„ამერიკამ თავისუფლების ჩირაღდანი დაკარგა. უკრაინამ ის აიტაცა. შეხვდით თავისუფალი სამყაროს ახალ ლიდერს,“ – წერს The New York Times-ის კოლუმნისტი დევიდ ფრენჩი.


საოცარი რამ მოხდა მსოფლიო ბრძოლის ველებზე. უკრაინა – ერი, რომელიც რამდენიმე დღეში უნდა დაშლილიყო რუსეთის შეჭრის შემდეგ – რუსეთი ჩიხში შეიყვანა და დასავლეთისთვის, მათ შორის ირანთან ომში, შეუცვლელ პარტნიორად იქცა.

ახლა პრეზიდენტი ზელენსკი გადადის შემდეგ ნაბიჯზე, რომელიც 2024 წელსაც კი წარმოუდგენელი ჩანდა: სიტყვითა და საქმით აჩვენებს ევროპას და მსოფლიოს, როგორ უნდა შეინარჩუნოს პოსტამერიკულმა თავისუფალმა სამყარომ დამოუკიდებლობა.

უკრაინაზე როგორც აუტსაიდერზე ფიქრი აღარ არის სწორი. ის დამოუკიდებელ ძალად იქცევა. გადარჩენის ომის დროსაც კი აფორმებს თავდაცვით შეთანხმებებს სპარსეთის ყურის ქვეყნებთან და აშშ-სთან* – და უკვე თავადაც აწვდის სამხედრო დახმარებას.

2025 წლის თებერვალში ტრამპი ზელენსკის ოვალურ კაბინეტში დასცინოდა:
თქვენ არ გაქვთ “კარტები“.
2026 წლის აპრილში კი უკრაინას იმდენი “კარტი” აქვს, რომ სხვებსაც უზიარებს.

შესაძლოა ბევრ მკითხველს გაუჭირდეს ამის გააზრება ჩვენი ქვეყნის ხანგრძლივი სამხედრო უპირატესობის ფონზე, მაგრამ დასავლეთში ყველაზე დიდი სახმელეთო არმია ახლა, ალბათ, უკრაინულია.

სწრაფი ცვლილებები მხოლოდ უკრაინაში არ ხდება. საფრანგეთი ზრდის ბირთვულ არსენალს და თავდაცვით ხარჯებს. ასევე ცვლის სამხედრო დოქტრინას, რათა გამოიყენოს საჰაერო ბაზირების ბირთვული იარაღი ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

აი, მაგალითად, გასულ კვირას – ნატომ გადაწყვიტა, რომ მოძველებული ამერიკული შორი რადიოლოკაციური აღმოჩენისა და მართვის თვითმფრინავები ჩაანაცვლოს შვედური SAAB-ისა და კანადური Bombardier-ის ახალი მოდელებით.

ზოგი მკითხველი იტყვის: და რა, ევროპამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავდაცვაზე. მაგრამ დიდი განსხვავებაა მოკავშირეთა წვლილის გაზრდასა და სამხედრო ალტერნატივის ძიებას შორის, რათა ჩაანაცვლონ ამერიკა, რომელსაც აღარ ენდობიან.

არ ვფიქრობ, რომ ამერიკელები სრულად აცნობიერებენ ტრამპის “გამარჯვებების” და ჩავარდნების ფასს. თუ მოკავშირეს შეჭრით ემუქრები, არა მხოლოდ ალიანსს უქმნი საფრთხეს, არამედ მოკავშირეებს სასიკვდილო მტრებად აქცევ. თანაც შეიძლება გამოიწვიო ძალაუფლებისთვის ბრძოლის ქაოსი, რომელმაც პირველი მსოფლიო ომი მოიტანა.

ძნელია გაიგო, როგორ უწყობს ხელს მოკავშირეთა გაღიზიანება America First-ს. სამხედრო სარგებელი ამაში არ არის. ირანთან ომი რომ დავიწყეთ, ევროპელებთან კონსულტაციის გარეშე, დავკარგეთ მათი გამანადგურებლების, ფრეგატებისა და ფრანგული ავიამზიდის პოტენციური მხარდაჭერა.

ფინანსური სარგებელიც არ არის. მოკავშირეებთან ურთიერთობის დანგრევით ვერ დაეყრდნობი მათ დახმარებას, რაც ნიშნავს, რომ საკუთარი თავდაცვითი ხარჯები უნდა გაზარდო.

ხოლო ევროპის და აშშ-ს ურთიერთობის გახლეჩის მთავარი ბენეფიციარი – ჩინეთია. პარასკევს ფარიდ ზაქარია (The Washington Post-ის კოლუმნისტი) ციტირებდა ჩინელ ბიზნესმენს, რომელმაც თქვა:
„ჩვენთვის ტრამპის თავდასხმა ირანზე ნაკლებ შედეგს მოიტანს, ვიდრე მისი მუქარა გრენლანდიაზე თავდასხმის შესახებ.“

25.02.2022 ზელენსკიმ ჩაწერა ცნობილი ვიდეო: „ყველანი აქ ვართ“. მე უკრაინაში ვიყავი 2023-ში, ვესაუბრე სამხედროებს. მათ თქვეს, რომ ამ მიმართვამ ელექტროშოკივით იმოქმედა ყველაზე. იმ მომენტიდან მიხვდნენ, რომ არ დანებდებოდნენ. უკან მოხედვისას ამ გადაწყვეტილებამ არა მხოლოდ უკრაინის ისტორია შეცვალა, მისი შედეგები მთელ პლანეტაზე ვრცელდება.

05.11.2024 ტრამპი დაბრუნდა თეთრ სახლში. ახლა უკვე ნათელია, რომ მისი მეორე ვადა ამერიკულ ალიანსებს თაობებზე ავნებს. და იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკელებმა ნახეს, როგორ იქცეოდა ტრამპი პირველ ვადაში და მაინც დაუბრუნეს ხელისუფლება, ევროპელებს შეუძლიათ სამართლიანი დასკვნა გამოიტანონ: საქმე მხოლოდ ტრამპში არ არის. საქმეა ამერიკელთა კრიტიკულ მასაშია.

ამერიკა სწრაფად ტოვებს თავისუფალი სამყაროს ლიდერის როლს. შეუძლებელია ერთდროულად უხელმძღვანელო თავისუფალ სამყაროს და მასვე ემუქრებოდე.

პირველად ჩემს ზრდასრულ ცხოვრებაში ლიბერალური დემოკრატიების მორალური და სტრატეგიული გული აღარ ძგერს ვაშინგტონში. აღარ ძგერს არც ლონდონში, პარიზში, ბერლინში ან ოტავაში. ის ძგერს კიევში, სადაც მათმა მამაცმა ლიდერმა და მამაცმა ხალხმა აიტაცა თავისუფლების ჩირაღდანი, რომელიც ამერიკამ დაკარგა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: