართლიანია, არამედ იმიტომ, რომ ამას დასავლეთი (“დიფსტეიტი“) გვაძალებდა. ამიერიდან კი, დასავლეთის აზრს საბოლოოდ და მთლიანად უგულებელყოფთ. ახლა აღარაფერი გვიშლის ხელს, თავისუფლების ყველა კუნძული გავანადგუროთ და რუსულ-ქართული თვითმპყრობელობა დავამყაროთ.

“რუსული კანონი“ 2024-ში მიიღეს, მაგრამ მისი ძირითადი პრინციპები მხოლოდ წელს აამოქმედეს. შედეგია ქართული სამოქალაქო სექტორის (იმ ფორმით, როგორც მას ვიცნობდით) თითქმის სრული პარალიზება.

გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები ოპოზიციის ასაკრძალად, თუმცა საქმის დასრულება 2026 წლისთვისაა დაგეგმილი.

ამ წელს მაუწყებლობა შეწყვიტა იმ მომენტისთვის ყველაზე რეიტინგულმა კრიტიკულმა ტელეკომპანია “მთავარმა“. როგორც ჩანს, დანარჩენების ნელ-ნელა გასრესა სამომავლო გეგმებშია.

მიღებულ იქნა მრავალი სხვა რეპრესიული კანონი, რომელიც სამოქალაქო პროტესტის ნებისმიერი ფორმის, ისევე როგორც მისი მხარდაჭერის, კრიმინალიზაციას ახდენს ახლა უკვე ტროტუარზე დგომის ჩათვლით.

ხელისუფლებამ გაგვაცნო ე.წ. “უმაღლესი განათლების რეფორმის“ გეგმა, რომლის ძირითადი მიზნებია უნივერსიტეტების ავტონომიის ფაქტობრივი გაუქმება, მათი ევროპული აკადემიური სივრცისთვის მოწყვეტა და (თბილისში მაინც) სტუდენტების და პროფესორების რაოდენობის საგრძნობი შემცირება. განათლების ხარისხის დაქვეითება შეგნებული მიზანი შეიძლება არ ყოფილა, მაგრამ “დეფორმის“ გარდაუვალი შედეგი იქნება. მისი განხორციელება თებერვლიდან იგეგმება.

რაღა დარჩა? სოციალურ ქსელებში მთავრობის კრიტიკისთვის ხალხს ჯერ მასობრივად არ იჭერენ, მაგრამ შეგიძლია, დარწმუნებული ვიყოთ: თუ მთავრობა თავისი გეგმით მოქმედებას გააგრძელებს, ამის დროც მოვა.

საერთაშორისო იზოლაციის ახალი ეტაპი

თუ საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაში დასავლეთთან ურთიერთობის დრამატულ გაუარესებას ვიგულისხმებთ, 2025-ში თვისობრივად ახალი არაფერი მომხდარა; იზოლირებული ვიყავით და დავრჩით.

ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რაც არ მოხდა: ხელისუფლებას არ გაუმართლდა დონალდ ტრამპის იმედი, რაზეც ძალიან დიდ ფსონს დებდა. “ოცნების“ იდეოლოგებს მოუწიათ, ღრმა მწუხარებით ეუწყებინათ, რომ ისიც “დიფსტეიტის“ “პლენში“ყოფილა.

ამ ფონზე, ყველაზე მნიშვნელოვან დიპლომატიურ გარღვევებს შეადგენდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებისგან დიდი ინვესტიციის დაპირება და ჩვენი ნომინალური პრეზიდენტის პროტოკოლური, თვითმიზნური ვიზიტები თურქეთსა და  სერბეთში, რომელთაგან კონკეტულ შედეგებს არავინ ელოდა. გრძელდებოდა უნგრეთის ლიდერებთან ფოტოსესიებიც.

თუმცა, სიახლეც გვქონდა. არა მარტო ქვეყნისთვის, არამედ ივანიშვილისთვისაც საგანგაშო ახალ ტენდენციას შეადგენდა იზოლაციის გავრცელება რეგიონულ დონეზე. საქართველო მუდმივად ამაყობდა თავისი სატრანზიტო ფუნქციით და კარგი ურთიერთობით უშუალო მეზობლებთან (რუსეთის გარდა). ჯერ კიდევ წინა წელს ივანიშვილი ამ სატრანზიტო ფუნქციის დასავლეთთან სავაჭროდ გამოყენებას ცდილობდა (თუმცა წარუმატებლად). ახლა ეს კარტიც შეიძლება დავკარგოთ.

სომხეთ-აზერბაიჯანის მრავალწლიანი კონფლიქტის მოგვარების რეალური პერსპექტივა, როგორც იქნა გამოჩნდა – რაც თავისთავად ძალიან კარგია, მაგრამ საქართველოს როლის გადააზრებას მოითხოვს, თუმცა ხელისუფლებას ამის არც პოლიტიკური ნება და არც ინტელექტუალური პოტენციალი არ გააჩნია.

რაც მან ჯერჯერობით შეძლო, აზერბაიჯანთან ურთიერთობის გაფუჭებაა – არადა, ილჰამ ალიევს ქართული დემოკრატიის ბედზე წუხილს ვერ დავაბრალებთ. სომხეთის ლიდერმა, ნიკოლ ფაშინიანმაც დაგვიანონსა ტრანზიტული მარშრუტების გადამისამართება. საქართველოს, როგორც ქვეყნის, ღირებულება კავკასიის მასშტაბითაც დაეცა. ურთიერთობაში პროგრესი მხოლოდ ერთ მეზობელთან გვაქვს – მაგრამ ამის ხაზგასმა “ოცნებას“ არ უნდა.

ივანიშვილისთვის შედარებით დამაიმედებელი ცნობები მხოლოდ რუსეთ-უკრაინის ფრონტიდან მოდიოდა, სადაც მისი პირადი ინტერესი განსაკუთრებით მკვეთრად უპირისპირდება ქვეყნისას: რუსეთის წარმატება მას აძლიერებს, მარცხი კი – დაასუსტებს (ქვეყნისთვის პირიქითაა). რუსეთი შეტევაზე იყო, თუმცა მისი მიღწევები შეზღუდული დარჩა. ტრამპის მხრიდან ომის შეჩერების მცდელობები – გარდა იმისა, რომ მისი მიდგომა მორალური პოზიციიდან კრიტიკას ვერ უძლებს –  არც პროდუქტიული ყოფილა. ამ ფრონტზეც განვლილმა წელმა მეტი შეკითხვა დატოვა, ვიდრე პასუხი გაგვცა.

მაგრამ პოპულარული აზრი, რომ ქართულ დემოკრატიას საბოლოოდ დასავლეთი გადაარჩენს, მცდარია. დასავლეთი მნიშვნელოვანი მოკავშირეა როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკაში, მაგრამ გადამწყვეტი ჩვენი პოზიცია და ქმედებაა.

ნათელი მხარე

ხელისუფლების გეზი ცხადია: მას უნდა ქართული რუსეთი, ან, უფრო ზუსტად, ქართული ბელარუსი (ივანიშვილს მთლად პუტინის გასაქანი ვერ ექნება).

ამ მიზანს მან 2025-ში ვერ მიაღწია, თუმცა მიუახლოვდა. ერთი მიზეზი ისაა, რომ გეგმის სისრულეში მოყვანას დრო სჭირდება; ივანიშვილმა პროცესები მეტად დააჩქარა, მაგრამ მაინც ურჩევნია, ყველაფერი ფორმალური პროცედურების დაცვით აკეთოს.

მაგრამ არის უფრო მნიშვნელოვანი მიზეზიც, რის გამოც ჯერ ვერ ვიტყვით, რომ საქართველო საბოლოოდ გადავიდა სრულიად ავტორიტარული ქვეყნების კატეგორიაში. ეს მიზეზი ისაა, რომ საზოგადოება ამას ჯიუტად არ ეგუება. სრულფასოვან დიქტატურაში მოსახლეობის უმრავლესობას შეიძლება რეჟიმი არ მოსწონდეს, მაგრამ შეჩვეული იყოს მას, როგორც ნორმალურ მდგომარეობას, და არც კი ცდილობდეს რამის შეცვლას, რადგან ასეთი მცდელობა უპერსპექტივოა. კარგად ვიცი, როგორია ასეთი საზოგადოება, რადგან საბჭოთა კავშირში მიცხოვრია.

დღევანდელი საქართველო ამისგან ძალიან განსხვავებულია. ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ის მორალურად და ფსიქოლოგიურად წელში გადაეტეხა, მაგრამ ვერ მოახერხა. თუ 2025 წელზე რაიმე კარგი შეგვიძლია ვთქვათ, ესაა.

მაგრამ ყველას თავში გვიტრიალებს შეკითხვა: რა შეიძლება იყოს ამ წინააღმდეგობის შედეგი? შევძლებთ სრული დიქტატურისკენ სვლის შეჩერებას, რაც ან ხელისუფლების ცვლას, ან მის არსებით დათმობებზე დაყოლიებას ნიშნავს? თუ ეს არის სიმბოლური ქცევა, რითაც მსოფლიოს და, შესაძლოა, მომავალ თაობებს ვეუბნებით, რომ თავისუფლებას უბრძოლველად არ ვთმობთ?

ეს არის მთავარი შეკითხვა, რომელსაც გასული წელი მომავალს უტოვებს. როდესაც 2024 წლის ბოლოს ანალოგიურ შეჯამებას ვწერდი, იმედი მქონდა, რომ 2025-ში პასუხი გვექნებოდა. მაგრამ, როგორც პოლიტიკურ ვარაუდებს სჩვევია, ის არ გამართლდა: ისევ გაურკვეველ მდგომარეობაში ვრჩებით.

გასაკვირი არაა, რომ ამ წელმა მეტი საფუძველი მოგვცა სკეპტიციზმისთვის, ვიდრე პირიქით. ხელისუფლების ქარავანი დინჯად მიიწევს დასახული მიზნისკენ და არც გარე და არც შიდა კრიტიკას არ იმჩნევს. პატარ-პატარა შიდა დაძაბულობებმა და ივანიშვილის მიერ საკუთარი გუნდის კიდევ ერთმა წმენდამ გვაფიქრებინა, რომ არც მმართველი გუნდი გრძნობს თავს კომფორტულად, მაგრამ იმ მასშტაბის კრიზისი, რომელიც ქარავანს შეაჩერებდა, არ მომხდარა.

თუ აქედან ამოვალთ, არსებულ პირობებში წინააღმდეგობის მუხტის ამდენი ხნის განმავლობაში შენარჩუნება მნიშვნელოვანი მიღწევაა. ვერავინ იტყვის, მივაღწევთ თუ არა რუსეთისკენ მიმავალი ქარავნის შეჩერებას 2026 წელს: ეს შესაძლებელია, მაგრამ რთული. თუმცა, უარეს სცენარშიც კი, 2025 წლის უპრეცედენტო საპროტესტო კამპანია მხოლოდ ისტორიას არ დარჩება საამაყოდ. მან აჩვენა საქართველოს ახალი სამოქალაქო საზოგადოების ჯერ კიდევ მკრთალი კონტურები, რომელიც აღარაა და აღარ უნდა იყოს მიბმული მხოლოდ დასავლელი დონორების კეთილ ნებაზე. ქვეყნის მომავალი დიდწილად იმაზე იქნება დამოკიდებული, რა ფორმებს მიიღებს ეს ახალი სამოქალაქო საზოგადოება.

გია ნოდია

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights