ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ATP250 კატეგორიის ტურნირის ტრიუმფატორი გახდა. ფინალში მან ორ სეტში ისე მოუგო ესპანელ რობერტო ბაუტისტა-აგუტს, რომ ერთი ბრეიკ-პოინტის შანსიც არ მისცა მას – 7:6(5), 6:2. მატჩი საათი და 30 წუთი გაგრძელდა.
პირველი სეტი ჩოგბურთელებმა ისე გაიარეს, რომ ერთ ბრეიკ-პოინტამდეც ვერ მივიდნენ და ყველაზე ლოგიკური იყო ამ პარტიის ბედის ტაი-ბრეიკზე გარკვევა. მე-13 გეიმში მეტოქეებს მოწოდება გაუფუჭდათ და პირველ ექვს გათამაშებაში ექვსი მინი-ბრეიკი დაფიქსირდა. 3:3-ზე ბასილაშვილმა ზედიზედ ორი ქულის აღება და დაწინაურება მოახერხა. ესპანელის დიდი მცდელობის მიუხედავად, მან მეტოქის დაწევა ვერ შეძლო და ტაი-ბრეიკი 5:7 წააგო.
პირველ სეტში ბასილაშვილმა ორი ეისი ჩააწოდა და ერთი ორმაგი შეცდომა დაუშვა, საკუთარ გეიმებში კი ჯამში მხოლოდ 11 ქულა დათმო.
ტურნირის დასრულების დროს, ნიკოლოზ ბასილაშვილმა გულშემატივრებს მადლობა გადაუხადა. მან ასევე მიმართა შვილს ლუკას ბასილაშვილს, რომლის ნახვის უფლებასა, ყოფილი მეუღლე ნელი დოროყაშვილი არ აძლევს.
“ლუკას მამიკო, მინდა დაიმახსოვრო რომ შენ ხარ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი. მიყვარხარ და მენატრები. ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს საქართველოში, დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის” – განაცხადა ბასილაშვილმა.