გურიის მოამბე

“პუტინი ფიქრობდა, რომ დროს იყენებდა. სინამდვილეში კი დრო იყენებს მას”

პუტინი ფიქრობდა, რომ დროს იყენებდა. სინამდვილეში კი დრო იყენებს მას.
ზელენსკის ღია წერილი პუტინისადმი, ერთი შეხედვით, მოლაპარაკებებზეა.
სინამდვილეში კი ეს წერილი დროზეა.
დიქტატორებს ყველაზე მეტად დროის ეშინიათ, თუმცა ყოველთვის ჰგონიათ, რომ სწორედ დრო მუშაობს მათ სასარგებლოდ. ყველა ვადითაა, თავად კი უვადოა. ყველა იცვლება, თავად კი რჩება. და ბოლოს, გამარჯვებასაც დრო მიიტანს და მის ფეხებთან დადებს.
პუტინიც ასე ფიქრობდა. რომ უკრაინა დაიღლებოდა, დასავლეთი გაიყოფოდა, ამერიკა სხვა საქმით დაკავდებოდა და ისტორია საბოლოოდ მის მხარეს აღმოჩნდებოდა.
ზელენსკის წერილის მთავარი აზრი კი სწორედ ესაა:
პუტინი დღემდე დროს ეთამაშება. სინამდვილეში კი ახლა დრო ეთამაშება მას.
ყოველი ახალი წელი ამ ომში უკრაინას უფრო გამოცდილს, ძლიერს და ტექნოლოგიურს ხდის, ხოლო რუსეთს – უფრო გამოფიტულს – ძვირადღირებული ომის ტყვედ ქცეულს.
ამ წერილს, ალბათ, კიდევ ბევრი შრე აქვს, რომელსაც დრო და ისტორია გამოაჩენს.
დღეს კი მთავარი სხვა რამეა – შეჩერდეს სიკვდილისა და ნგრევის მანქანა და დასრულდეს ომი
რუსეთმა ვერ მოიგო, შესაბამისად ის აგებს. უკრაინამ არ წააგო, შესაბამისად, ის იგებს!
ცნობისათვის;

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინის მიმართა ღია წერილით, რომელშიც მას მოუწოდებს შეწყვიტოს ომი და დაიწყოს პირდაპირი მოლაპარაკებები. ზელენსკი გამოდის წინადადებით შეხვედრა გაიმართოს პიდაპირი ფორმით, ნეიტრალურ ტერიტორიაზე, აშშ-ის და ევროპის ქვეყნების მონაწილეობით.

“არ შეგეშინდეთ ომიდან გასვლის – ესაა მთავარი, რაც ახლა თქვენგან საჭიროა” – წერს ზელენსკი.

წერილში იგი ომზე პასუხისმგებლობას აკისრებს პირადად პუტინს და აცხადებს, რომ კონფლიქტი იყო მისი შეგნებული არჩევანი. “რასაც უნდა ამბობდეთ ნატოზე, გეოპოლიტიკასა და რუსულ ენაზე, ეს ომი არის თქვენი პირადი არჩევანი – ომი რეალური მიზეზის გარეშე”, წერს უკრაინის პრეზიდენტი.

ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთის საზოგადოება სულ უფრო მეტად იღლება ომის შედეგებით. მისი თქმით, რუსეთის ხალხს “არ მოსწონს ჩვენი დრონები და რაკეტები”, “არ მოსწონს ბენზინის დეფიციტი და ფასების მუდმივი ზრდა”, ასევე “არ მოსწონს, რომ თქვენს ომს ბოლო არ უჩანს”.

უკრაინის პრეზიდენტი წერს, რომ რუსეთს დიდი დანაკარგები აქვს ფრონტზე. “გუშინ ჩავიბარე ანგარიში ფრონტზე თქვენი არმიის დანაკარგების შესახებ, უკრაინაში, მაისის თვეში. ის კვლავ აჭარბებს 30 ათას მოკლულ და მძიმედ დაჭრილ რუსს” – ამბობს ის.

ზელენსკი გამოვიდა კიევსა და მოსკოვს შორის პირდაპირი მოლაპარაკების დაწყების წინადადებით. მისი თქმით, შეხვედრა შესაძლოა გაიმართოს შვეიცარიაში, თურქეთში, ან რომელიმე არაბულ სახელმწიფოში.

“უკრაინა გთავაზობთ ომის დასრულებას, ჩვენსა და თქვენს შორის ფორმატში. მე თქვენ შეხვედრას გთავაზობთ. სწორედ ლიდერები გადაწყვეტენ საკვანძო საკითხებს – ეს ასე იყო ყოველთვის”, ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.

პირველი ნაბიჯის სახით ზელენსკი გამოდის წინადადებით მოლაპარაკებების მიმდინარეობისას ცეცხლი სრულად შეწყდეს, ჩატარდეს პატიმრების გაცვლა ფორმატით “ყველა-ყველაზე”, და დაბრუნდნენ ის სამოქალაქო პირები და ბავშვები, რომლებიც ომის მიმდინარეობისას იქნენ გაყვანილი.

“საჭიროა განისაზღვროს როგორი იქნება მომავალი უკრაინელების და რუსების ყველა შემდგომი თაობისთვის” – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.

“საკმარისია ომი. უკრაინა გთავაზობთ ამ ომის დასრულებას. საჭიროა ეს გაკეთდეს კეთილსინდისიერად, ღირსეულად და გარანტიით, რომ აღარ იქნება ომის ახალი გაჩაღება” – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მიმართვის ბოლო ნაწილში ზელენსკი გამოდის გაფრთხილებით, რომ მოლაპარაკებაზე უარის შემთხვევაში უკრაინა გააგრძელებს წინააღმდეგობას, მოკავშირეთა დახმარებით. “თუკი თქვენ პირადად არ გაიზიარებთ მოსაზრებას, რომ ამ ომის დასრულების დროა, უკრაინა გააგრძელებს ბრძოლას თავისი არსებობისთვის” – ნათქვამია წერილში.

კრემლს ჯერჯერობით პასუხი არ გაუცია ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვაზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights