გურიის მოამბე

“ეს არის პოლიტიკური ახირება, განათლების სისტემის გაკონტროლება” – ლიკა ღლონტი

“პოლიტიკური ახირება” – ასე აფასებს Erasmus+  ეროვნული ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი, ლიკა ღლონტი ზოგადი განათლების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს და ორი უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას.

განათლების ექსპერტის თქმით, “ქართულმა ოცნებამ” არგუმენტების მოძიება “უნივერსიტეტების აფეთქების” შემდეგ მიიღო, მაშინ, რიცა კობახიძის მტკიცებით, ისინი განათლების რეფორმის შესახებ კანონის კონცეფციაზე 9 თვის განმავლობაში მუშაობდნენ.

,,ეს პროცესი არ უნდა განვიხილოთ იზოლირებულად. მესმის რომ თსუ-ს და “ტექნიკური უნივერსიტეტის” გაერთიანება შოკის მომგვრელი იყო, მაგრამ ამან [ორი ძირძველი უნივერსიტეტის პრაქტიკულად გაუქმებამ] გადაფარა განათლების რეფორმის სხვა ასპექტები.

მინდა, ცოტა ხნით ფოკუყსი გავასწოროთ – ტექნიკურის ტრაგიკულმა გაუგებრობამ არ გადაგვიფაროს, უფრო დიდი ტრაგედია. ეს არის აბსოლუტურად მოუფიქრებელი რეფორმა, რომელსაც ძალიან ჩქარ-ჩქარა ახორციელებენ. მე მგონია, რომ ეს არის პოლიტიკური ახირება. ეს არის უმაღლესი განათლების გაკონტროლება. ეს რეფორმა ძალიან ბევრ ასპექტში გავს რუსეთში მიმდინარე განათლების რეფორმას. ეს არის ქვეყნის აკედემიოური სექტორის იზოლაციის თემა. ამას ეხმიანება გრანტების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილება. იმიტომ რომ სამწცნიერო და საგანმანათლებლო კოოპერაცია დგება ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ”- თქვა მან. 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ “ქართულმა ოცნებამ” წინა კვირას მოულოდნელად განაცხადა. ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა ეს ამბავი სხვებზე ერთი დღით ადრე გაიგო.

უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები ამ იდეას აპროტესტებენ. უკვე რამდენიმე დღეა, ისინი ითხოვენ პასუხს, თუ რატომ გადაწყვიტა „ოცნებამ“ ორი ისტორიული უნივერსიტეტის გაერთიანება აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების აზრის მოსმენის გარეშე.

რაც შეეხება „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ შესატან ცვლილებებს, მას „ქართული ოცნების“ პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. დღეს კანონპროექტი ბიუროზე დარეგისტრირდა. საკომიტეტო განხილვა ხვალ ჩაინიშნა. პროექტს სავარაუდოდ ოთხშაბათს საბოლოო მოსმენით მიიღებენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights