ჩვენ მოვისმინეთ ევროკავშირის უმაღლესი პირების შეფასებები ჩვენს არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც მათი შეფასებით, არის, რა თქმა უნდა, თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტულ პირობებში ჩატარებული. აქედან გამომდინარე, მინდა ვთქვა, რომ არავითარი საფუძველი არ არსებობს ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისის,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე ბრიუსელში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.
პრემიერმა ყველა მხარეს მოუწოდა, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდეს კონსტრუქციული დიალოგის ფარგლებში გამოსავლის მოძებნა იმისთვის, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას და გაგრძელდეს ისეთ დიდ გამოწვევებზე კონცენტრირება, როგორიც არის კოვიდპანდემია, უმუშევრობა და ოკუპაცია.
„მე მინდა კიდევ ერთხელ შევაჯამოთ ჩვენი ვიზიტი ბრიუსელში. მოგეხსენებათ, ჩვენ გავმართეთ ძალიან წარმატებული ვიზიტი, გვქონდა უმაღლესი შეხვედრები, როგორც ევროკავშირში, ისე ნატო-ში. მოგეხსენებათ ისიც, რომ ჩვენ გვქონდა ძალიან წარმატებული განხილვა ყველა იმ რეფორმის, იმ პროგრესის, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ ყველამ ერთად. უნდა აღინიშნოს, რომ ეს რეფორმა, ეს პროგრესი, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ, არის ყველას მიერ აღიარებული, ამიტომ მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ და ყველა საჯარო მოხელეს, რომელიც არის ჩართული ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესში.
ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მოვისმინეთ უმაღლესი წარმომადგენლის, ვიცე- პრეზიდენტის ბორელის შეფასება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური რეალობის და სიტუაციის, ასევე, ჩვენ მოვისმინეთ მათი შეფასებები ჩვენს არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც მათი შეფასებით არის, რა თქმა უნდა, თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტულ პირობებში ჩატარებული, აქედან გამომდინარე, მე მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ არავითარი საფუძველი არ არსეობს ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისის, შესაბამისად, მე მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველა მხარეს, რომ ჩვენ მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლოთ კონსტრუქციული დიალოგის ფარგლებში გამოსავლის მოძებნა იმისთვის, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას და გავაგრძელოთ ისეთ დიდ გამოწვევებზე კონცენტრირება, როგორიც არის კოვიდპანდემია, ეკონომიკური პრობლემები ქვეყანაში, უმუშევრობა, ოკუპაცია და ა.შ. მითუმეტეს, რეგიონში გართულებული უსაფრთხოების გარემოს ფონზე.
იმედი მაქვს, რომ ოპოზიციის კონსტრუქციული ნაწილი მიიღებს გონივრულ სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს ამ დღეების განმავლობაში. ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზაობას იმისთვის, რომ გავაგრძელოთ კონსტრუქციული დიალოგი და რაც შეიძლება მოკლე დროში მივიღოთ შესაბამისი შეთანხმება,“- განაცხადა ღარიბაშვილმა.