,,არაკონსტიტუციურია ის, რომ ადამიანს აუკრძალო პროტესტი ტროტუარზე და დააბრალო, თითქოს ვიღაცას გადაადგილებაში ხელს უშლის… არაკონსტიტუციურს რომ თავი დავანებოთ, აბსურდულია ეს ყველაფერი,“ – ამბობს იურისტი ნიკა სიმონიშვილი. ის საუბრობს საქმეებზე, სადაც სასამართლომ ადამიანები ტროტუარზე დგომის გამო არც მეტი, არც ნაკლები – დააპატიმრა.
რა ჩაწერა ამ დროს გადაწყვეტილებაში მოსამართლემ?
„ამათ შეკერეს ეს ყველაფერი ისე, თითქოს ხელოვნურად ისე შეჯგუფდით, მერე ვიღაცას ბასლაინზე გადასვლა მოუწიაო… რეალურად, საპატრულო პოლიციის მიკროავტობუსმა უფრო შეუქმნა დაბრკოლება ადამიანებს, ვიდრე დემონსტრანტებმა… მოსამართლეს პირდაპირ ვუთხარი, რომ არც მას და არც სისტემას არ ვენდობოდი. არ ვენდობით იმიტომ, რომ მოსამართლე, რომელიც სრული სერიოზულობით იხილავს ტროტუარზე პროტესტის გამო ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების საკითხს, ის ნდობას ვერ იმსახურებს.
ნამდვილად არის არაკონსტიტუციური, როცა ტროტუარზე პროტესტის გამოხატვის გამო ადმინისტრაციულ პატიმრობას უფარდებენ ადამიანებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს ფრაზები: „პროტესტის გამო“, „ტროტუარზე დგომის გამო“ ძალიან არ მოსწონს, ამბობს, რომ თითქოს ადამიანებს დაბრკოლება ექმნებოდათ ტროტუარზე გადაადგილების მომენტში და ამის გამო შეეფარდათ პატიმრობა. მაგრამ ეს სრული სიცრუეა. შსს-ს შესაბამისი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. ასევე, სახდელი, რომელსაც სასამართლო იყენებს და რაც კანონშია გათვალისწინებული, სრულიად არაადეკვატურია.
აბსურდულია ეს ყველაფერი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე არგუმენტი ჰქონდა, როდესაც ოქმების შედგენის შემდეგ სასამართლოში მოვიდა და ასაბუთებდა, რატომ იყვნენ ეს ადამიანები ადმინისტრაციულ პატიმრობაში გასაშვები.
კანონი, რომელიც ბოლო ცვლილებით „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, ფაქტობრივად გზის გადაკეტვის კანონის ანაბეჭდია. ტროტუარის დაკავებაზე იგივე ანალოგიის გამოყენება, რაც გზის გადაკეტვაზეა, სრულიად ალოგიკური და არაგონივრულია: გზის გადაკეტვის, ანუ გზაზე პროტესტის გამოხატვის ლოგიკა არის იმაში, რომ თუ ტროტუარზე ადგილი აღარ არის, გადადიხარ გზაზე. თუ საკმარისი რაოდენობით არ ხარ იმისთვის, რომ ტროტუარი აითვისო და ისე გადადიხარ გზაზე, ეს არის უკვე სამართალდარღვევა, მაგრამ იგივე ლოგიკა ვერ იმუშავებს ტროტუარის შემთხვევაში: ტროტუარზე საკმარისი რაოდენობა უბრალოდ, ფიზიკურად ვერ იარსებებს.
თუ ტროტუარზე დაეტევა პირობითად 1000 ადამიანი და დგას 500, გამოდის, რომ 500 ადამიანის ადგილი თავისუფალია და თუ 500 ადამიანის ადგილი თავისუფალია, ესე იგი, იმ ადგილას ადამიანი გაივლის, თუ ხელოვნური დაბრკოლება არ შეუქმენი ვინმეს – მაგალითად, ცოცხალი ჯაჭვით ან ბარიკადებით.
ახლა ამათ შეკერეს ეს ყველაფერი ისე, თითქოს ხელოვნურად ისე შეჯგუფდით, მერე ვიღაცას ბასლაინზე გადასვლა მოუწიაო… რეალურად, საპატრულო პოლიციის მიკროავტობუსმა უფრო შეუქმნა იქ დაბრკოლება ადამიანებს, ვიდრე დემონსტრანტებმა. დემონსტრანტების შეჯგუფება კიდევ არაკანონიერმა მოწოდებამ და აქედან წამოსულმა პროვოცირებამ გაუკეთა რეალურად.
ამიტომაც, ფაქტობრივად, ტროტუარზე დგომის გამო ადამიანების დაპატიმრებას არავითარი სამართლებრივი ახსნა არ აქვს. ეს აბსურდია. პროტესტის გამოხატვისთვის სხვა ადგილი აღარ დატოვა „ქართულმა ოცნებამ“, გარდა ტროტუარისა და აი, ამ სივრცის შეზღუდვა უნდათ, თორემ ვიღაცას თუ მოძრაობის უფლება აქვს, მე იქ პროტესტის გამოხატვის უფლება მაქვს.
დემოკრატიულ საზოგადოებაში ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ პროტესტს თან მოჰყვება მცირეოდენი დისკომფორტი, როცა შეიძლება ადამიანებს გადაადგილება შეუფერხდეთ, ხელი შეეშალოთ. მეც შეიძლება მომიწიოს ისეთ ადგილას გავლა, სადაც ისეთი აქცია იმართება, რომელიც ჩემს პოლიტიკურ გემოვნებას ვერ აკმაყოფილებს და არც მომწონდეს, ამიტომ გვერდი უნდა ავუარო. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე დამატებით 100 მეტრის გავლა მომიწია ფეხით. ამის გამო ვიღაც ციხეში უნდა გავუშვათ?
მე ფეისბუქგვერდზე მქონდა კადრები, როცა შსს მოუწოდებდა ტროტუარიდან გადადითო. კარგად ჩანს იმ კადრებში, რომ ადამიანები ჩვეულებრივად გადიან ა პუნქტიდან ბ პუნქტამდე, მაგალითად, პარლამენტის ერთი დასაწყისიდან ბოლომდე, მათ არ ეშლებათ გადაადგილებაში ხელი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირდაპირ თავისი არგუმენტების საწინააღმდეგო მტკიცებულება – უფრო ვრცელი ვიდეოჩანაწერი წარადგინა სასამართლოში. მეორე აბსურდამდე მივდივართ: წლების განმავლობაში მოსამართლეებიც და შსს-ც პროცესებზე გვეუბნებოდნენ ხოლმე: ტროტუარზე გამოხატეთ პროტესტი, გზაზე ნუ გადადიხართო. „შეკრება-მანიფესტაციის“ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტია, სადაც წერია, რომ განზრახ დაბრკოლების შექმნა ფეხით მოსიარულეებისთვის არ შეიძლება.
ამ ნორმაზე დაყრდნობით დაწერეს ახლა ოქმები, მაგრამ ეს ნორმა არსებობდა მაშინაც, როდესაც მოსამართლეები და შსს მიგვითითებდნენ იმაზე, რომ ტროტუარზე გამოგვეხატა პროტესტი. ახლა უცებ შეცვალეს მიდგომა და ამბობენ, რომ არა – აღარ შეიძლება.
არაკონსტიტუციურია ის, რომ ადამიანს აუკრძალო პროტესტი ტროტუარზე და დააბრალო, თითქოს ვიღაცას გადაადგილებაში ხელს უშლის”- ამბობს სვიმონიშვილი.








