გურიის მოამბე

განსხვავებული აზრის კრიმინალიზება — „ამნესტი ინტერნეიშენალი“ გრანტების კანონპროექტზე

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია AMNESTY INTERNATIONAL ეხმაურება „გრანტების შესახებ“ და თანმდევ კანონპროექტებში ინიციირებულ ცვლილებებს, რომლებიც აფართოებს გრანტის ცნებას და უნებართვო გრანტის მიღებისთვის სისხლისამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს.

„გრანტების შესახებ კანონში მთავრობის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები ძალიან დამაზიანებელია და მიუთითებს საქართველოში ავტორიტარული პრაქტიკის შემდგომ გაფართოებაზე, რათა გააჩუმოს, მოახდინოს  განსხვავებულ აზრის კრიმინალიზაცია და ძალაუფლება განამტკიცოს. ცვლილებები მნიშვნელოვნად აფართოებს გრანტის განმარტებას და მოიცავს ნებისმიერ უცხოურ დაფინანსებას ან ნატურით მხარდაჭერას პრაქტიკულად ყველაფრისთვის, რასაც მთავრობა არ ამტკიცებს — პოლიტიკური აქტივიზმიდან დაწყებული, ანალიტიკური მუშაობითა და ექსპერტების რჩევებით დამთავრებული“, — განაცხადა „ამნესტი ინტერნეშენალის“ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორის მოადგილე დენის კრივოშეევმა.

მისი თქმით, ეს არის დაუფარავი მცდელობა, საქართველოში კრიმინალიზაცია მოახდინონ პრაქტიკულად ყველაფრის, რაც დაკავშირებულია დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებასთან, პოლიტიკურ ოპოზიციასთან და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობასთან მთავრობის კონტროლის მიღმა.

„უცხოური დაფინანსების, ანაზღაურების ან ნატურით უზრუნველყოფილი მხარდაჭერის მოძიება, გამოყენება და მიღება სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირების ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს და საერთაშორისო სამართლით დაცული უფლებაა. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააუქმოს ეს საკანონმდებლო წინადადებები და ქვეყნის კანონმდებლობა სრულად შეუსაბამოს საერთაშორისო ადამიანის უფლებების ვალდებულებებს, მათ შორის გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებს“, — დასძინა კრივოშეევმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights