გურიის მოამბე

,,ოცნება აპირებს მოქალაქეები ფიქრების გამო დასაჯოს“ – არჩილ გორდულაძე

,,ქართული ოცნების” პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე ამბობს, რომ „თუ პარლამენტი თანახმა იქნება”, გრანტების შესახებ კანონპროექტში დაამატებს დებულებას, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროთ იმ პირებს, ან პარტიებს, ვინც „საჯაროდ მოუწოდებენ სხვებს, რომ არ ცნონ კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაცია“.

ამ ინიციატივას „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც გამოეხმაურა დღეს, 4 თებერვალს და განაცხადა, რომ „მნიშვნელოვანი და დროული ინიციატივაა“.

„ყველამ უნდა სცეს პატივი იმ წესრიგს, რომელიც არის ჩამოყალიბებული“, – ამბობს კობახიძე.

მიაღწევს „ოცნება“ ლეგიტიმაციას ამ გზით და რა შედეგები შეიძლება მოიტანოს მორიგმა რეპრესიებმა? – ამ თემაზე პოლიტოლოგი მიხეილ სარჯველაძე საუბრობს:

“როგორც ვიცი, სისხლის სამართალში არსებობს ასეთი ფორმულირება, რომელსაც ნებისმიერი იურისტი სწავლობს პირველივე სემესტრში და ალბათ ბატონი გორდულაძეც ისწავლიდა, რომ თუ დანაშაული არ არსებობს, არ არსებობს სასჯელიც.

რის გამო უნდა დასაჯონ ადამიანები – ფიქრების და პოზიციის დაფიქსირების გამო? მაშინ, როცა ეს ადამიანები, მოქალაქეები, ვინც აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ მთავრობას, ამბობენ, რომ მოხდა არჩევნების მანიპულაცია. შესაბამისად, დაირღვა ჩვენი დემოკრატიული უფლებები და ამ მთავრობას ლეგიტიმურად არ აღვიქვამთ.

ეს არის ადამიანის, ნებისმიერი მოქალაქის სრული უფლება, თუკი ის ფიქრობს, რომ მისი უფლებები დაირღვა. პირიქით, „ქართული ოცნების“ ავტოკრატიული პოლიტიკის გაპროტესტებით დემონსტრანტები იცავენ საქართველოს კონსტიტუციას. არჩევნების მანიპულაცია და აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლების შეზღუდვაა არის დანაშაული.

რა თქმა უნდა. არ შეიძლება ადამიანი მისი ფიქრების და სამოქალაქო პოზიციების გამო დასაჯო, როცა ის რეალურად დანაშაულს არ ჩადის. ეს არის იურიდიული ნონსენსი და სრული აბსურდი, როცა ადამიანს დანაშაული არ ჩაუდენია და ამის გამო შეიძლება დასაჯოს სახელმწიფომ.

პარლამენტში, გორდულაძის ამ აზრის გამოთქმის დროს, როგორც მახსოვს, მაჭავარიანმა მოიყვანა გერმანიის „რაიხსბიურგერების“ (ანუ, ქართულად რომ ვთარგმნოთ, ეს არის „იმპერიის მოქალაქეების“) პოლიტიკური მოძრაობა, რომ თითქოს გერმანიის მთავრობამ ეს მოძრაობა აკრძალა და რატომ არ შეიძლება, რომ „ქართულმა ოცნებამაც“ იგივე გააკეთოსო.

ეს სრული მანიპულაციაა, რადგან საქართველოში, იმ ადამიანებისგან განსხვავებით, რომლებიც „ქართული ოცნების“ პოლიტიკას აპროტესტებენ, ეს მოძრაობა ზოგადად, გერმანიის როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობას არ აღიარებს. ეს მოძრაობა ამბობს, რომ გერმანიის იმპერია აგრძელებს არსებობას და გერმანია, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო არ არსებობს. ეს არის ყველაზე დიდი განსხვავება.

გარდა ამისა, გერმანიაში ამ მოძრაობის წევრები უარს ამბობენ მაგალითად, გადასახადების გადახდაზე და როგორც უკვე ვთქვი, უარყოფენ გერმანიის როგორც სახელმწიფოს არსებობის იდეას. ამიტომ არის ამ მაგალითის მოყვანა მანიპულაციაა „ქართული ოცნების“ მიერ, რადგან ძალიან დიდი განსხვავებაა ამ ჯგუფსა და საქართველოში არსებულ პროტესტს შორის.

საქართველოში მოქალაქეები არ აღიარებენ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ლეგიტიმაციას, რომელიც არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და სახელმწიფო აქვს მიტაცებული, გერმანიაში კი ეს ჯგუფი, ზოგადად გერმანიის დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობას უარყოფს. უარყოფენ კონსტიტუციას და უარყოფენ, მათ შორის, ჰოლოკოსტის არსებობას.

საქართველოში ხალხი იცავს კონსტიტუციას „ქართული ოცნებისგან“, რომელიც არღვევს და ძირს უთხრის მას – ილაშქრებს კონსტიტუციაში გაწერილი მიზნების წინააღმდეგ, როგორიცაა, მაგალითად, საგარეო პოლიტიკური მიზნები, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია.

ძირს უთხრიან დემოკრატიას ქვეყანაში, ფუნდამენტურ უფლებას ართმევენ ხალხს – ტროტუარზე დგომის გამო აპატიმრებენ ადამიანებს. შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ ხელს ვერაფერი შეუშლის, რომ მსგავსი იურიდიული ნონსენსის ფარგლებში მიიღოს დრაკონული კანონები იმის გამო, რომ ქვეყანაში დათესოს შიში და თავიდან მოიშოროს ის ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ იცავენ დემოკრატიას.

თუ „ქართული ოცნების“ ლოგიკას მივყვებით, მაშინ ის ფაქტი, რომ, ვთქვათ, ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერები 90-იანი წლების დასაწყისიდან არ აღიარებენ არცერთ მთავრობას, რომელიც ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის შემდეგ იყო ქვეყნის სათავეში, „ოცნების“ ლოგიკის მიხედვით, მაშინ ეს ადამიანებიც უნდა დაიჭირონ, რადგან არც ისინი აღიარებენ არცერთი შემდგომი მთავრობის ლეგიტიმურობას.

ეს მაგალითიც კარგად აჩვენებს იმას, რომ რეალურად „ოცნების“ განცხადებები ემსახურება ერთადერთ მიზანს – ამ დრაკონული კანონების მეშვეობით მოაშთოს, დაახრჩოს საქართველოში თავისუფალი აზრი და გააქროს ის ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ ცდილობენ არ დაკარგონ თავისუფლება.

ქართული ოცნების“ მიზანია საბოლოოდ და გრძელვადიან პერსპექტივაში დაამყაროს ავტოკრატიული მმართველობა, რომელსაც ნებისმიერი სხვა სახელმწიფო თუ ორგანიზაცია აღიქვამს როგორც ერთადერთ რეალობას. შესაბამისად, მათ მიზნებშია ის, რომ აღარ იარსებოს საქართველოში საპროტესტო მოძრაობამ, აღარ იარსებოს თავისუფალმა აზრმა, რომ ამის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ ნებისმიერ ორგანიზაციას თუ სახელმწიფოს უთხრას – „მხოლოდ ჩვენ ვართ, არ არსებობს არავითარი წინააღმდეგობა და სხვა გზა აღარ გაქვთ, გარდა იმისა, რომ ჩვენ გვაღიაროთ“- აცხადებს გორდულაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights