გურიის მოამბე

სურსათი თებერვალში წლიურად 9.5 %-ით გაძვირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის თებერვალში წლიური ინფლაცია 4.6%-ს შეადგენს. საქსტატის ინფორმაციით, ინფლაციის მაჩვენებელი 305 დასახელების საქონლისა და მომსახურების ფასების ყოველთვიური დაკვირვების შედეგად ითვლება, სადაც ყველაზე დიდი წილი სასურსათო პროდუქტებს უჭირავთ.

სტატისტიკის თანახმად, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასები წლიურად 9.5%-ით გაიზარდა, რაც მთლიან ინფლაციაზე 3.2 პროცენტული პუნქტით აისახა. ყველაზე მეტად გაძვირდა თევზეული (23.1%)პური და პურპროდუქტები (13.8%), ხილი და ყურძენი (13.3%), ბოსტნეული და ბაღჩეული (10.2%), ასევე ხორცი და ხორცპროდუქტები (9.6%). ფასების ზრდა დაფიქსირდა შაქარზე, ზეთსა და ცხიმზე, ყავაზე, ჩაისა და კაკაოზე, მინერალურ წყალსა და უალკოჰოლო სასმელებზე, ასევე რძის პროდუქტებსა და კვერცხზე.

საქსტატის ინფორმაციით, ჯანმრთელობის დაცვის სფეროშიც ფასები 5.9%-ით გაიზარდა. გაძვირდა სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (8.1%), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (5.6%) და საავადმყოფოების მომსახურება (1.7%).

თვიური მონაცემების მიხედვით კი, 2026 წლის თებერვალში იანვართან შედარებით სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასები მცირედით – 0.3%-ით შემცირდა. გაიაფდა რძე, ყველი და კვერცხი (-3.5%), შაქარი და ტკბილეული (-3.2%), ყავა, ჩაი და კაკაო (-2.7%), ზეთი და ცხიმი (-0.9%) და პური და პურპროდუქტები (-0.5%). ამავე პერიოდში გაძვირდა ბოსტნეული და ბაღჩეული (4.6%), მინერალური წყალი და უალკოჰოლო სასმელები (3.1%), თევზეული (1.9%), ხილი და ყურძენი (1.6%) და ხორცი (0.6%).

საქსტატის მონაცემებით, თებერვალში ფასების ზრდა დაფიქსირდა სხვა მიმართულებებშიც. ტრანსპორტის ჯგუფში ფასები 1.5%-ით გაიზარდა, ძირითადად სატრანსპორტო მომსახურებისა და პირადი ავტომობილების ექსპლუატაციის გაძვირების გამო. ასევე, სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების ჯგუფში ფასები 2.9%-ით გაიზარდა, სადაც ყველაზე მეტად გაძვირდა პირადი ნივთები და ჰიგიენის პროდუქტები.

სტატისტიკის დეტალური მონაცემების მიხედვით, წლიურად ყველაზე მეტად ქლიავია გაძვირებული – 92%-ით. მეორე ადგილზეა ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი (74%), ხოლო მესამე ადგილზე – ლიმონი (50%). ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა მსხლის (46%), ატმის (33%), მწვანე ლობიოს (32%) და თევზეულის ფასები.

რაც შეეხება გაიაფებულ პროდუქტებს, წლიურად ყველაზე მეტად მწვანილი – 28%-ით გაიაფდა. ფასის კლება დაფიქსირდა კომბოსტოზე (22%), ტელევიზორებზე (19%), ხახვზე (19%), მაცივრებზე (18%), ასევე ნიორზე, კომპიუტერებზე, ინტერნეტის გადასახადსა და სარეცხ მანქანებზე.

ამ ფონზე, ეკონომისტები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ოფიციალური სტატისტიკის მიუხედავად, ფასების ზრდა მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე პირდაპირ აისახება. ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანი მიიჩნევს, რომ არსებული მონაცემები ქვეყანაში მძიმე სოციალურ ფონს ასახავს.

18%-იანი კლება იყო მაცივარზე. ჩემი აზრით, სწორედ ეს არის ძალიან კარგი დეფინიცია ანეკდოტური მტკიცებულების, იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, მოთხოვნა მაცივრებზე არის შემცირებული. როდის ყიდულობს ადმაიანი მაცივარს? როცა უნდა კიდევ უფრო დიდი ზომის მაცივარი, იმიტომ, რომ წინა მაცივარი არის უფრო პატარა. ეს საკმარისი მტკიცებულებაა ჩემთვის, თუ რაოდენ მძიმე სოციალურ მდგომარეობაშია მოსახლეობა. მიუხედავად ამ კამპანიისა, თუ რავიცი, ტერორისა, რომელსაც ახორციელებს “ქართული ოცნება” ამ სექტორზე და ფასების პოლიტიკაზე ბიზნესების, 2 თვეა ფასები იზრდება. პრობლემა გვაქვს ახლა, რომ პირველი, ადგილობრივი ინფლაცია არ იკლებს, მეორე – რომ “ქართული ოცნების” ეს მანუალური ინფლაციის კომისიური მართვა არის აბსოლუტური აბსურდი და უტოპია და მესამე, რომ გვემატება გარე შოკი, როდესაც უკვე გარე ფაქტორებიდან გამომდინარე ფასები შეიძლება, გაიზარდოს და “ქართულ ოცნებას” ამ გარე შოკზე არანაირი პასუხი არ გააჩნია, – ამბობს გიორგი ხიშტოვანი. 

ფასების ზრდის ტენდენციას პრობლემურად აფასებენ სხვა ეკონომისტებიც. გიორგი კეპულაძის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ საქართველოში სამომხმარებლო კალათაში სურსათს ყველაზე დიდი წილი უკავია.

ფასები გაზრდილია ძირითადად, საშუალოდ და სულ რომ დავეყრდნოთ იმას, რომ საქსტატი აბსოლუტურად ზუსტად ითვლის ყველაფერს, ეს აჩვენებს, რომ ის რღაც ბაქი-ბუქი, რაც ატეხეს კომისიების შექმნით, არის მხოლოდ ქარიშხალი ჭიქაში, რომ მთავრობა თითქოს რაღაცას აკეთებს. მითუმეტეს, როდესაც ვსაუბრობთ საქართველოს ტიპის ქვეყანაზე, სადაც სურსათი არის სამომხმარებლო კალათის დიდი ნაწილი, საშუალო ქართული ოჯახის ხარჯის ნახევარი მაინც მოდის სურსათზე. ესე იფი, ამ ადამიანებს რჩებათ ნაკლები ფული შემდეგ სხვა საქმეებზე, მილიონი ხარჯია ცხოვრებაში. შესაბამისად, ეს თავისთავად არის პრობლემა, – ამბობს გიორგი კეპულაძე. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights