გერმანიაში სეზონურ, დროებით სამუშაოებზე დასაქმების მიზნით 2022 წელს საქართველოს 18 მოქალაქე გაემგზავრა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ დასაქმების სააგენტოში განუცხადეს, 2021 წლის 14 აპრილიდან, ამ პროგრამის ამოქმედებიდან, დეკემბრის ჩათვლით, ჯამში გერმანიაში დასაქმების მიზნით 308 პირი იმყოფებოდა.
რაც შეეხება ისრაელთან დადებულ შეთანხმებას, ამჟამად შერჩევის პროცესში არის საქართველოს 60 მოქალაქის განაცხადი, რომელთა თაობაზე, ქართული მხარე ისრაელის სახელმწიფოს მხრიდან მათი დასაქმების შესახებ გადაწყვეტილებას გადაწყვეტილებას ელოდება.
„ამჟამად შრომითი მიგრაციის შესახებ ხელშეკრულება/შეთანხმება გაფორმებული და ძალაში შესული არის 4 პარტნიორ ქვეყანასთან, კერძოდ: ისრაელის სახელმწიფოსთან, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან, საფრანგეთსა და ბულგარეთთან.
„ისრაელის სახელმწიფოში შრომის ბაზრის კონკრეტულ სექტორებში საქართველოს მოქალაქეების დროებითი დასაქმების შესახებ“ შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეების ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზე დასაქმებას. მხარეებს შორის ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირთა შერჩევის პროცესი, ვინაიდან აღნიშნული შეთანხმება ითვალისწინებს შერჩევის რამდენიმე ეტაპიან საფეხურს. შესაბამის ელექტრონულ პორტალზე ისრაელის სახელმწიფოში ზემოხსენებული შეთანხმების ფარგლებში დასაქმების სურვილით რეგისტრაცია გაიარა 1 582-მა პირმა თუმცა, სამწუხაროდ, მათი აბსოლუტური უმრავლესობა ვერ აკმაყოფილებდა ისრაელის სახელმწიფოს მხრიდან მოთხოვნილი, კონკრეტული სპეციალობის დამდასტურებელი დოკუმენტის წარდგენის კრიტერიუმს. ამჟამად შერჩევის პროცესში არის საქართველოს 60 მოქალაქის განაცხადი, რომელთა თაობაზე, ქართული მხარე ელოდება ისრაელის სახელმწიფოს მხრიდან გადაწყვეტილებას მათი დასაქმების შესახებ. პარალელურად მიმდინარეობს თანამშრომლობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, პროფესიულ კოლეჯებთან, რათა საქართველოს იმ მოქალაქეებმა, რომელთაც სურთ ისარგებლონ აღნიშნული შეთანხმებით, მიიღონ შესაბამისი კვალიფიკაცია და სათანადოდ დამადასტურებელი დოკუმენტიც. „საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციისათვის“ ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 2013 წლის 12 ნოემბერს. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორ ქვეყანასთან თანამშრომლობით, უახლოეს მომავალში გეგმავს ზემოხსენებული შეთანხმების პრაქტიკული იმპლემენტაციისათვის უფრო პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმას, თუმცა შეთანხმების ფარგლებში, დღეის მდგომარეობითაც არის შესაძლებელი, რომ კონკრეტული, ხელშეკრულებით გაწერილი პროფესიის მქონე პირი დასაქმდეს საფრანგეთში გამარტივებული პროცედურებით.
ბულგარეთის რესპუბლიკასთან შეთანხმებას კი ხელი მოეწერა 2019 წლის 30 სექტემბერს ხოლო მისი საიმპლემენტაციო პროტოკოლი მხარეთა მიერ გაფორმდა 2021 წლის 30 ნოემბერს. ამ ეტაპზე მხარეებს შორის მიმდინარეობს მუშაობა ხსენებული შეთანხმების განხორციელებისათვის, შესაბამისი ოქმით გათვალისწინებული ტექნიკური პროცედურების შემუშავების კუთხით, რაც გულისხმობს სხვადასხვა პროცედურული დოკუმენტების, საკოორდინაციო კომისიის შექმნასა და სხვა დეტალებს,“- განაცხადეს დასაქმების სააგენტოში.